Thumbnail
  • პორტუგალიელი იუვეზე, რეალზე, ჩემპიონთა ლიგასა და ოქროს ბურთზე
  • ენატრება თუ არა კრიშტიანო რონალდოს ლიონელ მესისთან მეტოქეობა
  • რით განსხვავდება იუვე მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალისგან

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, იტალიაში გადაბარგების შემდეგ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 33 წლის პორტუგალიელმა იუვენტუში გადასვლაზე, ტურინულ ყოფაზე, ოქროს ბურთზე, რეალსა და ლიონელ მესისთან მეტოქეობასა და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა.

10 ივლისი - 10 დეკემბერი. ხუთი თვე გავიდა, რაც იუვენტუსში გადახვედი. რა შეგიძლია თქვა აქ გატარებული 150-ზე მეტი დღის შემდეგ იუვეზე, ტურინზე, იტალიაზე?

აქ ბედნიერი ვარ - მშვენიერი ქალაქი, დიდებული გულშემატკივრები. იუვენტუსი ბრწყინვალედ ორგანიზებული, ფანტასტიკური კლუბია, ფეხბურთელები კი - პროფესიონალები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ. მთლიანობაში, ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. 

თუ რეალის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაქსიმალურად დავიხარჯები.

არიან მოთამაშეები, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს შენზე?

არასწორი იქნება ვინმეს გამორჩევა. ეს საუკეთესო გუნდია, რომელშიც მითამაშია. ეს მართლა გუნდია, სადაც არავინ ფიქრობს, რომ სხვაზე უკეთესია. ყველა დამუხტულია, ყველა შრომობს და ყველას გამარჯვება სურს. თუკი დიბალა ან მანჯუკიჩი ვერ გაიტანენ, მაინც კარგ ხასიათზე არიან. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. მადრიდშიც ყველა პროფესიონალი იყო, მაგრამ… იქ შრომის კულტურა სხვა დონეზეა. რეალთან განსხვავება ბევრია. იუვენტუსი უფრო მეტად ოჯახია.

33 წლის პორტუგალიელის თქმით, იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია

თებერვალში შესაძლოა რეალს ჩემპიონთა ლიგაში დაუპირისპირდეთ. არჩევანის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ისურვებდით შეხვედრას?

ჩემთვის სულერთია. წარსული წარსულია. ახლა გამარჯვება იუვესთან ერთად მსურს. ამ გუნდის ღირსებას ვიცავ და სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. თუ რეალის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაქსიმალურად დავიხარჯები.

ბევრს საუბრობენ მარსელოზე, ისკოზე, რეალის სხვა ფეხბურთელებზე, რომლებიც შეიძლება იუვეში აღმოჩნდნენ. გაგახარებდა რომელიმე მათგანის გვერდით ხილვა? 

ვნახე, რაც იწერება ხამესზე, ბეილზე, ასენსიოზე. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იუვენტუსს ახალწვეულები არ სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე აჯობებს პრეზიდენტმა ისაუბროს. მარსელო ძლიერი ფეხბურთელია, ჩვენთან კი ასეთებისთვის კარი ღიაა.

კარგი იქნება, თუ მესიც მიიღებს გამოწვევას და გადმოვა იტალიაში სათამაშოდ

როდის მიხვდი, რომ იუვენტუსში გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იყო?

არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი მქონდა. იუვენტუსი კი სტაბილური გუნდია, დიდი ისტორიით, ბოლო წლებში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ზედიზედ შვიდჯერ მოიგო ჩემპიონატი. გამახსენდა, რას ვგრძნობდი, როდესაც ტურინელთა წინააღმდეგ ვთამაშობდი, სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. დიდი სურათი პატარა დეტალებისგან შედგება და გადამწყვეტი როლი წვრილმანებმა შეასრულა. პრეზიდენტის დამოკიდებულება, გულშემატკივრები... ახლა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არ შევმცდარვარ.

რონალდო მასიმილიანო ალეგრის გულწრფელობით აღფრთოვანებულია

რა არის მთავარი, რითაც იუვე მანჩესტერ იუნაიტედისა და რეალისგან განსხვავდება?

იტალიაში სხვა მენტალიტეტია. გუნდები უფრო დაცვაზე ფიქრობენ, ვიდრე - შეტევაზე. თამაშის ორგანიზაციაც სულ სხვაა. ესპანეთში ყველაფერი უფრო მშვიდადაა, აქ კი ყველა საქმეზე სერიოზულადაა მომართული.

როგორ შეადარებ ალეგრის სხვა მწვრთნელებს?

დიდი ხანი არაა, რაც ერთად ვმუშაობთ და ძნელი იქნება რაიმეს თქმა. ის დიდი პროფესიონალი, ბრწყინვალე მწვრთნელია - ერთდროულად სერიოზულიც და მხიარულიც. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება კი ისაა, რომ პირდაპირი და კონკრეტულია, არაფერს მალავს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ალეგრის ვინმეზე რაიმე ეთქვას და ჩვენ ვერ გაგვეგო, ვის გულისმხობდა. ერთხელ ერთ ფეხბურთელს უთხრა: "ნუ მიდიხარ დრიბლინგზე. შენი საქმე სირბილი და ჩაწოდებაა". ის ძალიან გულწრფელია. ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ ყველაფრის პირში თქმას ვერ გაბედავს, მაგრამ ის მაინც ამბობს. შემდეგ გაგიღიმებს და მოგეხვევა. ნამდვილი პროფია.

ვარჯიშების შემდეგ ხშირად აწყობთ გარკვეულ შეჯიბრებებს სანაძლეოზე. ალეგრი მონაწილეობს ხოლმე?

არა, არასდროს. დიბალა, მანჯუკიჩი, ხედირა და მე და 99% შემთხვევაში მოგებული მე ვრჩები ხოლმე - ვიგებ რამდენიმე ევროს ან ბოთლ ღვინოს. 

პორტუგალიელს ლიონელ მესისთან შედარება არ მოსწონს

მესისთან დაუსრულებელ ბრძოლაში გაიმარჯვე?

ეს არ არის ბრძოლა ჩემსა და მესის შორის. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვაღწევ წარმატებას თითოეულ კლუბში და სწორედ ესაა ჩემთვის უმთავრესი. არ მომწონს, როდესაც ვინმეს მადარებენ. ეს უსამართლოა. ყველაფერზე სტატისტიკა მეტყველებს. არ ვარ ვალდებული, ვინმეს რამე დავუმტკიცო. ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა, გამოვედი კომფორტის ზონიდან, მივიღე ახალი გამოწვევა და ყველაფერი კარგად მიდის. მჯეროდა საკუთარი თავის და დავუმტკიცე ადამიანებს, რომ ჯერ კიდევ ვარ ძლიერი ფეხბურთელი.

ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთს" ყოველ წელს ვიმსახურებ... მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული

მესი სულ არ გენატრება?

შესაძლოა, ალბათ, მას უფრო… მითამაშია ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ის კი მხოლოდ ერთ გუნდში გამოდის. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა, მომწონს, რომ ადამიანებს ვაბედნიერებ. კარგი იქნება, თუ ერთ დღეს მესიც გადმოვა იტალიაში სათამაშოდ. მაგრამ თუკი ის ბარსელონაში ბედნიერია, პატივს ვცემ მის არჩევანს. ლიონელი ფანტასტიკური ფეხბურთელი, კარგი ბიჭია. მაგრამ ის არ დამაკლდა. მე აქ ახალი ცხოვრება მაქვს და ყველაფერი ბრწყინვალედაა.

შეგიძლია კიდევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და თან, არაერთხელ?

ფეხბურთი არ არის ინდივიდუალური სპორტი. საკუთარი თავის მჯერა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე არ უნდა დაიციკლო, ამაზე მშვიდად უნდა იფიქრო. ოცნებაა თუ არა ჩემპიონთა ლიგა? დიახ, ყველას გვინდა გამარჯვება, მაგრამ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ნახეთ იუნაიტედთან ჩვენი დაპირისპირება. ეს რომ ყოფილიყო ¼-ფინალი, გამოვვარდებოდით. ცოტა გამართლებაც არის საჭირო, რაღაცები უნდა დაემთხვეს. 

კვირის ბოლოს ტორინოსთან დერბი გაქვთ. რას ფიქრობთ მასზე?

ამ დილით ერთმა მითხრა: "გთხოვთ, ტორინოს მოუგეთ, თორემ ბებიაჩემი…" მივხვდი, რომ იუვენტინისთვის ორ მეტოქესთან წაგება განსაკუთრებით მიუღებელია: ინტერსა და ტორინოსთან. დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ეს არის მატჩი, რომელშიც გამარჯვებაა საჭირო.

თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა. ზოგჯერ უკეთესია იმის დავიწყება, რომ კრიშტიანო ვარ

იტალიაში შენზე ლაპარაკობენ, როგორც იდეალურ ფეხბურთელზე და არასდროს ახსენებენ ნაკლოვანებებს. საერთოდ, გაქვს ნაკლი?

რთული სათქმელია. ვცდილობ, მოედანზე კვლავაც ვისწავლო, ვარჯიშებზე კი უკეთესი, უფრო ძლიერი გავხდე. ცოტა ხნის წინ ზურგი მტკიოდა იმის გამო, რომ ზედმეტ წონას შევეჭიდე. იუვენტუსის მწვრთნელებმა ერთი სავარჯიშო მირჩიეს და ტკივილიც გაქრა. მგონია, რომ კარგად ვიცნობ საკუთარ სხეულს, მაგრამ რჩევამ მიშველა. იმის თქმა მსურს, რომ ყოველთვის შეიძლება სწავლა და განვითარება.

იუვენტუსში უკვე ბევრი რამ ვისწავლე - მენტალიტეტის მხრივაც და ტექნიკური კუთხითაც. ამ დრომდე ვეუფლები მანჯუკიჩთან, დიბალასთან, კოსტასთან შეთანხმებულად მოქმედებას. იდეალური არავინაა. ექვსი-შვიდი წლის წინ ასეთი მშვიდი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები მაქვს, მაგრამ ვმუშაობ ამაზე.

კრიშტიანო ბრწყინვალე ფიზიკური ფორმის საიდუმლო სამ კომპონენტშია

როდის მიხვდა კრიშტიანო რონალდო, რომ ის კრიშტიანო რონალდოა?

ზოგჯერ მეგობრები და ნათესავები მეუბნებიან: "ეი, ხვდები, რომ კრიშტიანო რონალდო ხარ? შენთვის არ შეიძლება ამის, ამის და ამის გაკეთება". ხშირად მავიწყდება ჩემი სტატუსი და ეს კარგია. თუკი იმაზე იფიქრებ, რომ ყველაფერი მოიგე, გამოიმუშავე დიდი ფული, მიაღწიე წარმატებას, საკუთარ თავზე მუშაობას აღარ გააგრძელებ. მე ვამჯობინებ ვიფიქრო, თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა. ზოგჯერ უკეთესია იმის დავიწყება, რომ კრიშტიანო ვარ.

გულშემატკივრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

ვცდილობ, ზრდილობიანი ვიყო ყველას მიმართ, მაგრამ ეს ზოგჯერ ძნელია. განსაკუთრებით იტალიაში. ადამიანები მცნობენ ქუჩაში, აჩერებენ მანქანებს, მოდიან ფოტოს გადასაღებად. მე მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი არ ვარ, თუმცა ვცდილობ, ყველას პატივისცემით მოვეპყრა. განსაკუთრებით მათ, ვინც ბავშვებთან ერთადაა.

კრიშტიანინიომ, ევამ, მატეომ და ალანა მარტინამ იციან, რომ მათი მამა ცნობილი ადამიანია?
 

კრიშტიანო რონალდოს სამი ძირითადი წესი: საჭიროა ძილი, ჯანსაღი კვება და კარგი ვარჯიში

უმცროსმა კრიშტიანომ - რა თქმა უნდა, ის იუვენტუსში თამაშობს და უხარია, რომ მამამისი ვარსკვლავია. ზოგჯერ მეკითხება, შეიძლება თუ არა შინ მეგობრების მოყვანა. მე ნებას ვრთავ, ის კი ამატებს: "ოღონდ შენც სახლში უნდა იყო, რადგან მათ შენთან სურთ სურათის გადაღება". ეს ჩემი, როგორც მამის ცხოვრების ნაწილია. კრიშტიანინიოს სურს, მე დამემსგავსოს, დანარჩენები კი ჯერ პატარები არიან, მაგრამ მალე ყველაფერს მიხვდებიან.

იტალიაში ბავშვებს აინტერესებთ, რას მიირთმევს რონალდო, რომ მასავით ძლიერები იყვნენ.

აუცილებელია ჯანსაღი კვება, არავითარი ტკბილეული. არ ვეკარები ალკოჰოლს. არის სამი ძირითადი წესი: ძილი, ჯანსაღი კვება და კარგი ვარჯიში.

პორტუგალიელმა ოქროს ბურთების რაოდენობა ექვსამდე ვერ გაზარდა

შენი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო მომენტი.

მამის გარდაცვალება 2005 წელს. ახლა ის ზეცაშია, ყველაფერს ხედავს და ბედნიერია. მაშინ რთული იყო, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

დაქორწინებაზე ხმები სიმართლეა?

ყველაფერს აგიხსნით. ყოველ კვირას დავდივარ ეკლესიაში. კათოლიკე ვარ და ყველაფრისთვის მადლობას ვწირავ უფალს. არაფერს ვითხოვ, რადგან უფლის წყალობით, ყველაფერი მაქვს. მადლობელი ვარ, რომ დაცული მყავს ოჯახი, მეგობრები. ტურინში სხვადასხვა ტაძრებში დავდივარ. ერთხელაც ეკლესიაში ჟურნალისტმა დაგვინახა და იფიქრა, რომ ჯვარი დავიწერეთ. ჯერჯერობით ეს გეგმაში არ მაქვს, მომავალში კი ვნახოთ.

ბოლო შეკითხვა. რამდენად მნიშვნელოვანია "ოქროს ბურთი"? 

ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთს" ყოველ წელს ვიმსახურებ. ამისთვის ვმუშაობ. მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული და პატივს ვცემ გადაწყვეტილებას. ციფრები არ იტყუებიან, ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ მე მომეგო, მაგრამ რადგან სხვას მიაკუთვნეს, ამის გამო უბედური არ გავხდი. მყავს ფანტასტიკური მეგობრები, ოჯახი, ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბში. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გავაგრძელებ შრომას. ვულოცავ მოდრიჩს, მან დაიმსახურა. თუმცა, მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებ, რათა კვლავ საუკეთესო ვიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები