Thumbnail

‘მოვუყვებოდი, რა მაგარი შვილი ჰყავს!’ - ფიზიკელამ შუმახერი გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანკარლო ფიზიკელამ მიხაელ შუმახერი გაიხსენა
  • იტალიელი შუმისთან ერთად ფეხბურთის თამაშზე ოცნებობს

მიხაელ შუმახერის საბედისწერო დაცემიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა. ლეგენდარული ავტომრბოლი, ფორმულა 1-ის რეკორდსმენი გერმანელი პილოტი ცოცხალია, მაგრამ დიდი ხანია, მის შესახებ ოფიციალური ინფორმაციები არ ვრცელდება. შესაბამისად, არავინ იცის, როგორაა 49 წლის შუმი სინამდვილეში. თითქმის ხუთი წლის წინ ის თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ჯანკარლო ფიზიკელა და მიხაელ შუმახერი 90-იანებში

შუმახერის შესახებ მისმა ყოფილმა კონკურენტმა ჯანკარლო ფიზიკელამ ისაუბრა: “შუმახერის ამბავმა ყველა მიგვახვედრა, რომ ბედისწერა დაუნდობელი რამ არის. ადამიანი, რომელიც რბოლების დროს ასე ხშირად აყენებდა თავის სიცოცხლეს რისკის ქვეშ, თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა და, თანაც ისე, რომ წლები გადის და ვერ გამოჯანმრთელდა. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ფაქტზე,” - განაცხადა 45 წლის იტალიელმა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში.

2006 წლის სეზნის მეოთხეადგილოსანმა ფიზიკელამ თქვა, რომ შუმი ძალიან ენატრება: “სიამოვნებით გადავეხვეოდი და დაველაპარაკებოდი. მოვუყვებოდი, რა მაგარი შვილი ჰყავს, რომელიც წლიდან წლამდე უმატებს. მინდა, სწორედ მე ვუთხრა, რომ მიკ შუმახერი ნიჭიერი ბიჭია, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს!”

ფიზიკელას შუმი ყველა დროის საუკეთესოდ მიაჩნია

ფიზიკელასთვის დაუვიწყარია ამბავი, რომელიც 1997 წელს გადახდა. გერმანიის გრანპრიზე სწორედ იტალიელი ლიდერობდა, მაგრამ საბურავის პრობლემის გამო იძულებული გახდა, თავისი ჯორდანი გაეჩერებინა. 

“ტრეკზე ვიდექი და მიხაელ შუმახერი დავინახე. მან ბოლიდი გააჩერა და წაყვანა შემომთავაზა. ეს არასდროს დამავიწყდება. მისი მხრიდან ეს შესანიშნავი ჟესტი იყო, ჩემთვის კი, როგორც დამწყებისთვის - ძალიან ემოციური მომენტი,” - იხსენებს ფიზიკელა.

შუმახერმა ის რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, პირველი კი გერჰარდ ბერგერი იყო. ფიზიკელა რბოლას ბოლოს გამოეთიშა და კარიერის პირველი რბოლა ვერ მოიგო.

იტალიელისთვის ცხადია: “შუმახერი ყველა დროის საუკეთესოა. ის წარმოუდგენლად ძლიერი მეტოქე იყო. შუმიმ ისტორია დაწერა.”

ჯანკარლო ფიზიკელას იმედი აქვს, რომ მიხაელი გამოჯანმრთელდება: “ვოცნებობ, რომ შუმი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფორმულა 1-ის ბოლიდებით აღარ შევეჯიბრებით, მაგრამ ფეხბურთს ხომ მაინც ვითამაშებთ ერთად?! - ფიზიკელა და შუმახერი ხშირად ფეხბურთსაც თამაშობდნენ...

📺 ვიდეო: 1997 წელი, ჰოკენჰაიმი - შუმახერს ფიზიკელა მოჰყავს

კომენტარები

ბოლო ამბები