Thumbnail
  • მოსკოვის ცსკა-სთან 0:3 წაგების შემდეგ რეალში ცუდ ხასიათზე არიან
  • სოლარიმ თქვა, რომ ასეთი წაგება მასაც არ მოსწონს
  • ფანებმა ისკოს უსტვინეს და კაპიტნის სამკლაურზე უარი თქვა

წესით, მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მოსკოვის ცსკა-სთან დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი დაკარგა!

მერე რა, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურის წინ, მერვედფინალში თამაშიც განაღდებული ჰქონდა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაც - საბოლოოდ რეალმა ისტორიული მარცხი იწვნია. მატჩის შემდეგ სანტიაგო სოლარის კრიტიკული კითხვების მოსმენა მოუხდა, ისკოს კი მატჩის დროსვე უსტვინეს.

"ბერნაბეუს" პუბლიკამ ისკოს უსტვინა

სოლარი ამბობდა, რომ ცსკა-სთან მატჩი მნიშვნელოვანი იყო და ფეხბურთელებისგან მაქსიმალურად კონცენტრაციას ითხოვდა. ცსკა და პლზენი ამ ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, რეალს და რომას კი დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. საბოლოოდ, ევროპალიგის საგზური პლზენმა მოიპოვა, რადგან რომა დაამარცხა, რეალი კი ჩეხურ კლუბს ვერაფრით დაეხმარა. 

სანტიაგო სოლარი წნეხის ქვეშაა

პლზენის დახმარება კი არა, რეალმა ევროტურნირებზე შინ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო - თანაც, კიდევ ერთხელ, მოსკოვის ცსკა-სთან! ამით, მადრიდული გრანდის ისედაც წახდენილი სეზონის წიგნში კიდევ ერთი სამარცხვინო თავი დაიწერა.

“საკუთარ მოედანზე წაგება, თანაც ასეთი ანგარიშით, გულდასაწყვეტია,” - თქვა რეალის 42 წლის მწვრთნელმა და კრიტიკულ კითხვებს მოწყენილი სახით უსმენდა. მაგალითად: რატომ არ გაიყვანა აშკარად ტრავმირებული გარეთ ბეილი მოედნიდან - მერე რა, რომ შესვენებაზე შეყვანილი იყო?

ის ფაქტი, რომ სოლარიმ ცსკა-სთან შეხვედრაში ექსპერიმენტირება გადაწყვიტა და უესკასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, ძირითად შემადლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალა, ლოგიკურია. მადრიდელთა დამრიგებელი ენდო 20 წლის ხავი სანჩესს, 18 წლის ვინისიუს ჟუნიორსა და 20 წლის ფედე ვალვერდეს. მატჩის შემდეგ სოლარიმ აღიარა, რომ ეს რისკი იყო, მაგრამ თავისი გადაწყველება დაიცვა: “ამისათვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვირებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა აუცილებელი იყო!”

საბოლოოდ, რეალმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” რუსულ კლუბთან 0:3 რომ წააგო, ეს მხოლოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელების ბრალი არ ყოფილა. სულაც პირიქით: მაგალითად, ვინისიუს ჟუნიორს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია - მარცხენა ფლანგზე ძალიანაც აქტიურობდა. პირველ ტაიმში 18 წლის ფეხბურთელის ჭკვიანური პასი ბენზემამ ვერ გამოიყენა, მეორე ნახევარში კი ისკოს შეუქმნა საგოლე მომენტი, მაგრამ ამ უკანასკნელმაც ვერ ივარგა.

ისკოსთვის, რომელიც სოლარის ისედაც უკმაყოფილო ჰყავს, ეს მომენტი კიდევ ერთი დარტყმაა. საგოლე შანსის განიავების შემდეგ, ასეთ წაგებებს მიუჩვეველი “ბერნაბეუს” პუბლიკა მას დიდხანს უსტვენდა. ამ ყველაფერს ისკოს ცუდი ჟესტიც დაემატა. კითხვაზე, ვისკენ იყო მიმართული ის, მსაჯისკენ თუ ტრიბუნებისკენ, სოლარიმ ასე უპასუხა: “არაფერი დამინახავს. ზოგადად, ფანები იმიტომ უსტვენენ, რომ შედეგი არ მოსწონთ. მათ ისკო არ უგულისხმიათ. შედეგი ჩვენც არ მოგვწონს.”

რეალის ფანებმა ისკო მაშინღა დაინდეს, როცა შეამჩნიეს, რომ არ ნებდებოდა და მაინც ბოლომდე ბრძოლას ცდილობდა. თუმცა, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დროს “სანტიაგო ბენრბეუს” ტრიბუნები უკვე ნახევრად დაცარიელებული იყო.

მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისტორიული გამარჯვება იზეიმეს

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რის გამოც ისკოს აკრიტკებენ: საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე, როცა მარსელო მოედანს ტოვებდა, ისკოსთან მივიდა და მას კაპიტნის სამკლაური შესთავაზა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა.

“ვეცადე, რომ სამკლაური ისკოსთვის მიმეცა, მაგრამ მითხრა, დანი კარვახალს მიუტანეო,” - არ დამალა მომხდარი მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა და მიუხედავად იმისა, რომ მხრები არ აუჩეჩავს, ყველა მიხვდა - ისკოს საქციელი მანაც ვერ გაიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები