Thumbnail
  • ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერში ინგლისი-იტალიის შეხვედრას განსჯის
  • მანამდე ნიკა, შოთა თევზაძესთან ერთად, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯებს
  • ქართველ მსაჯებს ამ დონის ტურნირებზე მიწვევა აქამდე არასდროს მიუღიათ

რაგბის მსაჯი ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი გახდება, ვინც ექვს ერში შეაბიჯებს. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, ამაშუკელი, შოთა თევზაძესთან ერთად, რაგბი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მატჩებსაც მოემსახურება, სადაც ტრადიციულად, "ბორჯღალოსნებიც" გამოდიან. აღსანიშნავია, რომ ქართველ მსაჯების ამ ადონის ტურნირზე  მიწვევა აქამდე არასდროს მიუღიათ.

ნიკა ამაშუკელმა 20-წლამდელთა ალაფაზე კარგი გამოცდილება მიიღო
ფოტოები: rugby.ge

პირველად ექვსი ერის სტრუქტურაში, სადაც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კაცთა, ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი გამოჩნდა და ის ქართველი მსაჯია! ელიტაში პირველმა ფეხი ნიკა ამაშუკელმა შედგა, რომელიც 9 მარტს ინგლისში, მასპინძელთა და იტალიელთა 20-წლამდე ნაკრებების მატჩში ცენტრალური მსაჯი იქნება.

"არ ველოდი ექვსი ერის თამაშზე დანიშვნას... 20-წლამდელთა ექვსი ერი ელიტის ნაწილია და ეს როგორც ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ექვსი ერი დაკეტილი საზოგადოებაა და პირველად ხდება, რომ არა ექვსი ერის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის მსაჯი, ამ ტურნირში ჩაერთვება. იქ უდიდესი კონკურენციაა, უმაღლესი დონის მსაჯები მუშაობენ და მათთან ერთად უდიდეს გამოცდილებას შევიძენ, რაც საბოლოოდ ისევ ქართულ რაგბს წაადგება".

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ნიკა ამაშუკელმა აქტიური სპორტული კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, რის შემდეგაც მსაჯის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა. ნიკამ მსაჯობა რაგბი ევროპის ყველაზე დაბალი, მესამე დივიზიონის მატჩებში დაიწყო, მომავალი წლიდან კი უკვე უმაღლეს დონეზე იმუშავებს. 

რაც შეეხება რაგბი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს, აქ ნიკა რუმინეთი-გერმანიის მატჩში მთავარი მსაჯი იქნება, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

"უდიდესი წარმატებაა, როდესაც კაცთა რაგბის ამ დონის ტურნირზე თამაშს განდობენ. გვქონდა საუბრები, რომ ამ დონეზე აუცილებლად ავიდოდით, მაგრამ არ ველოდით, ასე მალე თუ მოხდებოდა".

შოთა თევზაძე პირველი ქართველი მსაჯი იქნება, ვინც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის
ფოტოები: rugby.ge

ევროპული რაგბის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე იმსაჯებს შოთა თევზაძეც, რომელიც 9 თებერვალს ბელგია-გერმანიის დაპირისპირებას გაუძღვება.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დანიშვნა განვლილი წლების შრომის შედეგია და ამან ძალიან გამახარა. ეს საკმაოდ მაღალი დონეა. აქამდე ქართველი მსაჯებიდან ერთა თასის შეხვედრა მხოლოდ გია ამირხანაშვილმა იმსაჯა, როდესაც მსაჯებმა ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა, ოფიციალური მოწვევა კი პირველებმა მე და ნიკა ამაშუკელმა მივიღეთ.

ეს აშკარად წინ გადადგმული, დიდი ნაბიჯია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქართული რაგბისთვის. როდესაც ევროპის დონით მეორე სანაკრებო შეჯიბრზე, იქ, სადაც შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს, ორი მსაჯი გყავს, პატივისცემაც იზრდება".

კომენტარები

ბოლო ამბები