Thumbnail

‘სასწაული გუნდი მყავს, ნაპოლი მეცოდება!’ - კლოპმა ენფილდს მადლობა გადაუხადა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია
  • ნაპოლი ევროპალიგაზე გადაინაცვლებს
  • იურგენ კლოპისა და კარლო ანჩელოტის კომენტარები მატჩის შემდეგ

2013/2014 წლების სეზონში, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სულაც 12 ქულით ჩარჩა (დორტმუნდი და არსენალი გავიდნენ), ახლა კი, სამხრეთიტალიურმა კლუბმა რთული ჯგუფიდან გასვლა 9 ქულით ვერ შეძლო - პსჟ და ლივერპული გავიდნენ.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ნაპოლი ამის გამო ძალიან ეცოდება. გერმანელმა ისიც თქვა, რომ ნაპოლის ჯგუფში ჩატოვება პირველ რიგში მისი გუნდის დამსახურებაა.

“ჯერ ვერ ვნახე გუნდი, რომელმაც ნაპოლის ისეთი პრობლემები შეუქმნა, როგორც ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ, - თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ, Sky-ს მიკროფონთან, - ჩვენ თავი შეტევით დავიცავით, მათი თამაში გავაქრეთ.”

კლოპი მართალია. ლივერპულმა მალევე შეძლო უპირატესობის მოპოვება, რაშიც “ენფილდის” ენფილდის პუბლიკამაც შეუწყო ხელი, რის შემდეგაც მოჰამედ სალაჰმა გაიტანა გოლი, რომელმაც მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოუტანა. იყო 2:0-ისა და 3:0-ის შანსებიც. ნეაპოლელებს ბოლოსღა ჰქონდათ ორი ტოპ-მომენტი, რომლებიც ხოსე კალეხონმა და არკადიუშ მილიკმა ვერ გამოიყენეს.

'სალაჰის გოლი სასწაული იყო, ალისონის სეივი კი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, უბრალოდ სიგიჟე. ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს!'

კლოპი: “შეუდარებელი და არაჩვეულებრივია ის, რა ამ სტადიონს ამ გუნდთან ერთად შეუძლია. მადლობა “ენფილდს”! ამ საღამოს უბრალოდ ძალიან ბევრი რამ იყო სწორად და თითქმის არაფერი არასწორად. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ეს უკვე აბსოლუტურად სულერთია. სალაჰის გოლი სასწაული იყო, ალისონის სეივი კი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, უბრალოდ სიგიჟე. ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს. ვამაყობ ჩემი გუნდით და ყველაფრით, რაც ბიჭებმა გააკეთეს. თამაშის ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მერვედფინალში გავიდოდით. ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, გავარდნილიყავით. ამის გამო თავისუფლად, წნეხის გარეშე ვითამაშეთ და ფეხბურთელებსაც ყველაფერი გამოუვიდათ.”

ნაპოლიში კი მძიმე მდგომარეობაა - მიუხედავად 9 ქულისა, გუნდმა მაინც ევროპალიგაზე უნდა გამოიზამთროს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მარტო იმიტომ ვერ გავიდა, რომ ლივერპულზე 2 გოლით ნაკლები გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა კარლო ანჩელოტიმ (ორჯერ მილანთან, ერთხელ კი რეალთან ერთად) იურგენ კლოპს გამარჯვება საფინალო სასტვენისთანავე მიულოცა.

გამარჯვების გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა

“ჯგუფი ძალიან რთული იყო. კარლო ანჩელოტის გამო ძალიან ვწუხვარ - ის არაჩვეულებრივი მწვრთნელი და მაგარი ადამიანია. რა თქმა უნდა, ნაპოლიც მეცოდება - ამ გუნდს დორტმუნდის დროიდან ვიცნობ და კარგად მახსოვს ის სეზონი, როცა ნაპოლი ჯგუფში 12 ქულით ჩარჩა. ასეთი ამბები ძალიან სამწუხაროა,” - დასძინა ლივერპულის გერმანელმა დამრიგებელმა.

რაც შეეხება ანჩელოტის - 59 წლის იტალიელს Sky Sports Italia-სთან საუბრისას თვითგვემაზე არც უფიქრია: “მიუხედავად იმისა, რომ იმედები გაგვიცრუვდა, უნდა მივიღოთ ის, რაც მოხდა და როგორც მოხდა. ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმალურად ვეცადეთ. ჯგუფში 6 თამაში ჩავატეთ და ამ 6 მატჩში, თუ არ ვცდები, იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენგან ამ ურთულეს ჯგუფში ელოდნენ. მერვედფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამიტომ, ჩემპიონთა ლიგას თავაწეულები ვემშვიდობებით.”

კომენტარები

ბოლო ამბები