Thumbnail
  • სავარაუდოდ, პორტუგალიელი მადრიდში მომავალი წლის ზაფხულში დაბრუნდება
  • 55 წლის მწვრთნელს მადრიდული კლუბი წელიწადში 20 მილიონ ევროს შესთავაზებს 

მანჩესტერ იუნაიტედიდან ახლახან გაშვებული ჟოზე მოურინიო საეჭვოა, უსაქმოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს, მედიაში კი მის მომავალ კლუბზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 55 წლის პორტუგალიელის დაბრუნებით მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია.

El Pais-ის ცნობით, "სამეფო კლუბს" სპეციალისტთან კონტაქტი ჯერ კიდევ ოქტომბერში ჰქონდა, სადაც მადრიდში მისი დაბრუნების შესაძლობა განიხილეს, მოგვიანებით კი რეალის ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე ანხელ სანჩესმა მოურინიოს აგენტთან - ჟორჟე მენდეშთან ისაუბრა. 

იყო დრო, მოურინიო კამპ ნოუზე რეალის წარმატებას აღნიშნავდა

როგორც ირკვევა, რეალი მოურინიოსთან კონტრაქტის გაფორმებას 2019 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ აპირებს, რათა მანჩესტერ იუნაიტედისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული 5 მილიონი ევროს გადახდა თავიდან აირიდოს. რაც შეეხება მადრიდში ჟოზეს სავარაუდო ხელფასს, რეალი მზადაა მას წელიწადში 20 მილიონი ევრო, შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდი ბიუჯეტი და სატრანსფერო პოლიტიკაში სრული თავისუფლება შესთავაზოს.

რეალში მოურინიოს დაბრუნების შესაძლებლობაზე კომენტარი მადრიდული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა გააკეთა:

"პროცენტულად შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს და თანაც, საკმაოდ მაღალი. რატომ? იმიტომ, რომ პერესს უყვარს მოურინიო და მგონია, რომ ყოველთვის, როდესაც რეალში მწვრთნელი იცვლება, ფლორენტინი მას უკავშირდება", - აქვეყნებს მიატოვიჩის ნათქვამს Sport.es.

სოლარი ამბობს, რომ ჟოზეს დაბრუნებაზე ხმებს ყურადღებას არ აქცევს

რა თქმა უნდა, ჟოზეს დაბრუნების პერსპექტივაზე ხმები რეალის ამჟამინდელ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისაც აღელვებს, თუმცა არგენტინელი ცდილობს, არაფერი შეიმჩნიოს:

"როგორ უნდა მაშფოთებდეს ხმები და სპეკულაციები რეალის გარშემო? ჭორები ყოველდღე ვრცელდება, ეს ცხოვრების ნაწილია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც აქ მწვრთნელად მოსვლის პირველ დღეს და როგორც აქ ფეხბურთელად ყოფნისას. შესაბამისად, მთლიანად საქმეში ვარ ჩართული და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ", - ამბობს სოლარი.

ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ორნახევარი წლის განმავლობაში გუნდთან ერთად სამი ჯილდო მოიგო. მანამდე ის პორტუში, ჩელსიში, ინტერსა და მადრიდის რეალში მუშაობდა.

მოურინიო მადრიდის რეალში 2010-13 წლებში მუშაობდა. გუნდთან ერთად პორტუგალიელი ესპანეთის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

სანტიაგო სოლარი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად 14 ნოემბერს დაინიშნა. არგენტინელთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული.

კომენტარები

ბოლო ამბები