Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ინტერის ბოსები ძალიან უკმაყოფილონი არიან
  • 59 წლის სპეციალისტს დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებენ
  • სპალეტის სავარაუდო შემცვლელებად კონტე, სიმეონე და მოურინიო სახელდებიან

იტალიური სერია A-ს ერთ-ერთმა გრანდმა მილანის ინტერმა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა თანამდებობიდან ვადამდე გაათავისუფლოს. როგორც ირკვევა, კლუბის მფლობელები ძალიან უკმაყოფილოები არიან გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო და გამოითქმის ვარაუდი, რომ "ნერაძური" სპეციალისტს მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება.

იტალიის სპორტული მედია უკვე წერს ინტერში სპალეტის სავარაუდო მემკვიდრეებზე. Football Italia მთავარ კანდიდატად კი ანტონიო კონტეს ასახელებს, რომელიც ლონდონის ჩელსისთან დაშორების შემდეგ უმუშევარია. საგულისხმოა, რომ კონტე ძალიან კარგად იცნობს მილანური კლუბის ახალ გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას, რომელთან ერთადაც თავის დროზე ტურინის იუვენტუსში უმუშავია.

49 წლის კონტე ინტერის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

მედია ნერაძურის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატად ასევე განიხილავს მადრიდის ატლეტიკოს თავკაც დიეგო სიმეონეს, რომელსაც ერთ დღეს ინტერის ჩაბარების სურვილი თავად გამოუთქვამს. მილანურ კლუბში არც ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაა გამორიცხული, თუკი პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედს დაემშვიდობება.

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მილანის ინტერმა გამოსვლა 8 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს. ამ ჯგუფიდან პლეი ოფში ბარსელონა (12) და ტოტენჰემი (8) გავიდნენ.

სერია A-ში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ "ნერაძურის" 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ლიდერ იუვენტუსს კი 14 ქულით ჩამორჩება. 

ლუჩანო სპალეტი მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელად 2017 წლის ზაფხულში დაინიშნა. კლუბსა და 59 წლის სპეციალისტს შორის კონტრაქტი 2021 წლამდეა გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები