Thumbnail
  • სკანდალური ფაქტი ლონდონის არსენალში, რომელიც მედიამ გამოაშკარავა  
  • ფეხბურთელებს ლონდონის ღამის კლუბში გართობისას ზედმეტი მოუვიდათ  

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ლონდონის არსენალის ფეხბურთელებმა, ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხმაურიანი საღამო გამართეს. ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა.

რა მოხდა

ახლახან The Sun-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები საღამოდან, რომელიც არსენალის ფეხბურთელებმა პრემიერლიგის სეზონის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყვეს. გამოცემის ინფორმაციით, დროსტარებაში 12 ფეხბურთელი და 70 გოგონა მონაწილეობდა. 

საღამოს მონაწილეები ალკოჰოლს (ძირითადად არაყს, ვისკისა და შამპანურს), ასევე აზოტის ოქსიდს, ე.წ. მხიარულ გაზს იღებენ.   

ვინ ჩანს

ვიდეორგოლებში ჩანს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც "მხიარულ გაზს" მოიმხარენ: ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მესუთ იოზილი, სეად კოლაშინაცი და მატეო გენდუზი.

კადრებში ასევე ჩნდებიან ჰენრიხ მხითარიანი და შკოდრან მუსტაფიც, თუმცა ეს ფეხბურთელები გაზს არ მოიხმარენ.

"მათ შემოიტანეს "მხიარული გაზი". ფეხბურთელები გამუდმებით ისუნთქავდნენ მას, ზოგიერთები კი გონებასაც კარგავდნენ. ერთ-ერთი სრულებით გაითიშა და დივანზე გაწვა", - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი The Sun-ს. 

ფეხბურთელი, რომელმაც გონება დაკარგა, სავარაუდოდ, მატეო გენდუზია.

არსენალის რეაქცია

"ამ საკითხს ფეხბურთელებთან განვიხილავთ. მათ შეახსენებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრებათ, როგორც კლუბის წარმომადგენლებს", - ასეთი განცხადება გაავრცელა ფაქტთან დაკავშირებით ლონდონურმა კლუბმა.

ლონდონის არსენალმა ინგლისის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის სასტარტო ორი მატჩი წააგო, რის შემდეგაც ყველა ტურნირის 20 თამაშში დაუმარცხებელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები