Thumbnail
  • დენვერმა დალასი 126:118 დაამარცხა
  • ნაგეთსისთვის ეს ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა
  • დალასი დირკ ნოვიცკის დაბრუნების შემდეგ ვეღარ იგებს

მესამე თამაშია, რაც დირკ ნოვიცკი დაბრუნდა და დალასმა ეს მატჩიც წააგო. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის ლიდერ დენვერ ნაგეთსთან 118:126 დამარცხდნენ. მავერიკსიდან ყველაზე მეტი ქულა ჰარისონ ბარნსის ანგარიშზეა (30), ლუკა დონჩიჩი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 23 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ დონჩიჩისთვის 12 ასისტი კარიერის საუკეთესო შედეგია. ორმაგი დუბლი შეასრულა ცენტრმა დეანდერ ჯორდანმაც (11 ქულა, 12 მოხსნა). ნოვიცკიმ 7 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

დონჩიჩისთვის 12 ასისტი კარიერის საუკეთესო შედეგია

რაც შეეხება დენვერს, რომელმაც ზედიზედ მე-7 საშინაო მატჩი მოიგო: კვლავ შესანიშნავად ითამაშა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 32 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა ჯამალ მარეიმაც - 22 ქულა, 15 პასი.

ნიკოლა იოკიჩი: 32 ქულა, 16 მოხსნა

30 თამაშის შემდეგ, დენვერს 21 მოგება და 9 წაგება აქვს - ზუსტად ასეთი შედეგი ჰქონდა დენვერს 1976/1977 წლების სეზონშიც. მაშინ ნაგეთსმა კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია, სადაც პორტლენდთან 2:4 დამარცხდა.

დალასის დამარცხების შემდეგ დენვერი დასავლეთში ლიდერობას აგრძელებს, მავერიკსი კი ზედიზედ მესამე წაგების შემდეგ პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-9 ადგილზეა. საინტერესოა, რომ მომდევნო მატჩი ორივე გუნდს ლოს ანჯელეს კლიპერსთან უწევს - ჯერ დალასს პარასკევს გამთეენისას, მერე კი დენვერს კვირას გამთეენისას.

კომენტარები

ბოლო ამბები