Thumbnail

რონალდომ ყველაფერი აღიარა - სასამართლო ახალი წლის შემდეგ გაიმართება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალი ყოფილ ფორვარდს ესპანეთში გადასახადების გადაუხდელობის გამო სჯიან
  • პორტუგალიელი მადრიდის სასამართლოს წინაშე 2019 წლის იანვარში უნდა წარსდგეს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმეზე მოსმენა, რომელიც გადასახადების გადაუხდელობას ეხება, 2019 წლის 14 იავნარსაა ჩანიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა თავი დამნაშავედ ცნო და სასჯელსაც დათანხმდა. 

შესაბამისად, სასამართლოზე რონალდოსა და ესპანეთის ხაზინას შორის შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. 33 წლის პორტუგალიელ ფორვარდს, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, დამნაშავედ საგადასახადო დარღვევის ოთხ შემთხვევაში ცნობენ. კრიშტიანოს ჯამში 14,7 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება, ამასთან, სასამართლო 2 წლით პირობით პატიმრობას მიუსჯის.

რონალდომ ხაზინას ჯარიმის დიდი ნაწილი - 13,4 მლნ ევრო უკვე გადაუხადა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმსდაგარა, რაც გათვალისწინებულია ესპანური კანონმდებლობით.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელის ადვოკატი ცდილობდა პირობით სასჯელი დამატებითი ჯარიმით შეეცვალა, რომლის ოდენობა 375 ათასი ევრო იქნებოდა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო.

რონალდო რეალში მანჩესტერ იუნაიტედიდან, 2009 წლის ზაფხულში გადავიდა და იქ 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშა. ამ პერიოდში პორტუგალიელმა ლა ლიგა ორჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს 15 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

საგადასახადო კანონმდებლობის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, პორტუგალიელ ვარსკვლავს უკვე რეალური პატიმრობა დაემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები