Thumbnail

'ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე ნაწილი ამიერიდან იწყება' - რონალდო მშვიდადაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის თავდამსხმელმა იანგ ბოიზთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • რონალდომ გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოყენა, თუმცა საგოლე პასი მიითვალა
  • მარცხის მიუხედავად, ტურინულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირში გუნდის გამოსვლასა და სამომავლო მიზნებზე ილაპარაკა. 

ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში კრიშტიანომ და მისმა გუნდმა სტუმრად შვეიცარიაში იანგ ბოიზთან შეხვედრა ანგარიშით 1:2 წააგეს, თუმცა ჯგუფში გამოსვლა პირველი ადგილით დაასრულეს. პორტუგალიელმა ამ მატჩში მხოლოდ საგოლე პასი მიითვალა.

"ამიერიდან ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე ნაწილი იწყება და დარწმუნებული ვარ, მას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რა შეუძლია ამ გუნდს და რა შემიძლია მე. 

რაც შეეხება იანგ ბოიზთან მატჩს, რამდენიმე გოლის გატანა მარტივად შემეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ახლა ყურადღება მომავალ თამაშზე უნდა გავამახვილოთ", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს უეფას პრესსამსახური.

რონალდო იანგ ბოიზთან შეხვედრაში მხოლოდ საგოლე პასით დაკმაყოფილდა 

მას შემდეგ, რაც 33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი ტურინული კლუბის ფეხბურთელი გახდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ბევრი იუვენტუსს მიიჩნევს.

კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული (ერთხელ მანჩესტერ იუნაიტედში, 4-ჯერ რეალში), ჯგუფურ ეტაპზე გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.  

იუვენტუსმა H ჯგუფი 12 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედი გავიდა 10 ქულით. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები