Thumbnail
  • 📅 15 დეკემბერი | ⌚ 23:30 | ⚽ ტორინო V იუვენტუსი
  • ტურინული დერბის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის

სერია A-ს მე-16 ტურის მთავარი მოვლენა ტურინული დერბია, რომელშიც ტორინო "სტადიო ოლიმპიკო გრანდე ტორინოზე" საძულველ იუვენტუსს უმასპინძლებს. 

სახელწოდება "დერბი დელა მოლე" ტურინის ერთ-ერთ უმთავრეს თვალსაჩინოებას - მოლე ანტონელიანას უკავშირდება, უძველესი იტალიური დერბის ისტორია კი 1907 წლიდან იღებს სათავეს. ერთი ქალაქის ამ ორ გუნდსა და მათ გულშემატკივრებს შორის მტრობაც საუკუნეა გრძელდება, გამორჩეული შემთხვევა კი 1967 წელს უკავშირდება, როდესაც ანგარიშით 0:4 წაგების შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" ფანატებმა ტორინოს ლეგენდა ჯიჯი მერონის სასაფლაო შეურაცხყვეს. ამ ფაქტმა კლუბებსა და ქომაგებს შორის შუღლი კიდევ უფრო გაამძაფრა და ტურინელი სამართალდამცველებისთვის მატჩის დღე იოლი თითქმის არასდროსაა.

სხვათა შორის, ამბობენ, რომ უშუალოდ ტურინში უფრო პოპულარული კლუბი ტორინოა, რომელსაც ქომაგი, ქალაქის მასშტაბით, სახელიან მეზობელზე მეტი ყოველთვის ჰყავდა. რა მდგომარეობა ამ მხრივ დღეს, დაბეჯითებით ძნელი სათქმელია, მაგრამ მთლიანად იტალიის და მსოფლიოს მასშტაბით აშკარა უპირატესობა რომ იუვენტუსის მხარესაა, ეს ეჭვს არ იწვევს.

ტორინო

შაბათს სიმონე ძაძასა და ანდრეა ბელოტიზე ბევრი იქნება დამოკიდებული 

კვირას ვალტერ მაძარის გუნდმა სტუმრად მილანთან უგოლოდ ითამაშა და წაუგებელი მატჩების სერია სამამდე გაზარდა. "სან სიროზე" თამაშამდე იყო მოგება ჯენოასთან (2:1) და ფრე კალიარისთან (0:0). 15 ტურის შემდეგ ტორინო 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ლიდერ იუვენტუსს 21 ქულით ჩამორჩება. რაც მთავარია, სულ 4 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან მილანს და არცთუ ურიგო შანსს ინარჩუნებს, ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულოს.

ტორინოს მთავარი იარაღი კარგი დაცვაა. აქამდე ჩატარებულ 15 მატჩში სულ 16 გოლი მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ იუვენტუსს, ნაპოლისა და ინტერს ჩამორჩება. სამაგიეროდ, ტურინელებს გატანაც უჭირთ - 19 გოლი ჩემპიონატში მე-12 შედეგია. ტორინოს კიდევ ერთი პრობლემა საკუთარ მოედანზე სუსტი გამოსვლაა. 7 საშინაო მატჩში მაძარის შეგირდებმა სულ 10 ქულა მოიპოვეს და მათზე ცუდად ამ მხრივ სერია A-ში სულ ხუთი გუნდი გამოდის.

იუვენტუსთან დაპირისპირების წინ ტორინოს ლაზარეთი ცარიელია და დერბისთვის ყველა უძლიერესი ემზადება.

იუვენტუსი

რონალდო, რომლის ანგარიშზე 15 მატჩში 10 გოლია, ტურინულ დერბიში პირველად ითამაშებს

ტორინოს უმთავრეს მეტოქესთან მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა ჰქონდა მაშინ, როცა იუვენტუსმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის გასვლითი შეხვედრა ჩაატარა შვეიცარიაში, იანგ ბოიზთან და მოულოდნელად, წააგო (1:2), თუმცა ამით იტალიის ჩემპიონებს არაფერი დაუკარგავთ - ჯგუფი მაინც პირველ ადგილზე დაასრულეს.

რაც შეეხება შიდა ასპარეზს, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა წინა ტურში ინტერი მარიო მანჯუკიჩის გოლით დაამარცხა (1:0). იტალიურ დერბიში გამარჯვება იუვესთვის ზედიზედ მეექვსე იყო ჩემპიონატში, მანამდე კი ტურინულმა გრანდმა ემპოლის (2:1), კალიარის (3:1), მილანს (2:0), სპალ-სა (2:0) და ფროზინონეს (3:0) სძლია. ჩემპიონების აქტივში 43 ქულაა და უახლოეს მდევარ ნაპოლის 8 ქულით უსწრებენ.

ამასთან, იუვენტუსი სერია A-ში ყველა ძირითადი მანჩვენებლით ლიდერობს. ჩემპიონებმა თუ  ნაპოლის მსგავსად, 32 გოლი გაიტანეს, გაშვებული გოლების სიმცირით საუკეთესონი ერთპიროვნულად არიან - 8. შესაბამისად, ბურთების შეფარდებაც ყველაზე კარგი აქვთ (+24).

ყველაფერთან ერთად, ვალტერ მაძარის ისიც უნდა აფიქრებდეს, რომ ალეგრის შეგირდები განსაკუთრებული შედეგიანობით გასვლით მატჩებში გამოირჩევიან - 7-იდან 7 მოგება, ბურთების შეფარდება 16:4-თან.

ტორინოსთან ნამდვილად ვერ ითამაშებენ ტრავმირებული სამი ხედირა და ანდრეა ბარძალი, ასევე დისკვალიფიცირებული როდრიგო ბენტანკური. იანგ ბოიზთან დაშავებული ჟოაო კანსელოსა და ხუან კაუდრადოს მონაწილეობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ალეგრისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიში განაახლა მეჰდი ბენატიამ და შესაძლოა, ტორინოსთან ვიხილოთ კიდეც.
 

იუვენტუსის ტოპ-10 გოლი ტურინულ დერბიში

საინტერესო ფაქტები

► ბოლო წლებში გამართულ 20 ტურინულ დერბიში ტურინის იუვენტუსის უპირატესობა შთამბეჭდავია - 17 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი.

► გასულ სეზონში გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და ალეგრის შეგირდებმა სამივეჯერ მშრალი ანგარიშით მოიგეს - 4:0 და 1:0 ჩემპიონატში, 2:0 თასზე.

► ტურინის იუვენტუსმა გამარჯვება სერია A-ში სტუმრად გამართულ შვიდივე შეხვედრაში მოახერხა. 

► მასიმილაინო ალეგრის შეგირდება სერია A-ში სტუმრად გამართულ შვიდივე შეხვედრაში, სულ ცოტა, 2 გოლი გაიტანეს.

► ტურინის იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

► ტორინომ საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამში გაიმარჯვება მოახერხა.

► ტორინომ ტურინის იუვენტუსის დამარცხება ამ საუკუნეში მხოლოდ ერთხელ მოახერხა - 2015 წლის გაზაფხულზე სერია A-ს მატჩში გაიმარჯვა (2:1).

► ტურინის იუვენტუსის ყოფილ ფეხბურთელებს სიმონე ძაძასა და ტომას რინკონს შანსი აქვთ, თავი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამოიჩინონ. 

► ჩემპიონატში ტორინოს მოგებულ ბოლო ორ შეხვედრაში ანდრეა ბელოტიმ სამი გოლის გატანა მოახერხა. 

► მარიო მანჯუკიუჩმა ტურინის იუვენტუსის ბოლო ოთხი მატჩიდან (სერია A-ში) სამში გოლის გატანა მოახერხა.

ტურინული დერბის სახელწოდება 167,5 მეტრი სიმაღლის კოშკს უკავშირდება, რომელიც XIX საუკუნეში ააგეს  

სავარაუდო შემადგენლობები

ტორინო (3-4-2-1): სირიგუ - იცო, ნკულუ, ჯიჯი - სილვესტრი, მეიტე, რინკონი, ანსალდი - ბაზელი, ფალკე - ბელოტი.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები