Thumbnail
  • კონფერენციების ლიდერთა მატჩში დენვერმა ტორონტო 95:86 დაამარცხა
  • ლეიკერსმა ვაშინგტონში წააგო, ლებრონმა თამაში ჩააგდო
  • ფილადელფიამ კლივლენდ კავალიერსი გაანადგურა

NBA-ს დღის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს კონფერენციების ლიდერები დაუპირისპირდნენ და დენვერ ნაგეთსმა საკუთარ პარკეტზე ტორონტო რეპტორსი 95:86 დაამარცხა!

ტორონტოს კავაი ლეონარდის 29 ქულა არ ეყო

ტორონტოსთვის, რომელიც ლიგაში ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდია, ეს ზედიზედ მეორე წაგებაა მას შემდეგ, რაც გოლდენ სტეიტი დაამარცხა. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გახლდათ, რომელიც კოლორადოელებმა 27:14 მოიგეს.

თუმცა მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კანადელთა ლიდერი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 29 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რეპტორსიდან კავაის შემდეგ ყველაზე უკეთ დელონ რაიტმა (15 ქულა) და სერჟ იბაკამ (14) ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ პასკალ სიაკამი, კაილ ლოური და იონას ვალანჩუნასი არ თამაშობდნენ. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა (26 ქულა, 9 მოხსნა). ჯამალ მარეის ანგარიშზე 19 ქულაა.

დენვერისთვის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია, ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა (20 მოგება, 9 წაგება), ტორონტომ კი ბოლო 6 მატჩიდან მეოთხე წააგო (23-9).

📺 მატჩის მიმოხილვა: დენვერი 95:86 ტორონტო

ვაშინგტონმა ლეიკერსი დაამარცხა!

ვაშინგტონ უიზარდსმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ლოს ანჯელეს ლეიკერსის დამარცხება მოახერხა - 128:110 (33:23, 38:28, 28:25, 29:34). მატჩის მთავარი გმირი ვაშინგტონის გამთამაშებელი ჯონ უოლი გახდა, რომელმაც ლებრონ ჯეიმსის გუნდს 40 ქულა ჩაუგდო (პლუს 14 პასი). უიზარდსიდან ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მცველმა ბრედლი ბილმა - 25 ქულა, 12 მოხსნა. სემ დეკერმა და ჯეფ გრინმა 20-20 ქულა დააგროვეს.

სად იყო და რას აკეთებდა ლებრონი? მან ეს თამაში აშკარად ჩააგდო - “მეფემ” თამაშიდან 5 ტყორცნის ჩაგდება მოახერხა (16 მცდელობა) და აქედან არცერთი იყო სამქულიანი (2 მცდელობა). საბოლოოდ, ლებრონის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასია. პლუს 1 დაფარება და 4 დაკარგვაც. ლეიკერსიდან ვეღაც ლონზო ბოლმა იფრინა (10 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი). არადა, წინა დღეს ლებრონმა და ბოლმა სასწაულები აკეთეს. ლეიკერსიდან ყველაზე შედეგიანი კენტავიუს კოლდუელ-პოუპი იყო - 25 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით.

📺 ჯონ უოლის ბრწყინვალე თამაში ლეიკერსთან

ბენ სიმონსის სამმაგი დუბლი

სიმონსი შეუჩერებელი იყო

ამ სეზონში კლივლენდის დამარცხება კი არა, განადგურებაც ადვილი გახდა და ეს ამჯერად ფილადელფიამ გააკეთა. სიქსერსმა კავალიერსს მისსავე პარკეტზე 128:105 მოუგო. სტუმრებმა განსაკუთრებით კარგად ბოლო მეოთხედი ჩაატარეს, რმელიც 39:20 მოიგეს.

მატჩის მთავარი გმირი ფილას გამთამაშებელი ბენ სიმონსი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულით, 14 პასით და 11 მოხსნით. ჯოელ ემბიიდს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (24 ქულა, 9 მოხსნა). ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 19 ქულაა, ლანდრი შამეტმა 16 ქულა გააკეთა. კლივლენდიდან ყველაზე შედეგიანები ჯედი ოსმანი და ჯორდან კლარკსონი იყვნენ - 18-18 ქულით.

20 მოგებითა და 11 მარცხით ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, კლივლენდს კი 7 მოგება და 23 მარცხი აქვს (მე-13 ადგილი).

📺 ბენ სიმონსის საუკეთესო მომენტები კლივლენდთან

დონჩიჩის 28 ქულა, დალასმა წააგო

დალასი (15-13) საკრამენტოსთან (16-13) პრინციპულ მატჩში 113:120 დამარცხდა. გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესოები ბადი ჰილდი და დე’აარონ ფოქსი იყვნენ - 28-28 ქულით. ნემანია ბიელიცამ 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 15 ქულაა ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეც. 

დალასს ლუკა დონჩიჩის 28 ქულამ, 9 პასმა და 6 მოხსნამ ვერაფერი უშველა. 2018 წლის დრაფტის მესამე ნომერს 5 დაკარგვაც ჰქონდა.

“დონჩიჩის შესაძლებლობები უსაზღვროა. ჩემი აზრით, ის სუპერვარსკვლავი გახდება. როცა ეს მოხდება, ლუკა უფრო სწრაფიც იქნება. გარდა ამისა, ის შესანიშნავად აკონტროლებს ბურთს და ესმის კალათბურთი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ საკრამენტოს მთავარმა მწვრთნელმა დეივ იორგერმა.

📺 მატჩის მიმოხილვა: დალასი 113:120 საკრამენტო

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის ახალწვეული [ROTY]?

  • ლუკა დონჩიჩი
  • დეანდრე ეიტონი
  • ტრაე იანგი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები