Thumbnail
  • NBA-ში რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • ქართველი ცენტრის გუნდი სტუმრად შარლოტ ჰორნეტსთან დამარცხდა
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ლებრონის სამმაგი დუბლით ნიუ ორლეანს აჯობა
  • აღმოსავლეთის ლიდერ ტორონტოს კავაი ლეონარდმა კლივლენდთან მოაგებინა  

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი შარლოტ ჰორნეტსთან სტუმრად ჩაატარა და ანგარიშით 98:86 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია სტუმრად შარლოტში

ქართველი ცენტრის გუნდისთვის ეს ჩემპიონატში ჩატარებული 30-ე შეხვედრაა, რომელსაც მოგება-წაგებათა რაოდენობა ერთნაირი აქვს - 15-15.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ჰორნეტსის ფორვარდი მარვინ უილიამსი გახდა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. კემბი უოკერის ანგარიშზე კი 22 ქულა იყო. დეტროიტში საუკეთესო მექულე ბლეიკ გრიფინი (23) გახდა, ანდრე დრამონდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (17 ქულა, 16 მოხსნა).

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე ხუთი წუთიც არ გაატარა (4:44), რა დროშიც 2 ქულა და თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა არცთუ კარგად ისროლა - თამაშიდან 3-ჯერ ტყორცნა და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო, კიდევ ორი საჯარიმო კი ვერ გამოიყენა.

ზაზას ეფექტური პასი

პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 დეკემბერს, შინ ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებს, რომლის ღირსებას ზაზა ფაჩულია 2005-2013 წლებში იცავდა.

მორიგი, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა აღმოსავლეთის ლიდერმა ტორონტო რეპტორსმა (25-9), რომელმაც საკუთარ არენაზე კლივლენდ კავალიერსს (8-25) 126:110 მოუგო.

მასპინძლებს, რომლებსაც ტრავმების გამო კაილ ლოური და იონას ვალანჩუნასი აკლდნენ, კავაი ლეონარდმა ულიდერმა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო, ორმაგი დუბლით კი პასკალ სიაკამი დაეხმარათ (15 ქულა, 10 მოხსნა). კლივლენდში 20 ქულით ჯორდან კლარკსონი გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი ლარი ნენსმა მიითვალა (16 ქულა, 12 მოხსნა).

ზედიზედ წაგებული ორი მატჩის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც "სიეტლ ცენტრში" ნიუ ორლეან პელიკანსს სძლია - 112:104.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ენტონი დევისი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 20 მოხსნა, 5 პასი და დაფარება მიითვალა, მაგრამ პელიკანსს მაინც ვერ უშველა. საპირისპირო მხარეს კი სამმაგი დუბლით გამოირჩა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 22 ქულას 14 პასი და 12 მოხსნა დაუმატა. 

ლებრონის გუნდი, 19 მოგებითა და 13 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 24 დეკემბერს, ისევ შინ, მემფის გრიზლისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები