Thumbnail

სუპერლიგა: დინამოს სენსაციური მარცხი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მგზავრები 75:68 დინამო
  • კაკტუსი 64:61 რუსთავი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სუპერლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის დინამო მგზავრებს დაუპირისპირდა და მოულოდნელი მარცხი იწვნია. 

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე მეოთხედში კი მგზავრებმა უპირატესობა მოიპოვეს და დაწინაურდნენ. პირველი ნახევარი მგზავრებმა დიდი სხვაობით, 42:29 მოიგო.

მესამე მეოთხედში დინამოელებმა გამოასწორეს თამაში და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი იყო. გადამწყვეტ მეოთხედში მგზავრებმა გაზარდეს სხვაობა და საბოლოოდ, მეტოქე 75:68 დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაძე, რომელმაც 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აქტივში. 16-16 ქულა დააგროვეს ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ. დინამომ ჩემპიონატში მეორე მარცხი იწვნია, ხოლო მგზავრებისთვის ეს მე-4 გამარჯვებაა.

მატჩის შემდეგ, მგზავრების მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“დინამო ფავორიტია და შესაბამისად, ამ თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდით. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებული თამაშისთვის. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, თუმცა გამოჩნდა რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია მოგება”

კაკტუსმა რუსთავი დაამარცხა

დაძაბულად წარიმართა კაკტუსი-რუსთავის შეხვედრა. წინა ტურში, ქუთაისის დამარცხების შემდეგ, რუსთაველები მორიგ გამარჯვებას გეგმავდნენ, თუმცა ამჯერად მიზანს ვერ მიაღწიეს. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსმა მეტოქე 3-ქულიანი უპირატესობით, 64:61 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო იყო ტერიკ ბრიჯმენი, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აქტივში.

სატურნირო ცხრილს 23 ქულით ქუთაისი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 22 ქულით თბილისის დინამოა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები