Thumbnail
  • ლივერპული 3:1 მანჩესტერ იუნაიტედი
  • 1:0 - მანე (24), 1:1 - ლინგარდი (33), 2:1 - შაჩირი (73), 3:1 - შაჩირი (80)

პრემიერლიგის მეჩვიდემტე ტურის შეხვედრაში, ლიგის ლიდერმა, დაუმარცხებელმა ლივერპულმა შიდა ჩემპიონატში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს - მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად - 3:1 დაამარცხა.

ლივერპულს ენფილდზე, პრემიერლიგაში ჩრდილო-დასავლეთის დერბი 2011 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. მაშინ იუნაიტედს დირკ კუიტმა ჰეთ-თრიკი გაუტანა, დღეს კი თავი წითლებიდან სადიო მანემ და შერდან შაჩირიმ გამოიჩინეს, რომელმაც დუბლი გაიტანა.

იუნაიტედის ერთადერთი გოლი, ბრაზილიელი კიპერის - ალისონის შეცდომას მოჰყვა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, ალისონმა უხერხულად მოიგერია, რომელიც შემდეგ ჯესი ლინგარდს მიუგორდა და ახლაგაზრდა ინგლისელმა ანგარიში გაათანაბრა.

ლივერპულს მომდევნო 2 გოლში ცოტათი გაუმართლა, დავიდ დე ხეას კარში ორივე შემთხვევაში მცველის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი გავიდა, ორივეჯერ თავი შერდან შაჩირიმ გამოიჩინა. თუმცა იუნაიტედს მთელი მატჩი მეტოქის კართან არაფერი შეუქმნია და კლოპის გუნდმა მატჩი დამსახურებულად მოიგო.

ლივერპულს პრემიერლიგაში მე-500 მატჩის ჩამატრებული ჯეიმს მილნერი აკლდა, კლოპმა განაცხადა, რომ მილნერს კუნთი აწუხებდა და უბრალოდ დაასვენა. ხოლო იუნაიტედის შემადგენლობაში პოლ პოგბა ვერ ვნახეთ, რომელმაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

17 ტურის შემდეგ, ლივერპული 14 მოგებით, 3 ფრით და 45 ქულით პრემიერლიგის ლიდერია. იუნაიტედის ჩამორჩენა კი ოთხეულის გუნდებთან უკვე 11 ქულამდე გაიზარდა.

საინტერესო ფაქტები

► იუნაიტედს უკვე 29 გოლი აქვს გაშვებული, ანუ ერთით მეტი ვიდრე შარშან მთელი სეზონის მანძილზე...

► თავის პირველ ჩრდილო-დასავლეთის დერბიში, შერდან შაჩირიმდე დუბლი, მხოლოდ ნაიჯელ კლაფს ჰქონდა გატანილი 1994 წელს...

► ჟოზე მოურინიოს აქამდე ენფილდზე გამართული მატჩების 50% მოგებული ჰქონდა - 4/8, რაც 5+ მატჩის მქონე მწვრთნელებში საუკეთესო შედეგი გახლდათ...

კომენტარები

ბოლო ამბები