Thumbnail
  • ჰიუსტონმა სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა
  • ჰარდენმა, პოლმა და კომპანიამ პორტლენდი 111:104 დაამარცხეს
  • როკეტსი დასავლეთში მაინც ბოლოსწინა ადგილზეა

ჰიუსტონ როკეტსმა გამარჯვების გემო გაიხსენა - ჯეიმს ჰარდენმა და კომპანიამ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, პორტლენდი 111:104 დაამარცხეს. გუნდში ჰარდენი ისევ საუკეთესო იყო (29 ქულა), მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰიუსტონმა პირველ რიგში გუნდური კალათბურთით მოიგო.

ჯეიმს ჰარდენი - 29 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა

ჰარდენთან ერთად, შვიდმა კალათბურთმა შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. ერიკ გორდონის ანგარიშზე 14 ქულაა, ცენტრმა კლინტ კაპელამ კი 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შესანიშნავად ითამაშეს სასტარტო ხუთეულს მიღმა მყოფმა კალათბურთელებმაც - მათ ანგარიშზე ჯამში 37 ქულაა. მარტო ჯერალდ გრინმა 13 ქულა ჩააგდო - იმდენი, რამდენიც პორტლენდის ყველა სათადარიგო მოთამაშემ ერთად.

ტრეილბლეიზერსიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ - 34 ქულით. კარგად ითამაშეს სი ჯეი მაკოლუმმა (22) და იუსუფ ნურკიჩმაც (15 ქულა, 10 მოხსნა). თამაში დიდხანს იყო თანაბარი, მერე კი, მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში, მასპინძლებმა 25:5 გაქცევა მოახერხეს. მართალია, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, პორტლენდი თამაშში დაბრუნდა, როცა 17-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ჰარდენმა და კრის პოლმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და თამაში ჰიუსტონის გამარჯვებამდე მიიყვანეს. სხვათა შორის, პოლმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი.

მიუხედავად წარმატებისა, ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში მაინც ბოლოსწინა ადგილზეა (12 მოგება, 14 წაგება), პორტლენდი კი - მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები