Thumbnail

‘ყველგან და ყოველთვის, საქართველოს სახელით!’ - ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 15 დეკემბერს რომან დოლიძემ ქამარი უნდა დაიცვას
  • მისი მიზანი UFC-ში მოხვედრა და იქ წარმატების მიღწევაა

რომან დოლიძე 30 წლის ქართველი სპორტსმენია, რომელიც უკვე ორი წელია MMA-ს ეგიდით ასპარეზობს, ხუთი ბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე მოგებული. 15 დეკემბერს, რომანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდება: კიევის სპორტის სასახლეში პოლონელ მეტოქესთან ქამარი უნდა დაიცვას. სანამ შერეულ ორთაბრძოლებში მოსინჯავდა ძალებს, იქამდე მოჭიდავე იყო და ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა. რომან დოლიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს. popsport.com-მა რომანთან საინტერესო ინტერვიუ მოამზადა...  

popsport: MMA-ში მორიგი ბრძოლისთვის ემზადები. როგორ გრძნობ თავს და როგორ ფორმაში ხარ? 

დოლიძე: შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. 15 დეკემბერს, კიევის სპორტის სასახლეში მთავარი ბრძოლა სწორად ჩემი იქნება და ძალიან ძლიერ მეტოქეს, პოლონელ მიშელ პასტერნაკს შევხვდები, რომელსაც MMA-ში 16 ბრძოლა აქვს გამართული და შესაბამისად, ჩემთან შედარებით გამოცდილია. კარგად ფლობს ჭიდაობის ილეთებს, რაც შემიქმნის გარკვეულ დისკომფორტს, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ დასრულდება. წინ ხუთი ხუთწუთიანი რაუნდი მელოდება, თუმცა ჩემი მიზანია, რომ ბრძოლა უფრო ადრე დასრულდეს.

popsport: ბოლო ბრძოლაში ბრაზილიელი ედერ ბამბუ დე სოუზა დაამარცხე და WWFC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვე. როგორ გახსენდება ეს ორთაბრძოლა?

დოლიძე: ძალიან გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან მომიწია დაპირისპირება. იქამდე ოთხი ბრძოლა მოვიგე და შედარებით ადვილი მეტოქეები მყავდა. ბრაზილიელს ჩემთან შეხვედრამდე 18 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 14 მოიგო და 4 წააგო. ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო, რადგან სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოშიც ბევრმა გაიგო ჩემს შესახებ და უკრაინაშიც კარგად გამიცნეს. თან, მეტოქე მძიმე ნოკაუტით დავამარცხე, შოუ კი გულშემატკივარს ყველაზე მეტად მოსწონს. ამ დაპირისპირების შემდეგ, ჩემს მიმართ ინტერესი გაიზარდა, 15 დეკემბერს კი უკვე ქამრის დაცვა პოლონელ მეტოქესთან მომიწევს.

popsport: წარსულში დავუბრუნდეთ და უკეთ გავაცნოთ რომან დოლიძე ქართული სპორტის ქომაგებს. საიდან დაიწყე სპორტული კარიერა?

დოლიძე: ჩემი სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო. ჯერ საქართველოში ვთამაშობდი, შემდეგ კი გარკვეული პერიოდი უკრაინაში. სიმართლე გითხრათ, ამ პერიოდის გახსნება არ მიყვარს, რადგან ფეხბურთში იმედგაცრუებული დავრჩი. შემდეგ უკრაინაში ჩამოვედი სასწავლებლად და სწორედ აქ დავინტერესდით საბრძოლო სახეობებით. თავიდან, ავირჩიე საქართველოში ნაკლებად ტრადიციული ჭიდაობის სახეობა, გრეპლინგი, სადაც მახრჩობელა ილეთებია და ბევრ წარმატებასაც მივაღწიე. ვარ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, უკრაინის ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებული. MMA-ში მხოლოდ ორი წელია გამოვდივარ და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვფლობ საჭიდაო ხელოვნებას, მაგრამ კრივის და სხვა საბრძოლო სახეობების ილეთები დასახვეწი მაქვს, შერეულ ორთაბრძოლებში კი ყველაფერი უნდა იცოდე.

popsport: ალბათ, მიზანი UFC-ში მოხვედრა და იქ წარმატების მიღწევაა?

დოლიძე: ცხოვრების ყველა ეტაპზე, ვცდილობდი რომ საუკეთესო ვყოფილიყავი ჩემ საქმეში და ასეა ამჯერადაც. დიახ, ჩემი მიზანი UFC-ში მოხვედრა და იქ წარმატების მიღწევაა, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით ასპარეზობენ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. თუ UFC-ს ჩემპიონი ხარ, ე.ი. მსოფლიოში საუკეთესო ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი.

popsport: ხომ არ გაქვს კავშირები UFC-თან და როგორ აპირებ მიზნის მიღწევას?

დოლიძე: არის გამოსაცდელი ბრძოლები, რომლებსაც UFC-ის წარმომადგენლები აკვირდებიან, თუმცა ჩემ შემთხვევცაში, ამის სჭიროება არაა. მაქვს კავშირები და ვიცი, რომ მთავარია, კიდევ რამდენიმე წარმატებული ბრძოლა ჩავატარო და თავისთავად მოვხვდები UFC-ში. მოკლედ, ეს შრომის და დროის ამბავია. 

popsport: დიდი რეზონანსი გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, საიდანაც გაირკვა ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა საწვრთნელ შეკრებაზე მიგიწვია...

დოლიძე: ჯონ ჯონსი ლეგენდარული მებრძოლია, რომელიც ჩემ წონაში საუკეთესო იყო წლების განმავლობაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ჯონსი UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. გარკვეული ჩავარდნის შემდეგ, ის ბრუნდება და გუსტავსონს დაუპირისპირდება. სწორედ ამ ბრძოლისთვის მზადების პროცესში, მან შეარჩია რამდენიმე სპარინგ-პარტნიორი და მათ შორის აღმოვჩნდი მეც, რაც პატივია. გრეპლინგში და ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში დიდი მიღწევები მაქვს და სწორედ ამ კომპონენტებზე უნდოდა ჩემთან ერთად მუშაობა. ჩემს გარდა, იქ იყვნენ ძალიან ძლიერი სპორტსმენები და მთლიანობაში, შესანიშნავი შეკრება გამომივიდა. ამერიკაში ხუთი კვირა ვიყავი, რამდენიმე დღეა დავბრუნდი და 15 დეკემბრის ბრძოლისთვის მზად ვარ. 

ჯონ ჯონსის მიმართვა რომან დოლიძეს

popsport: ახლოს გაიცანი UFC-ის ლეგენდა ჯონ ჯონსი და რა შეგიძლია გვითხრა მასზე?

დოლიძე: დიდ დროს ვატარებდით ერთად როგორც დარბაზში, ისე მის გარეთ. ვარჯიშის გარდა, ვისვენებდით და ვერთობოდით, ჯონმა კი ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ხალხს მასზე არასწორი წარმოდგენა აქვს, რადგან მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციებით მსჯელობენ. თავისებური ხასიათი აქვს, თუმცა მასთან ურთიერთობაში დისკომფორტი არასდროს მიგრძვნია. შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე დღიდან დავმეგობრდით.

popsport: ხშირად ხარ ქართულ ნაციონალურ სამოსში და ყოველთვის ხაზგასმით ამბობ, რომ ქართველი მებრძოლი ხარ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი შენთვის? 

დოლიძე: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ვარ და აქაურები ხშირად მეძახიან უკრაინელ ქართველს, ჩემი პასუხი ერთადერთია: მე ვარ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ქართველი და შესაბამისად, ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით ვასპარეზობ. მართალია, ჩემს მიმართ საქართველოში ინტერესი მცირეა და თავის დროზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც ცივად მიმიღეს, მაგრამ მე არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და შესაბამისად, საქართველოზე გული არასდროს ამიცრუვდება. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ საქართველოს სახელით ვასპარეზობ!

კომენტარები

ბოლო ამბები