Thumbnail

მე-5 გამარჯვება ევროლიგაზე - შენგელიამ და ჯენინგმა მაკაბი დაამარცხეს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაკაბი 79:81 ბასკონია
  • შენგელია 20 ქულა, ჯენინგი - 16

თელ ავივში ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-12 ტურის მატჩში ქართველთა ბასკონიამ დრამატულ ფინალში დაამარცხა მაკაბი - 81:79. ამ მატჩის მოგების შემდეგ ბასკონიას 12-დან 5 გამარჯვება დაუგროვდა და საპლეიოფო ზონას მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც სასტარტო ხუთეულში იყო და ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა. მეტიც, მეორე ნახევარში ბასკონია წინ პირველად მატჩის დასრულებამდე 1:44 წუთით ადრე გავიდა, როცა თორნიკემ ორი საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გადამწყვეტი 2-ქულიანი 11 წამით ადრე პოარიეს ანგარიშზეა, მასპინძლებს ბოლო შეტევა არ გამოუვიდათ - ბოლო წამზე ქართველმა კაპიტანმა სკოტი ვილბეკინს ბურთი "მოპარა".

შენგელიას სუპერშესვლა

თორნიკე შენგელიამ 31:13 წუთში გუნდს 20 ქულა, 5 პასი, თითო მოხსნა, ჩაჭრა და ბლოკი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქულებითაც და პასებითაც შენგელია გუნდში საუკეთესო იყო, საუკეთესო იყო ის ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტითაც - 18. თუმცა გადამწყვეტი სროლის შემსრულებელი ვენსან პოარიე დაასახელეს მატჩის MVP-დ (12 ქულა, 12 მოხსნა).

საინტერესო სტატისტიკა: თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ მასპინძლებმა 10-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, 12-ჯერ კი ბასკონიას სხვა კალათბურთელების წინააღმდეგ!

მეტ ჯენინგმა 31:28 წუთში 16 ქულა (4 სამქულიანი) შესძინა გუნდს. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ჯენინგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 (როგორც პოარიესი) იყო. 

მეტ ჯენინგი: "ვფიქრობ, დიდებულად ვითამაშეთ. დიდი ხნის განმავლობაში მეტოქე გვიგებდა. 5-8 ქულით სულ წინ იყვნენ. ბოლოს მაინც დავეწიეთ - შევძელი რამდენჯერმე თავისუფალი სივრცის ნახვა და სროლა, შემდეგ თოკომ ჩააგდო ის საჯარიმოები. ბევრი ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ". 

ბასკონია 19 დეკემბერს გრან კანარიას სტუმრობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები