Thumbnail
  • სუპერვარსკვლავების დუელში ანტეტოკუნმპომ კავაი ლეონარდი დაამარცხა
  • აღმოსავლეთის ცენტრალურ მატჩში მილუოკიმ ტორონტოს 104:99 მოუგო

მილუოკი ბაქსმა დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ამბიციები არცთუ უსაფუძვლოდ აქვს! გოლდენ სტეიტთან წაგების შემდეგ, სუპერვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოს გარშემო აწყობილი გუნდი შთამბეჭდავად დაბრუნდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში, ამ სეზონში ლიგის საუკეთესო გუნდი, ტორონტო 104:99 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბაქსმა (17-8) რეპტორსთან (21-7) ჩამორჩენა ერთ წაგებამდე შეამცირა.

“ამ მატჩმა დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი განსაკუთრებულია,” - განაცხადა ანტეტოკუნმპომ მატჩის შემდეგ.

Greek Freak-მა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა - მის ანგარიშზე 19 ქულა და 19 მოხსნაა. შესანიშნავი იყო ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელმაც ასევე 19 ქულა დააგროვა და 8 მცდელობიდან 5 სამქულიანი ჩააგდო. ასევე მალკოლმ ბროგდონი, რომელმაც ბოლო ფაზაში ორი მნიშვნელოვანი სამიანი შეასრულა და ჯამში 18 ქულა მოიპოვა.

ტორონტოს სუპერვარსკვლავ კავაი ლეონარდს ქულების მხრივ ანტეტოკუნმპოზე ერთით უკეთესი შედეგი ჰქონდა და არც 8 მოხსნა და 4 პასი ჟღერს ცუდად. ყველაზე მეტი ქულა კი ტორონტოელმა სერჟ იბაკამ დააგროვა - 22. მაგრამ მატჩის ყველაზე დომინანტი მოთამაშე მაინც Greek Freak გახლდათ.

ამრიგად, მილუოკი ერთადერთი გუნდია NBA-ში, რომელმაც ამ სეზონში ტორონტო ორჯერ დაამარცხა.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები