Thumbnail

'ასეთი ფეხბურთელები მომავალში აღარ იარსებებენ' - გვილია ლუცერნიდან მიდის?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუცერნის მწვრთნელს გვილიასთან მუშაობა აღარ სურს
  • რა ბედი ელის ქართველს
გასულ სეზონში ვაკო გუნდში ერთ-ერთი ლიდერი იყო

როგორც ჩანს, ვაკო გვილიას შვეიცარიული კარიერა დასასრულს უახლოვდება - ლუცერნის ახალ მწვრთნელს მისი თამაშის სტილი არ მოსწონს და ნაკლებად ათამაშებს. შვეიცარიული "ბლიკის" (blick.ch) ცნობით, გვილია გუნდს სავარაუდოდ იანვარშივე დატოვებს. 

მას მერე, რაც ლუცერნში მწვრთნელად რენე ვაილერი დაინიშნა, გვილიამ 720 შესაძლებელიდან სულ 80 წუთი ითამაშა. ის კი არა, ერთხელ 24 წლის ფეხბურთელი ლუცერნის 21-წლამდელთა გუნდშიც კი ათამაშეს. 

გვილია იანვარში ლუცერნის ბოსმა რემო მაიერმა მიიყვანა და ის მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. 

"მწვრთნელ გერი სეოანესთან ერთად, გვილია დაეხმარა გუნდს მესამე ადგილის დაკავებაში. ვაკომ ზაფხულში ამაყად განაცხადა, რომ შვეიცარია მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა", - წერს "ბლიკი" - "ახლა კი ლუცერნში სულ სხვა რეალობაა. გვილიას როლი სათადარიგოობაა. ყველა მინიშნებაა იმისკენ, რომ ზამთარში ის გუნდს დატოვებს".

რა პრობლემა აქვს ვაილერს გვილიასთან?

"ზოგადად მე დინამიკური ფეხბურთი მიყვარს. გვილიას კი სულ სხვანაირი თამაშის სტილი აქვს. მას უყვარს, როცა ბურთი აქვს და გუნდელს პასს "ფეხში" უკეთებს. მე კიდევ მიყვარს, როცა წინ მივდივართ, ბურთით თუ უბურთოდ", - ხსნის ლუცერნის მწვრთნელი.

რენე ვაილერი

"ჩემი სურვილია, ლუცერნის ფანებს სიამოვნება მოგვარო გუნდის თამაშით. რა თქმა უნდა, გვილიასაც აქვს ძლიერი მხარე, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, როცა ბურთი აქვს", - ვაილერი ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებთან სურს მუშაობა, რომელთაც შეტევაშიც შეუძლიათ თამაში და დაცვაშიც: "სხვანაირად არ შეიძლება - თუ პროფესიონალ ფეხბურთელს ეს არ შეუძლია, მას ჩემ გუნდში გაუჭირდება. ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელები ფეხბურთში ახლო მომავალში თითქმის აღარ იარსებებენ". 

გაჩერება არც ქართველს სურს?

გვილიამ ოქტომბრიდან მოყოლებული მხოლოდ 80 წუთი ითამაშა

"ბლიკის" ცნობით, ლუცერნში თავისი მდგომარეობით არც თავად ვაკო არის კმაყოფილი. ასე რომ, მის გვარს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე უნდა ველოდოთ...

შეგახსენებთ, რომ აგვისტოდან კლუბში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ასევე კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს ისიც იშვიათად თამაშობს, თუმცა ამ შემთხვევაში, ძირითადი მიზეზი ქართველი მცველის ტრავმაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები