Thumbnail

გასულ წელს, მანჩესტერ სიტისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში რამდენიმე კადრი მოხვდა სიტის გასახდელიდან - პეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს მიმართავს. პეპი პატარა ბავშვზე ყვება, ბურთების მიმწოდებელ ბიჭზე, რომელმაც აიხდინა ოცნება, ითამაშა თავის საყვარელ გუნდში და შემდეგ, როგორც მწვრთნელმა, სულ რაღაც 4 წელიწადში თავდაყირა დააყენა ფეხბურთი - ანუ Destroyed Football, როგორც თვითონ ამბობს არცთუ ისე უნაკლო ინგლისურით. ეს ბავშვი თვითონ პეპ გვარდიოლა იყო და სწორედ მან შეცვალა ფეხბურთი.

გვარდიოლას საფეხბურთო იდეებმა და მისმა ბარსელონამ ფეხბურთი არსობრივად შეცვალა. ეს ერთ-ერთი საფეხბურთო რევოლუცია იყო. თამაში შეიძლება თამამად დავყოთ გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდეგ. ბოლო 10 წელია, ჩვენ სწორედ პეპის მიერ შექმნილ საფეხბურთო სამყაროში ვცხოვრობთ - მოგვწონს ეს, თუ არა, ვგულშემატკივრობთ გვარდიოლას გუნდებს, თუ მის წინააღმდეგ ვართ - ეს უკვე ფაქტია.

რინუს მიხელსის ჰოლანდიელების და არიგო საკის მილანის შემდეგ, გვარდიოლა მომდევნო დიდი საფეხბურთო რევოლუციის ავტორია.

პეპი ჟოზეს ნაცვლად - კრუიფის დაწერილი ისტორია

იოჰან კრუიფი ბარსელონას ისტორიისა და საფეხბურთო ფილოსოფიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 2003 წელს ჟოან ლაპორტამ ბარსელონას პრეზიდენტობისთვის გამართული არჩევნები მოიგო. მის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად სწორედ კრუიფის ბარსას მენეჯმენტში დაბრუნება იყო. კრუიფი ლაპორტას მრჩეველი გახდა და სწორედ მისი იდეა იყო ფრენკ რაიკარდის დანიშვნა.

რაიკარდის წასვლის შემდეგ, ბარსელონას მთავარ მწვრთნელად, გაგიკვირდებათ და, ჟოზე მოურინიო უნდა დანიშნულიყო. ჟოზე თავისუფალი იყო, ჩელსიში მან უაღრესად წარმატებული 3 წელი გაატარა და ამ პერიოდში მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სკანდალისტის და უაღრესად დაცვითი სტილის მწვრთნელის სახელი. თანაც, ჟოზემ თავისი სამწვრთნელო კარიერა სწორედ ბარსელონაში დაიწყო, როდესაც იქ ბობი რობსონს ეხმარებოდა და კატალონურ კლუბს კარგად იცნობდა.

ჩავი: მოურინიო, როდესაც ბარსაში მუშაობდა, ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარებოდა. კვადრატი, ბურთის ფლობა, პოზიციის შეცვლა - ეს ყველაფერი მოურინიომ გვასწავლა. თუმცა, შემდეგ ჩელსიში მისი სტილი შეიცვალა.

მოურინიოსთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა. კლუბის მენეჯმენტი მას შეხვდა კიდეც, სადაც ჟოზემ რამდენიმე ათეულ გვერდზე დაწერილი თავისი ხედვა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ბარსელონა. როგორც ლაპორტა იხსენებს, მისი ხედვა ძალიან თანამედროვე იყო, თუმცა კრუიფის იდეებისგან განსხვავდებოდა.

დირექტორთა საბჭოს 5 წევრი მოურინიოს დანიშვნას ემხრობოდა, თუმცა, მოულოდნელად, ყველაფერი კრუიფმა ჩაშალა. მან თქვა, რომ ბარსასთვის საჭირო კაცი კლუბის სისტემაში უკვე მუშაობდა და ის მის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. პეპ გვარდიოლა ამ დროს მხოლოდ 37 წლის იყო და არანაირი სერიოზული სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნდა. თუმცა, კრუიფი კარგად იცნობდა პეპს, მის საფეხბურთო ხედვას და დარწმუნებული იყო, რომ სწორედ გვარდიოლა იყო იდეალური კანდიდატი კატალონელთათვის. კრუიფსა და მის ავტორიტეტს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. ასე აღმოჩნდა გვარდიოლა ბარსას სათავეში. მოურინიომ კი კატალონელთაგან უცაბედი უარი და კლუბის სათავეში მის ნაცვლად ახალბედა გვარდიოლას დანიშვნა ძალიან განიცადა და შემდეგ წლებში მოურინიო-გვარდიოლას დაპირისპირება მთავარ საფეხბურთო ინტრიგად იქცა.

წაიკითხე | წარსულში დარჩენილი ფეხბურთი - ჟოზეს რეგრესი

რა საერთო აქვთ გვარდიოლას, ბაჯოს და პირლოს?

გვარდიოლას, რობი ბაჯოს და ანდრეა პირლოს სერია A-ს პროვინციულ ბრეშაში მოუწიათ თამაში. ეს ფეხბურთელები ბრეშაში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ ამ გუნდში იტალიური ფეხბურთისთვის ლეგენდარული მწვრთნელი კარლო მაცონე მუშაობდა. მაცონე სწორედ ის კაცი იყო, რომელმაც ანდრეა პირლო მოედნის ცენტრში, მცველების წინ, დააყენა.

მას სჯეროდა, რომ თანამედროვე ინტენსიურ და მობილურ თამაშში ნომინალური გამთამაშებელი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს სივრცეებს ვეღარ იპოვიდა და მას ბურთის გათამაშება მოედნის სიღრმიდან მოუწევდა.

პირლოს გუნდიდან წასვლის შემდეგ ამ ფუნქციის შესრულება სწორედ პეპ გვარდიოლას დაევალა. იმ წლებში იტალიაში ასე არავინ თამაშობდა - მცველების წინ ათლეტური და დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ. თავად გვარდიოლამ ბრეშა რობერტო ბაჯოს გამო აირჩია. მას ძალიან უნდოდა თავისი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელთან ერთად ეთამაშა. სწორედ ამის გამო თქვა უარი უკეთეს შემოთავაზებებზე და სერია A-ს აუტსაიდერში აღმოჩნდა.

ბარსელონაში დანიშვნის შემდეგ, გვარდიოლამ მყისვე განაცხადა, რომ მას „მაცონეს ფეხბურთის“ თამაში სურდა. კარლო მაცონე თავის ავტობიოგრაფიაში ხუმრობდა, რომ გვარდიოლას ამ განცხადების შემდეგ მას ესპანელი ჟურნალისტებისგან მოსვენება აღარ ჰქონდა - ყველას აინტერესებდა, რა იყო „მაცონეს ფეხბურთი“?

მაცონეს გვარდიოლა კრუიფთან ერთად თავის ერთ-ერთ მასწავლებლად მიიჩნევს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მან ბრეშაში დოპინგ-სკანდალის გამო მხოლოდ რამდენიმე თამაში ითამაშა.

კარლო მაცონე: ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელი დადგებოდა. იშვიათი ფეხბურთელი იყო, რომელსაც თამაში სრულყოფილად ესმოდა.

სიმბოლური იყო, რომ როდესაც გვარდიოლას ბარსელონა 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, რომში გასამართი ფინალის წინ გვარდიოლამ პირადად დაურეკა მაცონეს, აჩუქა ფინალის ბილეთები და სთხოვა, რომ ფინალზე მოსულიყო. მისივე თქმით, მას სჯეროდა, რომ ბარსა აუცილებლად გაიმარჯვებდა, თუკი მაცონე ტრიბუნებზე იქნებოდა.

ბურთის ფლობა და პრესინგი

გვარდიოლას თამაშის ორ ძირითად კომპონენტად ბურთის ფლობა და პრესინგი იქცა. გვარდიოლას გუნდები ბურთს იდეალურად ათამაშებენ. ამისთვის ორი ძირითადი ასპექტი სწორად მოედანზე განლაგება და სინქრონულად მოძრაობაა.

სწორად განლაგებისთვის ტაქტიკური განათლებაა საჭირო, სინქრონულად მოძრაობისთვის კი ერთიანი საფეხბურთო ფილოსოფიით აზროვნება. შემთხვევითი არ არის, რომ გვარდიოლას ბარსას ძირითადი ბირთვი - მესი, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე, პუიოლი, პედრო - ბარსას სისტემაში აღიზარდა. ისინი ბავშვობიდანვე ერთი სტილის ფეხბურთს, ერთი ტაქტიკით, თამაშობდნენ და საერთო საფეხბურთო ფილოსოფია და აზროვნება ჰქონდათ.

გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ დიდი კლუბებისთვის ძალიან პოპულარული გახდა საკუთარი საფეხბურთო სკოლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა და ერთიანი სათამაშო სისტემით ახალგაზრდების მომზადება. მანჩესტერ სიტი, ჩელსი, პარი სენ ჟერმენი და რეალი ბოლო 10 წელია თავის ახალგაზრდულ აკადემიას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. რეალის მეორე გუნდიდან ზიდანის დანიშვნა და კარვახალის, ასენსიოს, ლუკას ვასკესის და დანი სებალიოსის ძირითად გუნდში თამაში, სწორედ ის მაგალითია, რომელიც მადრიდელებმა თავისი კატალონელი კონკურენტებისგან აიღეს.

წაიკითხე | მარჩელო ლიპი - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო

მეკარის ფუნქციის ცვლილება

გვარდიოლას ფეხბურთი მოკლე პასზეა დაფუძნებული. გრძელი გადაცემები სტატისტიკურად დაბალპროცენტიანია და ბურთი ხშირად იკარგება. ბურთის ჭერისა და უკანა ხაზიდან გათამაშებისთვის აუცილებელია, რომ ბურთის გათამაშებაში მეკარეც იყოს ჩართული.

ჩავი: ფეხბურთს 11-11-ზე თამაშობენ, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ბურთს ფლობ, მხოლოდ 10 მოთამაშე ცდილობს ბურთი წაგართვას ანუ ყოველთვის არის 1 თავისუფალი მოთამაშე, თუნდაც შენი მეკარე.

ფეხით კარგად თამაში თანამედროვე მეკარისთვის აუცილებელ თვისებად იქცა. მეკარე იწყებს შეტევას და ამიტომაც თითქმის მოედნის მოთამაშესავით უნდა ფლობდეს ბურთს. ის დრო, როდესაც მეკარეები უკან მიცემულ ბურთს გრძელი (და ხშირ შემთხვევაში უმისამართო) დარტყმით თამაშში აბრუნებდნენ წარსულს ჩაბარდა.

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ თუ შევადარებთ თანამედროვე სტილის მეკარეს - მარკ ანდრე ტერ შტეგენს წინა თაობის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს პეტერ ჩეხს, ჩეხთან ერთად ბურთის ეფექტურად ფლობა თითქმის შეუძლებელია. ჩეხი ბევრად უფრო ნაკლებად არის თამაშში ჩართული და 10 პასით ნაკლებს აკეთებს, მისი პასების ნახევარი არაზუსტია და პასების 70 პროცენტზე მეტი გრძელ გადაცემებზე მოდის. ჩეხის გრძელი გადაცემები კი უმეტესწილად არაზუსტია - თამაშში 18 გადაცემიდან იგი 10.8-ს კარგავს.

ვეტერანი ჩეხი ცდილობს ამ კომპონენტში პროგრესირებდეს და უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე კარიერის წინა წლებში, თუმცა თანამედროვე საფეხბურთო გრანდში ჩეხის ტიპის მეკარე რთულად წარმოსადგენია.

უნივერსალიზმი

გვარდიოლას ფეხბურთში მთელი გუნდია ჩართული ანუ როდესაც გუნდი ბურთს ფლობს და უტევს, შეტევაში მთელი გუნდი მონაწილეობს. ის დრო, როდესაც დაცვითი სტილის მოთამაშეები შეტევითი ამოცანებისგან თავისუფლები იყვნენ, წარსულს ჩაბარდა. ბარსელონაში შეტევის ორგანიზებას პიკე და ბუსკეტსი იწყებენ, ნომინალური მცველები დანი ალვეში და ჯორდი ალბა კი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იარაღია შეტევის დროს.

გვარდიოლას გავლენით თითქმის ყველა გრანდი ცდილობს დაცვაშიც ისეთი მოთამაშეები ჰყავდეს, რომლებსაც შეტევის დაწყება ეხერხებათ და ბურთის ფლობაში აქტიურად არიან ჩართულები.

მაგალითად, მხოლოდ დაცვითი ფუნქციების გათვალისწინებით ჯონ ტერი უკეთესი მცველია, ვიდრე ხერარდ პიკე, თუმცა პიკე თამაშში თითქმის 20 პასით მეტს აკეთებს, უკეთესად იწყებს შეტევას და აქტიურად არის ჩართული ბურთის ფლობაში. სწორედ ამიტომ თამაშობს იგი ამდენი წელია ბარსელონაში.

False 9 დიდი ცხრიანების ნაცვლად

პირველად ეს მოხდა ბერნაბეუზე გასამართი ახლა უკვე ლეგენდად ქცეული მატჩის წინ. გვარდიოლამ თამაშის წინა საღამოს მესი მოიხმო და ახალი ტაქტიკური გეგმა გაანდო. მესის პირველად უნდა ეთამაშა ე.წ. false 9- „ცრუ ცხრიანად“.

პეპმა ეტოო და ანრი ფლანგებიდან შუაში შემოწია - ისინი განაპირა და ცენტრალურ მცველებს შორის განლაგდნენ. რეალის საყრდენები - ინიესტას და ჩავის მეურვეობდნენ, მესის კი მცველებსა და საყრდნებს შორის უნდა ეთამაშა. თუკი რეალის მცველები მესიზე ამოიწეოდნენ, მაშინ ეტოო ან ანრი რჩებოდა თავისუფალი, ხოლო თუკი ისინი პოზიციაზე დარჩებოდნენ, მაშინ მესი იყო მეურვის გარეშე. ეტოოს და ანრის მცველები პოზიციებიდან გაჰყავდათ, მესი კი თავისუფალ სივრცეებში შედიოდა. შედეგად, 6-2 ბერნაბეუზე, ბარსელონას ისტორიული გამარჯვება 6 გატანილი გოლით.

ამ თამაშის შემდეგ მესი გვარდიოლას იდეალური False 9 გახდა. გვარდიოლას არ უყვარს მკვეთრად გამოკვეთილი თავდამსხმელები. მისი ყველა ფეხბურთელი ბურთის გათამაშებაში და გუნდურ მოძრაობაში უნდა იყოს ჩართული. დროგბას ტიპის თავდამსხმელი, რომელიც სტატიკურია და მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში თამაშობს, მის ტაქტიკაში ვერ ჯდება. სწორედ ამიტომ მოუწია გუნდიდან წასვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. მესი კი გვარდიოლასთვის იდეალური შემტევია - მას შეუძლია უკან ჩამოვიდეს და ბურთის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა და ამავე დროს, იდეალურად მოძრაობს და მეტოქის საჯარიმოში მუდამ დასარტყმელ პოზიციაზეა.

ფიზიკურად ძლიერი და სტატიკური დიდი თავდამსხმელები ევროპულ ფეხბურთში უკვე იშვიათობაა. თანამედროვე ფეხბურთში დიდი გუნდები ცდილობენ, რომ მოძრავი შემტევები ჰყავდეთ, რომლებიც გუნდურ თამაშში ჩართულები არიან და ბურთს მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში არ ელოდებიან. ყველაზე კარგი მაგალითი ისევ ერთ დროს ათლეტიზმით განთქმული პრემიერლიგაა. დროგბას, ვან ნისტელროსი ან ენდი კეროლის ტიპის დიდი თავდასმხმელები პრემიერლიგურ გრანდებს თითქმის აღარ ჰყავთ - სიტიში აგუერო თამაშობს, ჩელსიში მორატა, არსენალში ობამეიანგი, ლივერპულში ფირმინო. ჰარი კეინი გაბარიტების მიუხედავად გუნდურ თამაშში აქტიურად მონაწილეობს და ერთადერთ გამონაკლისად ისევ და ისევ იუნაიტედის რომელუ ლუკაკუ რჩება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • სხვა გუნდი

ტალანტი და არა ათლეტიზმი

გვარდიოლას ბარსელონამდე აქტიური და აგრესიული საყრდენების პერიოდი იყო - ჩელსის მაკელელე და ესიენი ჰყავდა, ბენიტესის ლივერპულს - მასკერანო, ჩაბი ალონსო, ჯერარდის სამეული, თვით რეალშიც კი თამაშობდა ლასანა დიარა. გვარდიოლამ ნახევარმცველების მთავარ ფუნქციად ბურთის გათამაშება აქცია. სწორედ მის ხელში გახდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები  ჩავი და ინიესტა, რბილად რომ ვთქვათ ორი არცთუ ისე ათლეტური მოთამაშე. თუკი ბურთს კარგად ფლობ და სწრაფად ათამაშებ, ბრძოლაში შესვლაც არ მოგიწევს.

დღეს თითოეულ დიდ გუნდს ჰყავს ისეთი ნახევარმცველები, რომლებიც შეტევას იწყებენ და ბურთს ათამაშებენ. ნომინალური ნახევარმცველი მასკერანო ბარსაში საერთოდ მცველად იქცა - მისი ტექნიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელი თანამედროვე თამაშში მოედნის ცენტრში უბრალოდ ვერ ითამაშებდა. სულ ცოტა ხნის კი პარი სენ ჟერმენმა ლივერპულთან გადამწყვეტ შემხვედრაში საერთოდ არ დააყენა საყრდენი ნახევარმცველი, პსჟ ვერატი-დრექსლერიც წყვილით თამაშობდა და საყრდენის ფუნქციებს მოძრავი და ტექნიკური მარკო ვერატი ასრულებდა.

აქცენტი დეტალებზე

გვარდიოლამ მწვრთნელის სამუშაო ახალ სიმაღლეზე აიყვანა. კატალონელი ძალიან ბევრს მუშაობს დეტალებზე და თითოეული მოწინააღმდეგისთვის, თუნდაც ეს ბევრად სუსტი გუნდი იყოს, სპეციალურად ემზადება. ჩავი იხსენებდა, რომ ბარსელონაში, მაგალითად, აუტების გათამაშებაზე ვარჯიში პირველად სწორედ გვარდიოლამ დაიწყო. თამაშის დროს იგი აქტიურად ხელმძღვანელობს გუნდს და ხშირად რამდენჯერმე ცვლის ტაქტიკას. თანამედროვე საფეხბურთო გრანდში უკვე რთულად წარმოსადგენია, მაგალითად, ჰარი რედნაპის ტიპის მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ სამწვრთნელო პროცესს ხელმძღვანელობს, შემადგენლობას არჩევს და ზოგად ტაქტიკას განსაზღვრავს - დეტალები კი ფეხბურთელებმა მოედანზე თავად უნდა გადაწყვიტონ.

შემთხვევითი არ არის, რომ ბარსელონაში გატარებული პერიოდიდან მოყოლებული მის სამწვრთნელო შტაბშია მანუელ ესტიარტე, უაღრესად საინტერესო კაცი - ესპანური და მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა - Maradona del aqua - ანუ წყლის მარადონა, როგორც მას უწოდებენ. ესტიარტე გვარდიოლასთან დიდი ხანია მეგობრობს. ესტიარტე, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წყალბურთელად მიიჩნევა, თავისი დიდი გამოცდილებით, გვარდიოლას აზრით, მოთამაშეებს ყველაზე კარგად ეხმარება სტრესულ მომენტებში ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახსნელად.

Take the Ball, Pass the Ball

გვარდიოლას თამაშის ძირითადი პრინციპები თეორიულად რთული არ არის. მის ბარსელონასადმი მიძღვნილ ფილმს - Take the Ball, Pass the Ball ჰქვია - თუ გავამარტივებთ, სწორედ ეს არის მისი ძირითადი იდეა - მოიპოვე ბურთი და მიეცი პასი.

ის სათამაშო და ტაქტიკური იდეები, რომლებსაც გვარდიოლა იყენებს, ცალკეული ელემენტების სახით სხვა გუნდებშიც გვინახავს, თუმცა პეპმა კრუიფის იდეები, ბარსელონას ტრადიცია და თავისი საფეხბურთო ხედვა ერთ კონცეფციაში გააერთიანა, რომელიც საფუძვლად დაედო მის გუნდს.

გვარდიოლას ეფექტი

გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ ევროპული კლუბების უმრავლესობა ცდილობს სწორედ ბურთის ფლობასა და პრესინგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშოს. გვარდიოლას იდეებმა გავლენა ყველა იმ საფეხბურთო ქვეყანაზე იქონია, სადაც კი მან იმუშავა. 2010-2012 წლების მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებში ძირითად ბირთვს სწორედ ბარსელონას მოთამაშეები (პიკე, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, დავიდ ვილა, ალბა, პედრო) წარმოადგენდენ. თავად ესპანური ფეხბურთისთვის გვარდიოლას სტილის თამაში, ფაქტობრივად, დოგმატურად იქცა და იშვიათი გამონაკლისების გარდა თითოეული ესპანური გუნდი ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს.

ბაიერნში გატარებული 3 წლის შემდეგ, გერმანიაში False 9-ით თამაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა. არამხოლოდ კლუბები, არამედ გერმანიის ნაკრებიც კი, მირო კლოზეს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, უმეტესად გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე თამაშობს და სწორედ ასე ითამაშა ბუნდესგუნდმა ევრო 2016-ისა და 2018 წლების მუნდიალის შეხვედრების უმეტესობა.

ეს ცვლილება, ტრადიციულად, ძალისმიერ და ათლეტურ პრემიერლიგასაც კი შეეხო. დიდიე დროგბა თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ ანდრე ვილაშ ბოაშმა ჩელსიში 2011 წელს დანიშვნის მერე ფეხბურთელებს უთხრა, რომ სწორედ ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაშს აპირებდა. ამისთვის მეკარესაც და მცველებსაც ბურთი უკნიდან უნდა გაეთამაშებინათ. დროგბას სიტყვებით ვილაშ ბოაშის ამ იდეის ჩელსიში არავის სჯეროდა - ფეხბურთელები მიიჩნევდნენ, რომ პრემიერლიგაში ასე თამაში არ გამოვიდოდა. ვილაშ ბოაშმა ცუდი შედეგების გამო ჩელსი მალევე დატოვა, თუმცა სულ რამდენიმე წელში გვარდიოლამ პრემიერლიგაში დაამტკიცა, რომ მისი ფეხბურთი ინგლისში ეფექტურია.

წელს პრემიერლიგის პირველი ხუთი გუნდი - გვარდიოლას სიტი, კლოპის ლივერპული, სარის ჩელსი, ემერის არსენალი და პოჩეტინოს ტოტენჰემი სწორედ ბურთის ჭერაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს.

თუკი სულ რაღაც 10 წლის წინ, არცერთ პრემიერლიგურ გრანდს არ ჰქონდა თამაშში საშუალოდ 60-პროცენტიანი ბურთის ფლობა, წელს სულ მცირე ორი გუნდი სცდება 60 პროცენტიან მაჩვენებელს.

ბურთის ფლობისათვის აუცილებელია აქტიური პრესინგი, რათა გუნდმა ბურთი სწრაფად დაიბრუნოს. ამ სეზონში 5-ივე პრემიერლიგური გრანდი აქტიურ პრესინგს მიმართავს. ერთადერთი დიდი ინგლისური გუნდი, რომელიც აქტიური პრესინგის გარეშე თამაშობს - მოურინიოს მანჩეტერ იუნაიტედია, რომელიც ცხრილის შუაშია. ჟოზეს ფეხბურთი თანამედროვე ტენდენციების ფონზე ძალიან მოძველებულად გამოიყურება.

გვარდიოლას ეფექტი გულშემატკივარს

გვარდიოლას გუნდი გულშემატკივარმა ეგრევე შეიყვარა - არც არის გასაკვირი, დანიშვნის შემდეგ პირველ ათ თამაშში ბარსამ 4-ჯერ შეაგდო 6 ან მეტი გოლი. გულშემატკივრისთვის გვარდიოლას ფეხბურთი გოლებს და შემტევ თამაშს ნიშნავს.

გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ საკლუბო ფეხბურთში აქცენტი შემტევ თამაშზე კეთდება - საუკეთესო მაგალითი გოლების რაოდენობის ზრდაა. თუკი 2006-2007 წლების ჩემპიონთა ლიგაში საშუალოდ თამაშში 2.47 გოლი გადიოდა, გვარდიოლას ფეხბურთის დომინაციასთან ერთად ეს მაჩვენებელი მუდამ იზრდება და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშში რეკორდულად ბევრი, თამაშში საშუალოდ 3.21 გოლი, გადიოდა.

გასული 10 წელი მსოფლიო ფეხბურთზე გავლენა სწორედ გვარდიოლას იდეებმა და მისმა ბარსელონამ იქონია. ბარსას წარმატებებმა გვარდიოლას ფეხბურთი პოპულარული მთელ მსოფლიოში გახადა. დღეს ის მწვრთნელებიც კი, რომლებიც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ორიენტირად სწორედ გვარდიოლას იღებენ ანუ ცდილობენ მის თამაშს დაუპირისპირონ რამე. პეპთან ერთად ჩვენ ფეხბურთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რევოლუციას მოვესწარით.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები