Thumbnail

სკანდალი ოქროს ბურთი 2018-ზე - არარსებული ჟურნალისტის ხმა და არეული შედეგები

  • France Football-ის გამოკითხვის ანგარიშში არაერთი უზუსტობა გამოვლინდა
  • ხმისმიცემაში კომორის კუნძულებიდან არარსებული ჟურნალისტი მონაწილეობდა
  • ორგანიზატორებმა ტრინიდადელი ჟურნალისტის ხმები კი ერთმანეთში აურიეს

"ოქროს ბურთი 2018"-ის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საინტერესო ფაქტები გამოვლინდა. ხმისმიცემაში მონაწილეობდა არარსებული ჟურნალისტი, ხოლო მედია საშუალება, რომელსაც ის წარმოადგენდა, ექვსი წლის წინ დაიხურა. ამის შესახებ ინფორამციას Marca ავრცელებს. 

წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოცემა France Football სპორტულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვას სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს. წელს გამარჯვება მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მოიპოვა, რომელმაც კრიშტიანო რონალდოსა და ანტუან გრიზმანს აჯობა.

გამოკითხვის შედეგების გასაჯაროების შემდეგ ირკვევა, კომორის კუნძულების წარმომადგენელი ჟურნალისტი აბდუ ბოინა, რომელმაც ხმა პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მისცა, სინამდვილეში არ არსებობს. ის გამოცემა კი, რომელსაც ვითომ ბოინა წარმოადგენს, ექვსი წლის წინ დაიხურა.

"აბდუ ბოინაზე არავითარი ჩანაწერი არ არსებობს. ფრანგული გამოცემის შეცდომა ჩემთვის კიდევ გასაგები იქნებოდა, ეს ჟურნალისტი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს", - თქვა კომორის კუნძულების ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა სტეფან აჰამადიმ.

აბდუ ბოინას ამბავი ერთადერთი საეჭვო ფაქტი არაა, რომელიც 2018 წლის "ოქროს ბურთს" უკავშირდება. ტრინიდადელი ჟურნალისტი გოგონა ლასანა ლიბურდი აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა მისი ხმები არასწორად გაითვალისწინეს. გოგონა ამტკიცებს, რომ ხმისმიცემისას პირველი ადგილი ლიონელ მესის მიაკუთვნა, ანტუან გრიზმანს კი - მეხუთე, France Football-ის ცხრილში კი მისი არჩევანი პირიქითაა.

და კიდევ, France Football-ის ანგარიშში კომორის კუნძულების კავშირი ძველი დროშით არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოს დროშა 2012 წლის შემდეგ შეცვლილი აქვს. 

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ.

ბოლო ათი წელია, "ოქროს ბურთს" მესი და რონალდო ინაწილებდნენ. არგენტინელს ჯილდო 2009-2012 და 2015 წლებში აქვს მოგებული, პორტუგალიელს აქამდე - 2008, 2013-2014 და 2016 წლებში

კომენტარები

ბოლო ამბები