Thumbnail

NBA | აი, ადამიანი მთვარეზე - საკრამენტომ სტეფ კარი დატროლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საკრამენტო-გოლდენ სტეიტის მატჩს წინ ეკრანზე მთვარის ექსპედიციის კადრები გაუშვეს
  • ამ ჟესტით მასპინძლებმა ოკლენდელთა ვარსკვლავის სტეფ კარის ეჭვების გაფანტვა სცადეს
  • საკრამენტო კინგსის დაცინვას გამთამაშებელმა 35 ქულითა და გამარჯვებით უპასუხა  

ცოტა ხნის წინ, NBA-ს მოქმედი ჩემპიონი სტეფ კარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამონათქვამის გამო მოექცა, სადაც კალათბურთელმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე ყოფნის ფაქტი

ამის პასუხად NASA-მ 30 წლის სუპერვარსკვლავი ჰიუსტონში, ჯონსონ სპეის ცენტრში დაპატიჟა, რათა ამ უკანასკნელს ზუსტი წარმოდგენა შეექმნას იმის შესახებ, თუ რა მოხდა 1969 წლის 21 ივლისს. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა (მისია "აპოლო 11").

სტეფ კარიმ NASA-ს მიწვევა მიიღო, თუმცა აღიარა, რომ მთვარეზე გაფრენის შესახებ მისი გამონათქვამი მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა, სიტყვები სიტყვებად დარჩა და გოლდენ სტეიტის კალათბურთელი კი დაცინვის ობიექტი გახდა. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩის წინ, რომელშიც საკრამენტო გოლდენ სტეიტს მასპინძლობდა, არენაზე განთავსებულ დიდ მონიტორზე განგებ გაუშვეს მთვარეზე ამერიკული ექსპედიციის კადრები. ამ ფაქტმა კარიც გაამხიარულა და სხვა კალათბურთელებიც.

რაც შეეხება მატჩს, NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად საკრამენტო კინგსს ანგარიშით 130:125 სძლია, მოედანზე ყველაზე შედეგიანი კი სწორედ სტეფ კარი იყო, რომელმაც 35 ქულა მიითვალა, რასაც 7 მოხსნა და 6 პასი დაუმატა. ოკლენდელთა გამთამაშებელმა თამაშიდან 23-ჯერ ტყორცნა, ჩააგდო 14-იდან ხუთი სამქულიანი, პლუს, რვავე საჯარიმო გამოიყენა.

33 ქულა იყო კევინ დურანტის ანგარიშზე, 27 კი - კლეი ტომპსონის. ორმაგი დუბლით დრეიმონდ გრინი გამოირჩა, რომელმაც თამაში 14 მოხსნითა და 10 პასით დაასრულა.

საკრამენტოს რიგებში 27 ქულა იყო ბადი ჰილდის აქტივში, 25 კი - დე’აარონ ფოქსის. ორმაგი დუბლი გაიფორმა უილი კოლი-სტაინმა (22 ქულა, 11 მოხსნა).

გოლდენ სტეიტის 30 თამშიდან 20 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორეა დენვერ ნაგეტსის შემდეგ, რომელსაც 28 მატჩი 19 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას უორიორსი 12 დეკემბერს შინ, მემფისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები