Thumbnail

რომელია ნამდვილი რონალდო - რას ამბობს ბრაზილიელი ლეგენდა პორტუგალიელზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიელმა ლეგენდამ პორტუგალიელთან მსგავსებასა და განსხვავებაზე ილაპარაკა
  • კრიშტიანოსგან განსხვავებით, ლუის ნაზარიო დე ლიმა ვალდებულების გამო ვარჯიშობდა 
  • 42 წლის რონალდოს აზრით, მათი ერთმანეთთან შედარება უაზრობაა

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რონალდომ იუვენტუსის პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსთან მის გამუდმებით შედარებაზე ილაპარაკა. ვეტერანმა ისაუბრა იმაზეც, თუ რომელია მათ შორის "ნამდვილი რონალდო" (ლათინურად ორივე ფეხბურთელის გვარი ერთნაირად იწერება: Ronaldo).

"საუბარი იმაზე, რომელია ჩვენ შორის ნამდვილი რონალდო, ყოველთვის მახალისებდა, მაგრამ შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა - ეს უაზრობაა. ჩვენ საკმაოდ განსხვავებულები ვართ. პირველ რიგში კი, ასაკით. სხვაობა 9 წელიწადი, სხვადასხვა დროება... ბოლო წლებში ფეხბურთი ძალიან იცვლება. არ მინდა იმის თქმა, რომ ჩემ დროს უფრო რთული იყო, მაგრამ მე და კრიშტიანო სრულიად განსხვავებულ ვითარებში ვიყავით და ვთამაშობდით სხვადასხვა გუნდებში. 

მე ვვარჯიშობდი, რადგან ვალდებული ვიყავი, კრიშტიანო კი ვარჯიშობს იმიტომ, რომ უყვარს

ჩვენ ერთმანეთს გოლის გატანის წყურვილით ვგავართ. ის, რომ კრიშტიანო რონალდომ 33 წლის ასაკამდე შეძლო ასეთი ფორმის შენარჩუნება, არამხოლოდ დამთხვევაა. ბევრ ფეხბურთელს არ აქვს ასეთი ძლიერი ნება, იზრუნოს სრულყოფილებასა და სხეულზე. 

ჩემი და მისი მიდგომა საქმისადმი საპირისპირო არაა, მაგრამ განსხვავდება: მე ვვარჯიშობდი, რადგან ვალდებული ვიყავი, კრიშტიანო კი ვარჯიშობს იმიტომ, რომ უყვარს", - ამბობს ბრაზილიელი რონალდო La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ორ მუნდიალზე გაუმარჯვია - 1994 და 2002 წლებში. სხვადასხვა დროს ის ბარსელონას, ინტერის, რეალისა და მილანის ღირსებას იცავდა.

ამ წლის შემოდგომაზე 42 წლის ბრაზილიელმა საფეხბურთო კლუბ ვალიადოლიდის აქციათა 51% შეიძინა და მისი პრეზიდენტი გახდა. გუნდი ამჟამად ლა ლიგაში მე-15 ადგილზეა.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული. რეალიდან იუვენტუსში გასულ ზაფხულს გადასულმა 33 წლის ფორვარდმა სერია A-ში გამართულ 15 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები