Thumbnail

'MLS-ში საქმე ჯერ არ დამისრულებია' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი გალაქსიში დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოს ანჯელეს გალაქსის შვედმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • 37 წლის ფეხბურთელი ირწმუნება, რომ ამერიკის დატოვებაზე არც ფიქრობდა

ლოს ანჯელეს გალაქსის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას გალაქსის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი გუნდის ღირსებას 2019 წელსაც დაიცავს.

"მოხარული ვართ ზლატანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით. მან გასულ სეზონში აჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის და მის გამოსვლას ახალ სეზონშიც მოუთმენლად ველით. სეზონისწინა სამზადისის დროს ზლატანთან ერთად ვიზრუნებთ გუნდის თამაშის გაუმჯობესებაზე", - აღნიშნა ლოს ანჯელეს გალაქსის გენერალურმა დირექტორმა დენის ტე კლოსემ.

იბრას გუნდისთვის 2018 წლის სეზონი წარუმატებელი გამოვიდა

იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელესის გუნდში 2018 წლის მარტში, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. გასულ სეზონში შვედმა ვარსკვლავმა MLS-ის 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 22 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. იბრას მომდომების მიუხედავად, ლოს ანჯელეს გალაქსიმ დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გაღწევა ვერ შეძლო.

კომენტარი თავად იბრამაც გააკეთა:

"იყო უამრავი საუბარი და ჭორი, მაგრამ მე წასვლაზე არ ვფიქრობდი. ვრჩები, რადგან MLS-ში საქმე ჯერ არ დამიმთავრებია. კარგად ვითამაშე, მაგრამ სეზონით მაინც უკმაყოფილო დავრჩი. პირველი წელიწადი მაინც მოთელვა იყო, მომდევნო სეზონი კი სულ სხვა იქნება. ახლა ლიგას და მეტოქეებს უკეთესად ვიცნობ. ისინიც მცნობენ, მაგრამ ახლა ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე მათ. უკეთესად ვიცი ჩემი გუნდიც, ვიქნები საუკეთესო ფორმაში და მეორე სეზონში ამას ყველას დავუმტკიცებ".

ამ შემოდგომით აქტიურად იწერებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

შვედ ფორვარდს ამერიკაში გადაბარგებამდე მალმიოში, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტედში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები