Thumbnail

LOL | ხუთი რამ რაც Faker-ს არ მოუგია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს არასდროს მოუგია All-Star 1v1 ტურნირი
  • 2019 წელს SKT განახლებული გეგმებით და ამბიციებით ხვდება

უდავოა, რომ ლი 'Faker' სანგ-ჰიეოკი League of Legends-ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მიდის საუბარი იმაზეც, რომ ის ზოგადად ელექტრონულ სპორტში ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია. კორეელმა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო და სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. LoL-ის მოთამაშეები კი მას უბრალოდ 'ღმერთს' ეძახიან.

ასეთი შთამბეჭდავი შესავლის მიუხედავად ორიოდ კვირის წინ გამართულმა League All-Star-მა შეგვახსენა, რომ არსებობს რაღაცები, რაც Faker-საც კი არ მოუგია. მას ძალიან სურდა ერთი-ერთზე ტურნირის ტრიუმფით დასრულება, მაგრამ ჯექსონ 'Pabu' პავონესთან შეხვედრაში სერიოზული შეცდომა დაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ეს ტიტული გასაგებია, მაგრამ არსებობს კიდევ რამე, რაც კორეელს არ მოუგია? სწორედ ამის გარკვევას ვეცდებით ამ სტატიაში. 

All-Star 1v1 ტურნირი

იმისთვის, რომ ხუთამდე ავიდეთ, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ 1v1 ტურნირი. ყველამ იცის, რომ All-Star გასართობი ღონისძიებაა და მოთამაშეები ზედმეტად არ ინდომებენ. გულშემატკივრებს სანახაობა სურთ და არა იმის ყურება, თუ პირველი ვინ მოაგროვებს 100 'ქრიფ სქორს'. 

მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც Pabu-მ Faker დაამარცხა. კორეელს 'ქრიფ სქორში' დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და Pabu-მ მას ამის გამო აზღვევინა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ Pabu-მ სხვა ძლიერი მეტოქეებიც დაამარცხა და საბოლოო ჯამში ტურნირის ფინალში გავიდა.

SKT მისი ერთადერთი გუნდია

Faker-ს SKT-ს გარდა არც ერთი სხვა გუნდით არ აქვს ტიტული მოგებული. ისტორიის მანძილზე SKT გუნდის ინდივიდების გარშემო აწყობას ცდილობდა და მათი უმთავრესი ვარსკვლავი ყოველთვის ლი სანგ-ჰიეოკი იყო.

მიუხედავად ამისა, საინტერესოა იმაზე ფიქრიც მოახერხებდა თუ არა Faker მსგავსი შედეგების სხვა გუნდის შემადგენლობაში გამეორებას. მას შემდეგ, რაც TSM-მა ილიანგ 'Doublelift' პენგი გუნდიდან გააგდო, მან Team Liquid-თან ერთად ზედიზედ ორი LCS მოიგო და ყოფილ გუნდზე შური იძია.

მსგავსი რამ კორეელს არასდროს გაუკეთებია. შეძლებდა იგივეს Faker სონგ 'Smeb' კიუნგ-ჰოსთან ერთად KT Rolster-ში გადასვლის შემთხვევაში? ამას ალბათ ვერასდროს გავიგებთ.

სავარაუდოა, რომ Faker კარიერას SKT-ში დაასრულებს, მაგრამ მის სიდიადეს სხვა გუნდის სახელით მოგებული ტიტული ნამდვილად ბევრს შემატებდა.

არასდროს უთამაშია სხვა რეგიონში

2014 წლიდან უძლიერესი რეგიონი უდავოდ კორეა იყო, რაც 2018-ში ჩინეთმა დაასრულა. მუდმივად მიდის სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა რომელიმე ჩინურმა კლუბმა Faker-ს მაღალი ანაზღაურება შესთავაზოს და სუპერვარსკვლავი LPL-ში ვიხილოთ. შედეგი ძალიან საინტერესოა - მუდმივი დაპირისპირება სონგ 'Rookie' ეუი-ჯინთან, რომელმაც წელს მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამის ხილვაზე იტყოდა უარს.

ამ შემთხვევაში ის ჩო 'Mata' სე-ჰიეონგის გზას გააგრძელებდა, რომელმაც მოიგო კორეაში, ჩინეთში და შემდეგ უკან დაბრუნდა, რათა კიდევ ერთი ჩემპიონობა ეზეიმა. Mata-ს დღეს ყველა ლეგენდად მიიჩნევს და არ არის გამორიცხული ოდესმე Faker-მა მისი წარმატების გამეორება მოინდომოს.

არასდროს უთამაშია სხვა პოზიციაზე

რადგან წარმოსახვით სცენარებს განვიხილავთ, შეგვიძლია Faker სხვა პოზიციაზეც წარმოვიდგინოთ. მისი ერთ-ერთი უპირველესი მეტოქე კანგ 'Ambition' ჩან-იონგი Blaze-ს 'მიდ ლეინერი' იყო, როდესაც Faker-მა მას საუკეთესოს სტატუსი დაუვიწყარი ქმედებებით ჩამოართვა. ეს მისი პირველი მკვლელობა იყო პროფესიონალურ სცენაზე.

ამის შემდეგ Ambition 'ჯანგლში' გადავიდა, Samsung Galaxy-სთან ერთად ორჯერ მოიგო Worlds და ერთ-ერთ ფინალში სწორედ Faker-ის SKT დაამარცხა.

Faker-ს არასდროს უცდია მსგავსი რამ - მაშინაც კი, როდესაც SKT ორი 'მიდ ლეინერით' თამაშობდა და სანგ-ჰიეოკს საკმაოდ ხშირად უწევდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. თუკი ის Worlds სხვა პოზიციაზე თამაშითაც მოიგებს, Riot Games აუცილებლად მიუძღვნის ისეთივე დაუვიწყარ ვიდეოს, როგორიც Ambition-მა დაიმსახურა.

KeSPA თასი

შევთანხმდეთ, რომ ჩამონათვლის უდიდესი ნაწილი უბრალოდ წარმოსახვა და არარეალური სცენარებია, რომლებსაც სავარაუდოდ ვერასდროს ვიხილავთ, მაგრამ Faker-ს მართლა არასდროს მოუგია KeSPA თასი, ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად LCK-ის დაწყებამდე იმართება.

კორეული გუნდები ამ ტურნირს სერიოზულად არასდროს ეკიდებოდნენ, მაგრამ როგორც ვთქვით წელს განახლებულ SKT-ს სერიოზული ამბიციები აქვს და სეზონის გამარჯვებით დაწყება ძალიან უნდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული აღნიშნული ტიტული Faker-მა პირველად მოიგოს.

SKT ტურნირის საწყის ეტაპზე არ თამაშობს და პირველ შეხვედრას ხუთშაბათს ჩაატარებს. ამ მატჩების ხილვა ყველა მსურველს YouTube-ზე შეეძლება.

კომენტარები

ბოლო ამბები