- ინდეპენდიენტე ერთ-ერთი პირველი არგენტინული კლუბია, რომელმაც ინვესტიცია eSports-ში ჩადო
- მათ ახალ წამოწყებას გვერდში Puma უდგას
საფეხბურთო კლუბი ინდეპენდიენტე eSports გუნდს ქმნის. არგენტინული კლუბის სახელით კიბერ სპორტსმენები მონაწილეობას FIFA 19-ის ტურნირებზე მიიღებენ.
თუკი ახალი პროექტი წარმატებული იქნება, ინდეპენდიენტე ელექტრონული სპორტის სხვა კლასიკური სახეობებითაც დაინტერესდება, როგორებიც Fortnite და League of Legends-ია.
კლუბმა უკვე აიყვანა არგენტინული ელექტრონული სპორტის ორი ყველაზე დიდი სახელი - დიეგო გონსალესი და იაგო ფავაზი.
მათ ახალ წამოწყებას გვერდში Puma უდგას, რომელიც ინდეპენდიენტეს საფეხბურთო კლუბის მაისურების მწარმოებელიცაა.
'გვიხარია, რომ ინდეპენდიენტეს ამ ახალ ეტაპზეც ჩვენ წარმოვადგენთ. ბევრს ვიშრომებთ, რომ e-Superliga მოვიგოთ,' - თქვა გუნდის მენეჯერმა, სებასტიან ფერნანდესმა.
ინდეპენდიენტე პრიმერა დივიზიონში თამაშობს და ერთ-ერთი პირველი არგენტინული კლუბია, რომელმაც ელექტრონულ სპორტში ინვესტიცია ჩადო.
მსოფლიო მასშტაბით eSports-ში უკვე 13 მილიონ მოთამაშეზე მეტია ჩართული და ინდუსტრიის ღირებულება დაახლოებით 665 მილიონი აშშ დოლარია. ვარაუდობენ, რომ ეს თანხა 2022 წლისათვის სამ მილიარდამდე გაიზრდება.
კომენტარები