Thumbnail

ეროვნული ლიგა დასრულდა - საბურთალოს ჩემპიონობა და სხვა ფაქტები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა
  • ევროტურნირებზე გამსვლელთა ვინაობა ცნობილია
  • ეროვნულ ლიგაში დასარჩენად სამტრედია და სიონი იბრძოლებენ

ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. 36-ე ტურში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა წყდებოდა. მე-4 ადგილისთვის საჩხერის ჩიხურა და გორის დილა იბრძოდნენ. საჩხერულ კლუბს ბოლო ტურამდე დილაზე ერთი ქულით მეტი ჰქონდა დაგროვილი. ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და საკვალიფიკაციოს ეტაპის საგზურის საჩხერის გუნდს დარჩა.

ჩიხურა 2:1 სიონი

გოლები: 1:0 გაბედავა (16), 2:0 გაბედავა (30), 2:1 ლეჟავა (85)

გიორგი გაბედავამ ბოლო ტურში დუბლი შეასრულა და საჩხერული კლუბი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. გაბედავას სეზონში 22 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი ბუდუ ზივზივაძესთან გაიყო. ჩიხურა 64 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო სიონი 31 ქულით ათგუნდიან ჩემპიონატში მე-8 აღმოჩნდა.

ბოლნისელების მეტოქე ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში სამტრედია იქნება.

ჩიხურა ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს უეფა ევროპალიგაზე

სამტრედია 1:4 საბურთალო

გოლები: 0:1 ვოლკოვი (7), 0:2 ტატანაშვილი (15), 0:3 კოხრეიძე (63), 0:4 თარგამაძე (72), 1:4 ენდელაძე (79)

საბურთალომ სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა. ჩემპიონმა გუნდმა სამტრედია გაანადგურა და საჩემპიონო წელი 79 ქულით დაასრულა. დავით თარგამაძემ ჩემპიონატებში გოლი 4 წლის შემდეგ გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ბოლო გოლი 2016 წელს უკრაინის თასზე ზირკასთან ჰქონდა გატანილი.

სამტრედია ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში ვიტ ჯორჯიას შეხვდება. სამტრედიელებმა სეზონი 21 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულეს.

თბილისის დინამო 1:2 გორის დილა

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (18), 0:2 გადრანი (57), 1:2 შულაია (58)

მიუხედავად იმისა, რომ გორის დილამ 'დინამო არენაზე' მოიგო, გორელები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ვერ გავიდნენ. მათ 63 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით ჩამორჩნენ ჩიხურას. თბილისის დინამომ სეზონი 69 ქულით დაასრულა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. თანაქალაქელ და ჩემპიონ საბურთალოს დინამოელები 10 ქულით ჩამორჩნენ.

ლოკომოტივი 1:0 რუსთავი

გოლი: 1:0 შონია (10)

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ორი უმოტივაციო გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ორივე გუნდს დარჩენა და კონკრეტული ადგილი განაღდებული ჰქონდა. ლოკომოტივმა რუსთავს მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი გაუტანა და მატჩი 1:0 მოიგო. თბილისურმა კლუბმა 44 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა. რუსთავი 37 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა.

ტორპედო 4:0 კოლხეთი

გოლები:  1:0 ჰასელბაინკი (25), 2:0 წიქარიძე (29), 3:0 წიქარიძე (38), 4:0 ლაჩნი (88)

ქუთაისის ტორპედო წაუგებელ სერიას აგრძელებს. ქუთაისელებმა ფოთის კოლხეთი 4:0 გაანადგურეს. შარშანდელმა ჩემპიონებმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს და ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

ტორპედოს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ფოთის კოლხეთი ეროვნული ლიგიდან გავარდა და მომავალ სეზონში დაბრუნებას ეცდება.

ეროვნული ლიგის ფაქტები და სტატისტიკა

პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, ჩემპიონობა საბურთალომ მოიპოვა.

თბილისის დინამომ სეზონში ყველაზე მეტი 73 გოლი გაიტანა

ქუთაისის ტორპედომ ყველაზე ნაკლები გაუშვა - 25 გოლი

სამტრედიამ ყველაზე მეტი გოლი გაუშვა - 81 გოლი

სამტრედიამ ყველაზე ნაკლები გოლი გაიტანა - 26 გოლი

ეროვნული ლიგის ბომბარდირები ბუდუ ზივზივაძე (დინამო) და გიორგი გაბედავა (ჩიხურა) გახდნენ - 22 გოლი

ყველაზე მეტი საგოლე პასი - ლეანდრო რიბეირო (გორის დილა) - 11 გადაცემა

ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარი - როინ კვასახვაძეს 18 მატჩში გოლი არ გაუშვია

ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში - 9 გოლი. ასეთი შემთხვევა ორჯერ დაფიქსირდა. თბილისის დინამომ სამტრედიას 8:1 მოუგო და ასევე დინამომ კოლხეთი დაამარცხა - 6:3

ყველაზე მეტი მოგება სეზონში - საბურთალომ 24-ჯერ მოიგო

ყველაზე მეტი მარცხი სეზონში - სამტრედიამ 23-ჯერ წააგო

ყველაზე მეტი ფრე სეზონში - რუსთავმა ფრედ 13-ჯერ ითამაშა

180 მატჩში 486 გოლი გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალო ითამაშებს

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა გამოვლენ

ჩემპიონატიდან გავარდა ფოთის კოლხეთი

კომენტარები

ბოლო ამბები