Thumbnail
  • ბაიერნმა ფრენკი დე იონგის გადაბირების სურვილი დაადასტურა
  • ფეხბურთელის მამას შვილისთვის ბარსელონა ურჩევნია
  • მთავარი მაინც ფულია და ერთ-ერთი მსურველი პარი სენ-ჟერმენიცაა

აიაქსი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ამსტერდამული გრანდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ფრენკი დე იონგია. 21 წლის ნახევარმცველი ჰოლანდიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. მისი შეძენით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. ერთ-ერთი მიუნხენის ბაიერნია, სადაც დე იონგის გადაბირების სურვილი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

ფრენკი ჰოლანდიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია

“მას დიდი ხანია ვიცნობ, შესანიშნავად განვითარდა და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ჰოლანდიის ნაკრებშიც მუდმივად თამაშობს, აიაქსში კი ერთ-ერთი ლიდერია. დე იონგი ძალიან კარგი ფეხბურთელია,” - განაცხადა ბავარიული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ნიურნბერგთან მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ. ცნობილია, რომ დე იონგის შეძენაზე პარი სენ-ჟერმენშიც ფიქრობენ, რაზეც სალიჰამიჯიჩს ასეთი პასუხი აქვს: “პსჟ-ს ფინანსურად ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ!” 

ბაიერნის ბოსნიელმა შეფმა ზამთარში ტრანსფერები არ გამორიცხა: “ჩვენ რამდენიმე კარგ ფეხბურთელს ვაკვირდებით და ვეცდებით, იანვარმა უტრანსფეროდ არ ჩაიაროს. თუმცა ზამთარში ტრანსფერების განხორციელება ყოველთვის რთულია,” - დასძინა სალიჰამიჯიჩმა.

“ბრაცოს” ამ განცხადებას ორ დღეში ფეხბურთელის მამა, ჯონ დე იონგი გამოეხმაურა: “95 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ფრენკი აიაქსიდან წავა. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი ბარსელონა იქნებოდა, რადგან სწორედ კატალონიური გრანდი თამაშობს ისეთ ფეხბურთს, რომელშიც ფრენკი იდეალურად ჩაჯდება, მაგრამ აქ მთავარია, ვინ გადაიხდის მის სანაცვლოდ იმ თანხას, რაც საჭიროა,” - განაცხადა უფროსმა დე იონგმა Voetbal Primeur-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, ყველაფერი გაზაფხულზე გაირკვევა - ფრენკი დე იონგის ტრანსფერი ზამთარში გამორიცხულია.

კომენტარები

ბოლო ამბები