Thumbnail
  • სტეფ კარი და კომპანია ტორონტოსთან დამარცხდნენ
  • რეპტორსმა გოლდენ სტეიტს ოკლენდში 113:93 მოუგო
  • ლიგის საუკეთესო გუნდი ორი წამყვანი კალათბურთელის არყოფნამაც ვერ შეაჩერა

NBA-ს ტოპ-გუნდების დუელი ტორონტომ მოიგო! რეპტორსმა გოლდენ სტეიტი მისსავე “ორაკლ არენაზე” 113:93 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ლიგის საუკეთესო გუნდის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა. 23 გამარჯვებითა და 7 მარცხიღ ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერია, გოლდენ სტეიტმა კი (19:10) დასავლეთში ლიდერობა დენვერ ნაგეთსს დაუთმო.

სტეფ კარიმ უჩვეულოდ ცუდად ითამაშა

ტორონტო ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ამ გამარჯვებაშიც თითქოს არაფერია ალოგიკური, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეპტორსი თავისი სუპერვარსკვლავის, კავაი ლეონარდის გარეშე თამაშობდა. პლუს ამას, ტორონტოს ცენტრი იონას ვალანჩუნასიც მალე გამოეთიშა. გოლდენ სტეიტს კი - სტეფ კარიც ჰყავდა და კევინ დურანტიც. აღსანიშნავია, რომ რეპტორსი და უორიორსი ერთმანეთს ორი კვირის წინაც შეხვდნენ და მაშინ ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო - ოღონდ, იმ შეხვედრაში გოლდენ სტეიტს კარი და დრეიმონდ გრინი აკლდნენ. 

ტორონტოს სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო - საუკეთესო კი კაილ ლოური გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (23 ქულა, 12 პასი). სერჟ იბაკამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 12 მოხსნა. გოლდენ სტეიტი შეტევაში მოიკოჭლდება - ამაში მხოლოდ კევინ დურანტი არ იგულისხმება, რომელმაც 30 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. განსაკუთრებით ცუდი დღე სტეფ კარის ჰქონდა - მან 12 მცდელობიდან მხოლოდ 3 ჩააგდო (აქედან ორი 3-ქულიანი) და ბოლოს მხოლოდ 10 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა ჩაიწერა. აბსოლუტური იმედგაცრუება იყო გრინიც, რომელმაც 24 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო (20 პროცენტი).

ამრიგად, გოლდენ სტეიტმა ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ისევ წააგო - ეს საკუთარ “ორაკლ არენაზე” მესამე მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები