Thumbnail
  • ბითაძის ტრანსფერის დადებითი მხარეები
  • ბითაძის ტრანსფერის რისკები
ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

20 დეკემბერს მოულოდნელი ტრანსფერი განხორციელდა - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კალათბურთელი, გოგა ბითაძე იჯარით სერბული მეგა ბიმაქსიდან მონტენეგროს ბუდუჩნოსტში გადავიდა.

აწინააღმდეგო მიმართულებით - ბუდუჩნოსტმა მეგა ბიმაქსს ზორან ნიკოლიჩი დაუთმო.

გოგას ტრანსფერი მოულოდნელი იყო, მაგრამ, რომ დავუფიქრდეთ, საკმაოდ ლოგიკურიც იყო, როგორც კალათბურთელის მხრიდან, ასევე ალბათ, ორივე კლუბის მხრიდანაც. 

ბენეფიტები

გოგა ბუდუჩნოსტშიც 11 ნომრით ითამაშებს

როგორც თითქმის ყველა ქმედებას აქვს დადებითი და უარყოფითი, ასევეა ნებისმიერი ტრანსფერიც სპორტში. გოგა ბითაძეს სეზონის ბოლომდე პოდგორიცას გუნდში იქნება. ვნახოთ, რატომ სჯობდა ამ ტრანსფერის განხორციელება. 

► გოგა ბითაძეს, საკალათბურთო ექსპერტების საერთო მოსაზრებით, 2019 წლის NBA-ს დრაფტზე აიყვანენ. მეტიც, მას უკვე I წრეში აყვანას უწინასწარმეტყველებენ, რაც გარანტირებულ მსუყე კონტრაქტს გულისხმობს. მეგა ბიმაქსი ადრიატიკის ლიგაში თამაშობს, ხოლო ბუდუჩნოსტი თამაშობს, როგორც ადრიატიკის ლიგაზე, ასევე ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირში - ევროლიგაზე. გოგა სეზონის ბოლომდე მუდმივად NBA-ს სკაუტების წინაშე იქნება. 

► 19 წლის კალათბურთელმა უკვე დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, თუმცა ეს ძირითადად ეროვნულ ნაკრებში შეძლო. ადრიატიკის ლიგა მაინც მეორეხარისხოვანი ტურნირია. ბევრი ამბობს, რომ გოგა ამით საკუთარ შესაძლებლობებს NBA-ში გამგზავრებამდე საკმაოდ მაღალ დონეზე "დატესტავს" და ეს ასეც არის. ევროლიგაში თავის გამოჩენა უკვე ბევრს ნიშნავს. ბუდუჩნოსტი კი ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა - გუნდი ადრიატიკის ლიგაში მეორე ადგილზეა, მაგრამ ევროლიგაში მხოლოდ 3 მოგება აქვს და ბოლოსწინაა. ახალგაზრდა ქართველს სწორედ ასეთ გუნდში, ევროლიგის აუტსაიდერში ექნება მეტი შანსი, ვიდრე დავუშვათ ფენერბაჰჩეში, რეალში ან ცსკა-ში.

გოგა ბუდუჩნოსტის წინააღმდეგ

► გოგაც შესანიშნავი შენაძენია ბუდუჩნოსტისთვის - მონტენეგროელები იღებენ ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ტალანტს. გუნდი გარანტირებულად ძლიერდება (დღეს გოგას გარდა მათ ამერიკელი ჯეიმს ბელი აიყვანეს ცედევიტადან). ბუდუჩნოსტი ბოლოსწინაა, მაგრამ უშანსოდ სულაც არ არის, რადგან პლეი ოფის ზონას მხოლოდ 3 მოგება აშორებს. 

► 2021 წლის ევრობასკეტისთვის გოგა ეროვნულ გუნდში ჩამოყალიბებულ ლიდერად გვეყოლება, რომელსაც ევროლიგისა და, იმედია, NBA-ს გამოცდილება ექნება დაგროვილი. ასეთი ბითაძე კი ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეებისთვის მრისხანე ძალა იქნება. 

► ბუდუჩნოსტის მწვრთნელი 47 წლის სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ციკიჩია, რომელსაც მინესოტაშიც უმუშავია (ასისტენტად). ის იყო ოლიმპიას, კრკას, ლიეტუვას რიტასის, პარტიზანის და სხვათა მწვრთნელი, ასევე მაკედონიის ნაკრების. წელს მან ბუდუჩნოსტს ადრიატიკის ლიგა მოაგებინა. ციკიჩი ძალიან ძლიერი სპეციალისტია, მის ხელში კალათბურთელს პროფესიული ზრდის შესანიშნავი შანსი აქვს. 

რისკები

ნებისმიერი ტრანსფერი რისკია, ასეა გოგას ტრანსფერიც მონტენეგროს კლუბში. ისინი საკმაოდაა და კალათბურთელს მათზე ყურადღების გამახვილება მოუწევს. 

სატსარტო 5-ეულში ადგილი ალენ ომიჩს უნდა მოუგოს

► ახალ თანაგუნდელებთან შეგუება და შეთამაშება უმალ არ ხდება, ამას დრო სჭირდება, გოგამ კი ახლავე უნდა გამოიჩინოს თავი ევროლიგაზე. მეგა ბიმაქსში ყველა ბითაძეზე "თამაშობდა", ახალ გუნდში კი ასე არ იქნება.

► მეგა ბიმაქსში გოგა შეუცვლელი იყო, მას მხოლოდ რამდენიმე წუთით ასვენებდნენ, ან სკამზე მაშინ სვამდნენ, როცა ადრიან ფოლებს იღებდა. ბუდუჩნოსტს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. ერთი ცხადია, მას სათამაშო დრო შეუმცირდება და, ალბათ, სტატისტიკაც გაუუარესდება (ახლანდელი სტატისტიკა - 27.9 წუთი: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 2.5 ბლოკი). სასტარტო ხუთეულში მოხვედრისთვისაც ბრძოლა ელის, რადგან აქ ალენ ომიჩი თამაშობს. 216 სმ. სიმაღლის სლოვენიელი ცენტრი, რომელსაც ერთ დროს კარიერის NBA-ში გაგრძელებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მართალია, ეს არ მოხერხდა, მაგრამ 26 წლის კალათბურთელი მაინც ძლიერი ცენტრია - ის 2018 წლის სერბეთის ლიგის ოთხთა ფინალის MVP გახლავთ. 

► ჩათვალეთ, რომ გოგა ამ შესარჩევ ციკლში (მსოფლიოს საკვალიფიკაციო) ნაკრებში ვეღარ დაგვეხმარება, რადგან ჯერ ერთხელაც ვერ მოვახერხეთ, რომ ევროლიგის რომელიმე კლუბს ქართველი ლეგიონერი ნაკრებში საკვალიფიკაციოს მატჩებისთვის გამოეშვა (ზოგიერთი ნაკრები ამას ახერხებს). არადა, ეროვნულ გუნდს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი. 

დასკვნა

რისკების მიუხედავად, ეს ტრანსფერი გოგასთვის ნამდვილი გამოწვევაა - მას შესანიშნავი შანსი ეძლევა, თავი ევროლიგაზე გამოიჩინოს და NBA-ს დრაფტზე მაღალი ნომრით მოხვდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები