Thumbnail
  • მანუჩარ მარკოიშვილი დიდი ალბათობით იძულებული იქნება, კარიერა დაასრულოს
  • საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვრცელი ინტერვიუ POPSPORT.COM-თან

მანუჩარ მარკოიშვილი არის კალათბურთელი, რომლის გარეშეც საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში წარმოუდგენელი იყო. 32 წლის კაპიტანი ტრავმირებულია, დიდი ხანია ჩამოშორდა საყვარელ საქმეს და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ იცის, შეძლებს თუ არა პარკეტზე დაბრუნებას. მანუჩარმა popsport.com-თან ვრცელ ინტერვიუში წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა.

popsport: პირველ რიგში, გულშემატკივარს აინტერესებს, რა ეტაპზეა შენი საკალათბურთო კარიერა?

მარკოიშვილი: ძალიან რთულია იმ აზრების სწორად გადმოცემა, რაც ჩემ თავში ტრიალებს. შარშანდელი სეზონის შემდეგ, მუხლზე ოპერაცია გავიკეთე, ვიმკურნალე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე პარკეტზე დაბრუნება. ორი თვის წინ უნდა დამეწყო ვარჯიში, მაგრამ ტრავმა გამირთულდა და ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ვარ. ალბათ კარიერის დასრულება მომიწევს.

მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე საქართველოს ნაკრების წარმოდგენა ძნელია

popsport: ბოლო ინფორმაცია როგორია ექიმების მხრიდან?

მარკოიშვილი: ყველა ექიმს თავისი შეხედულება აქვს. ოპერაცია ვინც გამიკეთა, ამბობს, რომ მალე შევძლებ დაბრუნებას, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ძვალზეა ანთებითი პროცესები და შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენ ხანში შევძლებ დაბრუნებას. შეიძლება რაღაც ვარაუდები გქონდეს, მაგრამ რეალურად როდის გამოვჯანმრთელდები, ორ თვეში, სამ თვეში, თუ რვა თვეში, ამის გარანტიას ვერავინ მაძლევს. საქართველოს ნაკრების ექიმებთანაც მქონდა კონსულტაცია და მირჩევენ, რომ არ შეიძლება აჩქარება. ამ ეტაპზე საჭიროა ნაკლები დატვირთვა და მეტი დასვენება. კალათბურთს უკვე 6 თვეა აღარ ვთამაშობ და სადამდე მიმიყვანს ეს რეალობა, ამას დრო გვიჩვენებს. 

ორი თვის წინ უნდა დამეწყო ვარჯიში, მაგრამ გამირთულდა ტრავმა და ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ვარ

popsport: ამ გადასახედიდან როგორ აფასებ განვლილ გზას და რამდენად კმაყოფილი ხარ კარიერით?

მარკოიშვილი: ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ არ მიყვარს სააკუთარი თავის ქება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. უკან დაბრუნებაზეც მიოცნებია და ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტს ვივარჯიშებდი და უფრო მეტ დროს დავუთმობდი კალათბურთს. მჯერა, რომ უკეთ თამაში და მეტის მიღწევა შემეძლო. 

popsport: ამბობ, რომ წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს, ბევრ რამეს შეცვლიდი. შეგიძლია კონკრეტული რჩევები მისცე ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას...

მანუს ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო

მარკოიშვილი: ახალგაზრდულ წლებში მეტი უნდა მემუშავა საკუთარ თავზე, მეტი უნდა მევარჯიშა და დამეხვეწა სხვადასხვა კომპონენტები, მე კი სულ ვთამაშობდი - იქნებოდა ეს გუნდი, თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები. რა თქმა უნდა, თამაში აუცილებელია, მაგრამ ახალგაზრდულ წლებში არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა, მე კი სწორედ ეს მაკლდა. დღეს უკვე შეიცვალა სისტემა, ზაფხულში აღარ ტარდება ბევრი თამაში და მოთამაშესაც შეუძლია რომ ინდივიდუალურად მოემზადოს, საკუთარ თავზე ბევრი იმუშაოს, მინუსები პლუსებად აქციოს და ხარვეზები აღმოფხვრას. გული მწყდება, რომ გადატვირთული კალენდრის და ტრავმების გამო, ამის დრო და საშუალება არასდროს მქონია. ჩემი გზავნილი ახალგაზრდებისთვის სწორედ ესაა: რაც შეიძლება მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში განვითარდებიან და დიდი ხანი ითამაშებენ უმაღლეს დონეზე. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სპორტსმენები უკეთესები ხდებიან და განაგრძობენ განვითარებას. მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი, ან კრიშტიანო რონალდო. 

ჩემი გზავნილი ახალგაზრდებისთვის სწორედ ესაა: რაც შეიძლება მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, რაც მე ყოველთვის მაკლდა

popsport: საკლუბო კარიერას გადავავლოთ თვალი. რომელი ეტაპი გახსენდება ყველაზე კარგად?

მარკოიშვილი: ყველა ეტაპი განსაკუთრებული იყო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც იტალიურ ბენეტონში წავედი, რაც დიდი ნაბიჯი იყო. მახსოვს ის ემოციები და სიხარული. ბედნიერება იყო ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც ეტორე მესინაა და თანაგუნდელებიც ბრწყინვალე მყავდა. პირველივე წელს იტალიის ჩემპიონები გავხდით და თასი მოვიგეთ. მერე სუპერთასი მოვიგეთ და ევროლიგის ფინალში გავედით. ეს ყველაფერი ახალგაზრდულ ასაკში დამატყდა თავს, ეიფორიაში ვიყავი და მეგონა, რომ ყოველ წელს ასე იქნებოდა. თუმცა, ცხოვრებაში ასე მარტივად არაა ყველაფერი და შემდეგ დაიწყო ტრავმები, პრობლემები და ბრძოლა. იყო აღმასვლაც და დაღმასვლაც. 

popsport: ბენეტონის შემდეგ იყო გერმანია, სლოვენია, უკრაინა და ისევ იტალია, სადაც უკვე კანტუში ჩაირიცხე...

მარკოიშვილი: ოლიმპიაში და კიევში ვთამაშობდი. იყო დასანანი მარცხები, მეორე ადგილი, სეზონის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი და დიდი გამოცდილება. მინდოდა ელიტაში დავბრუნებულიყავი და საშუალო დონის იტალიურ გუნდ კანტუში ჩავირიცხე. დავიწყე ახალი ეტაპი და კანტუსთან ერთად მოვიგე იტალიის სუპერთასი. ორჯერ ვიყავით იტალიის თასის ფინალში და ვთამაშობდი ევროლიგაში. ასეთი შედეგები კანტუსგან მოულოდნელი იყო. შესანიშნავი მწვრთნელი მყავდა, ძალიან მაგარი თანაგუნდელები და ეს დროც კარგად მახსენდება. შემდეგ იყო გალათასარაი, ჩემპიონობა და ტრანსფერი ცსკა-ში. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი კარიერის მწვერვალი, რადგან უძლიერეს გუნდში მოვხვდი, მაგრამ წამოვიდა ისევ ტრავმები, გაცდენილი თამაშები და პრობლემები. მოკლედ, იყო ბევრი სიხარული, აღმასვლა და იყო რთული პერიოდებიც.

მანუჩარ მარკოიშვილს 6 თვეა, არ უვარჯიშია
ფოტოები: POPSPORT.COM

popsport: წლების განმავლობაში, საქართველოს ნაკრები წარმოუდგენელი იყო მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე. რას ნიშნავს შენთვის ეროვნული გუნდი?

მარკოიშვილი: ნაკრებზე მთელი წიგნი შეიძლება დაიწეროს, რადგან დიდი დრო, 14-15 წელი გავატარეთ ერთად რამდენიმე მოთამაშემ, ერთმა თაობამ. ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო პირველი და ყველაზე დიდი ოცნება. იყო ბევრი სიხარული და იყო ბევრი დასანანი მარცხი. გადაჭედილი სპორტის სასახლე და ემოციები, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ. მთელი კარიერის განმავლობაში, ჩემთვის ყველაზე საამაყო ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. მართალია, ტიტულები და მედლები არ მოგვიგია, მაგრამ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ყოფილიყო ევროპული კალათბურთის ელიტაში. თუნდაც ის, რომ დღეს ევროპული კლუბები ქართველი კალათბურთელების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, ამაში ჩვენი თაობის წვლილიცაა.

მანუს ორი მომენტი ევრობასკეტზე

popsport: საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდება...

მარკოიშვილი: არასდროს დამავიწყდება 2015 წლის ევრობასკეტის მერვედფინალში ლიტვასთან წაგებული მატჩი, 81:85. ბოლო წამებზე დავმარცხდით, მოგების შემთხვევაში კი ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვხვდებოდით. იქამდე, 2013 წლის ევრობასკეტზე ხორვატიასთან 76:77 წავაგეთ და ჯგუფში ჩავრჩით, რაც ასევე მწარედ მახსენდება. ასევე, იყო არაერთი შესანიშნავი გამარჯვება ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან.

ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო პირველი და ყველაზე დიდი ოცნება

popsport: გულშემატკივართა ნაწილი შიშობს, რომ ახალ თაობას გაუჭირდება მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, ზაზა ფაჩულიას და სხვა ვეტერანების სრულფასოვნად შეცვლა. შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? 

მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანები დაუვიწყარია

მარკოიშვილი: არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ჰყავს და ეყოლება ისეთი თაობა, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებს ძველ თაობას და კიდევ უკეთესად ითამაშებს. მით უმეტეს, სხვა დროა და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ბავშვთა კალათბურთს, ახალგაზრდა მოთამაშეების სწორად  აღზრდას. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ზაზას აკადემია, რომლის მუშაობაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და წაადგება ქართულ კალათბურთს. ამ ნაკრებს აქვს კარგი მომავალი და ეს განვლილმა მატჩებმაც აჩვენა. გოგა ბითაძე ბრწყინვალედ ასპარეზობს, ძალიან ნიჭიერია რატი ანდრონიკაშვილი და არ უნდა გამოგვრჩეს სანდრო მამუკელაშვილი. ასევე, გამოცდილი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშეები: თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე. ამ ახალგაზრდების და გამოცდილების შერწყმაა მნიშვნელოვანი, რათა ბალანსი არ დაირღვეს.

popsport: მაღალი დონის მწვრთნელებთან გიმუშავია და საინტერესოა შენი მოსაზრება ილიას ზუროსზე...

მარკოიშვილი: სრულიად განსხვავებული სფეციპიკაა გუნდის და ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა. გუნდში ბევრი დროა, რომ მოთამაშეებთან იმუშავო და შენი ხედვები პარკეტზე გადაიტანო, ნაკრების მწვრთნელს კი ამისთვის შესაძლოა ორი-სამი დღე, ან კარგ შემთხვევაში ათი დღე ჰქონდეს. ასეთ მოკლე დროში რთულია გუნდი მაღალ დონეზე მოამზადო და ჩემი პირადი აზრით, ზუროსი ძალიან კარგად ართმევს თავს ამ რთულ ამოცანას. ისევე როგორც სხვა ევროპელი მწვრთნელები, აქცენტს დაცვაში სწორ თამაშზე აკეთებს და მაქსიმალურად იყენებს თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს უფრო ინდივიდუალური ხასიათისაა და არა გუნდური. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობს და ბუნებრივია, ეს ზუროსის დამსახურებაა. ამასთან, მუდმივად ეძებს ახალგაზრდა მოთამაშეებს და აძლევს მათ შანსს. ყველაფერთან ერთად, ის ძალიან დადებითი ადამიანია.   

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ჰყავს და ეყოლება ისეთი თაობა, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებს ძველ თაობას და კიდევ უკეთესად ითამაშებს

popsport: და ბოლოს, ვიხილავთ თუ არა მანუჩარ მარკოიშვილს მწვრთნელის ამპლუაში?

მარკოიშვილი: ამ თემაზე ზედაპირულად მიფიქრია, მაგრამ ჯერ მაინც მოთამაშედ ვთვლი თავს და გამიჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ კარიერის დასრულების თაობაზე, შემდეგ უკვე სერიოზულად დავფიქრდები და გადავწყვეტ თუ რა უნდა ვაკეთო მომავალში. ერთი დანამდვილებით ვიცი: დავრჩები სპორტში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვემსახურო ქართულ კალათბურთს და ზოგადად, კალათბურთს.

📺 ვიდეო: მანუჩარ მარკოიშვილი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს (2017 წელი)

კომენტარები

ბოლო ამბები