Thumbnail
  • 📅 7 დეკემბერი | ⌚ 23:30 | ⚽ იუვენტუსი V ინტერი
  • ეს მატჩი არის ბოლო იმედი, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბება
  • Derby d'Italia-ში მილანელებს გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ ეს ძალიან ძნელია

რას უნდა ველოდოთ დუელისგან, რომელშიც ერთმანეთს მოსიხლე მტრები ხვდებიან? თამაში პარასკევს იმართება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურისთვის ძალების დაზოგვა აუცილებელი არ იქნება. შესაბამისად, ბრძოლა გარანტირებულია! სხვას ვერავინ ვერაფერს შეგპირდებათ, რადგან ამ გუნდების დუელი ყოველთვის ემოციური გამოდის. ერთი რამ ცხადია: ეს მატჩი არის საუკეთესო რამ მათ შორის, რისი შემოთავაზებაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთს შეუძლია. ეს არის “იტალიის დერბი” - აპენინზე ამაზე უკეთესი დუელი არ არსებობს.

2006 წლის შემდეგ, სერია A-ში მხოლოდ ერთი სეზონი იყო, როცა ჩემპიონი ვერც იუვენტუსი გახდა და ვერც ინტერი - ეს იყო 2011 წელს და მაშინ “სკუდეტო” მილანმა დაისაკუთრა. 2006-დან 2010 წლამდე ზედიზედ 5 ჩემპიონობა ინტერის ანგარიშზეა, 2011-ში, როგორც უკვე ვთქვით, მილანი იყო პირველი, მერე კი იუვენტუსის გრანდიოზული სერია დაიწყო - “ტურინულმა გრანდმა” ზედიზედ 7-ჯერ მოიგო სერია A. 

დღევანდელი მატჩი ამ გუნდების 178-ე დაპირისპირებაა. ცხადია, პიემონტელებს ლომბარდიელებზე გაცილებით უკეთესი ბალანსი აქვთ: 82 დუელი იუვემ მოიგო, 46 ფრედ დასრულდა, ინტერმა კი მხოლოდ 49-ში გაიმარჯვა. დღევანდელ შეხვედრაშიც იუვენტუსია ფავორიტი - მასიმილიანო ალეგრის გუნდს 14-დან 13 თამაში მოგებული აქვს, ჯერაც დაუმარცხებელია და ნაპოლისთან 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ბომბარდირებში პირველ ადგილზეა

ინტერი კი მესამეა, იუვეს 11 ქულით ჩამორჩება და ჯერჯერობით კონკურენტს ვერ ვუწოდებთ. მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც ძალიან ემოციური და დაძაბული იქნება - “იტალიის დიდ დერბიში” სხვანაირად წარმოუდგენელია. 

ინტერის იმედი კაპიტანი მაურო იკარდია, რომელიც ახლახან სერია A-ს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “იუვენტუსის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია მას მერე, რაც ინტერში ვთამაშობ!” - მიაჩნია არგენტინელს, რომელიც “ნერაძურიში” 2013 წელს გენუის სამპდორიადან გადავიდა. იკარდის ამ სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი - ორით ნაკლები, ვიდრე იუვენტუსის სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს, რომელიც სერია A-ს ბომბარდირთა რეიტინგს ლიდერობს.

ინტერის კაპიტანი და გოლეადორი მაურო იკარდი

ბოლო წლებში Derby d'Italia-ში იუვე ინტერს მაგრად ჩაგრავს. მას მერე, რაც ინტერი უკანასკნელად გახდა იტალიის ჩემპიონი (2010 წელს, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით), “ნერაძურიმ” იუვენტუსთან 16 დუელიდან მხოლოდ ორი მოიგო...

საინტერესო ფაქტები

► იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე ინტერთან ბოლოს 6 წლის წინ, 2012 წლის ნოემბერში წააგო.

► ტურინულ გრანდს 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ საკუთარ მოედანზე სერია A-ს თამაში არ წაუგია.

► იუვეს ამ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 2,21 გოლი აქვს გატანილი და 0,57 მიღებული. ამ სეზონში ტურინელებმა მხოლოდ ერთ მატჩში გაიტანეს ორზე ნაკლები გოლი და მხოლოდ ერთმა გუნდმა გაუტანა ერთზე მეტი იუვენტუსს სერია A-ში (კიევომ).

► ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება), მაგრამ ბოლო 3 შეხვედრაში 5 ქულა დაკარგა (1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). 

► “ნერაძური” ბოლო ორ გასვლით მატჩში მოუგებელია (1:4 ბერგამოში, 2:2 რომში). თანაც, ინტერმა ამ 2 გასვლით შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა, რაც ამ სეზონში გაშვებული გოლების 75 პროცენტია.

► ბოლო 10 სტუმრობიდან, ინტერმა ტურინში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა და ისიც წინა სეზონში (0:0)

► იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო 10 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მიიღო გოლი პირველ ტაიმში.

► ინტერს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 27 გოლი აქვს გატანილი - აქედან 10 მატჩის ბოლო 15 წუთში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი.

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, სკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ჟოაო მარიო, პერიშიჩი - იკარდი.

კომენტარები

ბოლო ამბები