Thumbnail

ყატარი 2022-ის მატჩები სხვა ქვეყნებში? ფიფა ვარიანტებზე ფიქრობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯანი ინფანტინომ მომავალი მუნდიალის ფორმატსა და ჩატარების ადგილზე ისაუბრა
  • ფიფამ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე შესაძლოა უკვე ყატარში გაზარდოს
  • საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი წლის მარტამდე მიიღებენ

გამორიცხული არაა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩი, ტურნირის მასპინძელი ყატარის საზღვრებს გარეთაც გაიმართოს. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფედერაციის სამიტის შემდეგ განაცხადა.

"2022 წლის ჩემპიონატის ზოგიერთი შეხვედრის სხვა ქვეყნებში გამართვის შესაძლებლობა არსებობს", - თქვა ინფანტინომ.

ამასთან, ფიფა უახლოესი მუნდიალის ფინალური სტადიის მონაწილე ნაკრებთა რაოდენობის 32-იდან 48-მდე გაზრდის შესაძლობას განიხილავს, თუმცა ტურნირის მასპინძელი ყატარი აცხადებს, რომ მის სამზადისში პირველი შეთანხმების შესაბამისად, 32 გუნდის მასპინძლობაა გათვალისწინებული. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ყატარმა მუნდიალის რამდენიმე მატჩის თავის ტერიტორიაზე მასპინძლობა ირანს შესთავაზოს.

მუნდიალისთვის ყატარი ქალაქ ალ ხორში 60 000-იანი სტადიონის აგებას აპირებს

ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 2019 წლის მარტში მიიღებენ.

"ყატარში გასამართ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო 2019 წლის მარტამდეა. 2026 წლის ჩემპიონატისთვის ნაკრებების რაოდენობის გაზრდა გადაწყვეტილია, ჩვენ ამჟამად იმას განვიხილავთ, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება 2022 წელს, ყატარში. ამასთან დაკავშირებით ვეცნობით ფედერაციის წევრების, ყატარის წარმომადგენელთა აზრს. გადაწყვეტილებას კი ფეხბურთში ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად მივიღებთ", - თქვა ინფანტინომ.

ამჟამინდელი ფორმატი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 32 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს, 1998 წლიდან მოქმედებს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები