Thumbnail

ლებრონის დიეტა - არავითარი შემწვარი და სმარტფონი, კარგი ღვინო და ბევრი ძილი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სასარგებლო რჩევები NBA-ს ვარსკვლავისა და მისი პირადი მწვრთნელისგან
  • როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას ლეიკერსის 33 წლის კალათბურთელი  

ლებრონ ჯეიმსისთვის ეს NBA-ში მე-16 სეზონია. იმ კალათბურთელებმა, რომლებმაც თამაში მასთან ერთად დაიწყეს, ან უკვე დაასრულეს კარიერა, ან ასრულებენ. ჯეიმსი კი ლიგის ყველაზე გლამურული ფრანშიზის მთავარი სახე გახდა და საშუალო სტატისტიკით 28+7+7 ცდილობს, მას გოლდენ სტეიტთან გაამარჯვებინოს. 33 წლის "მეფეს" ყველაფერი წესრიგში აქვს და ეს არამხოლოდ თავად კალათბურთელის, აღდგენის საკითხში მისი პირადი მწვრთნელის მაიკ მანსიასის დამსახურებაცაა.

მაიკი ჯეიმსის გარემოცვიდან ყველაზე ჩრდილში მყოფი კაცია, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე საჭირო. იმდენად, რომ ლებრონი მასთან უკვე 14 წელიწადია მუშაობს. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა თავის მწვრთნელთან ერთად კომანია Ladder დააფუძნა, რომელიც პირველ ეტაპზე პროტეინის ფხვნილებს აწარმოებს, მოგვიანებით კი - ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებსაც. კომპანიის წარმატებისთვის მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი, მოდელი სინდი კროუფორდი და სამთომოთხილამურე ლინდსი ვონიც ზრუნავენ, რომლებიც რეკლამირებას წილის სანაცვლოდ ეწევიან.
  
Ladder-ის დაარსების იდეა მაიკს NBA-ს 2014 წლის ფინალის დროს გაუჩნდა, რომელშიც ერთმანეთს მაიამი და სან ანტონიო ხვდებოდნენ. პირველ მატჩში ჯეიმსს კუნთი გაეჭიმა და მოედანი დატოვა. კალათბურთელმა ეს დარბაზში მაღალ ტემპერატურას დააბრალა. მანსიასმაც უმალ დაასკვნა, რომ ლებრონის ორგანიზმს აკლდა სასარგებლო ნივთიერებები, რომელიც გარე ფაქტორებისადმი მის გამძლეობას აამაღლებდა.

33 წლის ლებრონ ჯეიმსი მშვენიერ ფორმაშია

მაიკ მანსიასმა და ლებრონ ჯეიმსმა ახსნეს, თუ როგორ ახერხებს ლეიკერსის ფორვარდი სათანადო ფორმის შენარჩუნებას.

ლებრონი და კვება

ჯეიმსმა პორტლენდთან თამაშის წინ თავისი რაციონი აღწერა. ამ მატჩში მან, NBA-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში უილტ ჩემბერლენის გადასწრება და მეხუთე ადგილზე ანაცვლება მოახერხა.

► საუზმე: ომლეტი 8 კვერცხით, ორაგული და ნამცხვარი კენკრით.
► სადილი: სპაგეტი, ორაგული და ბოსტნეული.
► თამაშის წინ: პური, არაქისის კარაქი.
► შესვენებაზე: ვაშლი.
► თამაშის შემდეგ: პროტეინის კოქტეილი.
► ვახშამი: ქათმის მკერდი სალათით და ღვინო.

ჩამონათვალში ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ღვინოა. ლებრონს "ღმერთების სასმლის" უდიდესი კოლექცია ჰქონია, საყვარელი მარკების ჩამოსათვლელად კი, როგორც ამბობს, მთელი დღე არ ეყოფა.

კალათბურთელი განსაკუთრებულ ყურადღებას მატჩების დროს კვებას უთმობს.

"ვცდილობ, თამაშის დასრულებისთანავე დიდი დოზით პროტეინი არ მივცე, - ყვება მაიკი. - რადგან ლებრონი ამ დროს ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია ხოლმე. ვარჯიშისა და თამაშის შემდეგ პირველ 30 წუთში ორგანიზმი "ღრუბელივით" ხდება. ისრუტავს ყველაფერს, რასაც მიაწვდი".

უცნობია, რა შედის იმ კოქტეილში, რომელსაც თამაშის შემდეგ ლებრონს აძლევენ. მსგავსი სასმელი მისი თანაგუნდელის რაჟონ რონდოს რაციონშიცაა, რომელიც 12 ინგრედიენტისგან, მათ შორის ისპანახისა და კოლაგენური პროტეინებისგან შედგენილ კოქტეილს მატჩის დიდ შესვენებაზეც იღებს.

ლებრონ ჯეიმსი კოქტეილით

სეზონის მიმდინარეობისას ლებრონი არასდროს იღებს პროდუქტს, რომელიც, მისი თქმით, "ხელოვნურ შაქარს" შეიცავს. ასევე - შემწვარს. მაიკი ამბობს, რომ განსაკუთრებული საიდუმლო მეთოდი არ აქვს, წარმატების მთავარი რეცეპტი კი კვების იმ კონცეფციის მუდმივად და მკაცრად დაცვაა, რომელიც დაადგინეს.

ლებრონი და ძილი

მაიკის აზრით, სხეული აღდგენას ყველაზე კარგად სწრაფი ძილის ფაზაში ახერხებს.  

"სპორტსმენი ხარ, ბიზნესმენი თუ ექიმი, ძილი გჭირდება. ამის გარეშე მატჩის, საქმიანი შეხვედრისა თუ ოპერაციის შემდეგ, ძალების აღდგენა შეუძლებელია", - ამბობს მაიკი, რომელიც მიიჩნევს, რომ რაც მეტი სძინავს ადამიანს, მით უკეთესი. წვრთნელი ყოველდღიურად ინტერესდება ჯიემსის ძილის ხანგრძლივობით და თუ ის რვა საათზე ნაკლებია, შუადღის ძილისთვის დამატებითი 2 საათის გამოთავისუფლებაზე იწყებს ზრუნვას.

► არ გამოიყენო ელექტრონული დივაისი დაძინებამდე ბოლო 30-40 წუთი.
► შეინარჩუნე ოთახში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსზე.
► ყველგან გათიშე სინათლე.
► იძინე 8-10 საათი. თუ ღამით ვერ ახერხებ, დღისით 2 საათი დაუმატე.

მაიკის აზრით, ყველაზე რთული პროგრამის პირველი პუნქტის შესრულებაა.

"იმისთვის, რომ ყოველგვარ დივაისს მოწყდე, დიდი ძალისხმევა გმართებს. კი ბატონო, სოცქსელებში ყველა ვართ, გვსურს მოვლენათა კურსში ვიყოთ, მაგრამ შეეცადეთ, ძილის წინ მსგავსი არაფერი გამოიყენოთ", - გვირჩევს მწვრთნელი.

ლებრონი კი ამ წესს ყოველთვის არ იცავს. ის სმარტფონს მაინც იყენებს, რთავს აპლიკაცია Calm-ს, არჩევს ტრეკს "წვიმა ფოთლებზე" და უსმენს ძილის დროს. ჯეიმსმა იცის, რომ კარგად გამოძინებული მაშინაა, როდესაც თვალებს მაღვიძარას გარეშე ახელს. 

"ამ დროს ვგრძნობ, რომ შემიძლია დღეს შევეჭიდო", - ამბობს ის.

კომენტარები

ბოლო ამბები