Thumbnail
  • ბავარიელები ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებისთვის ემზადებიან
  • ბაიერნი მადრიდის ატლეტიკოდან ანტუან გრიზმანის გადაბირებას აპირებს

მიუნხენის ბაიერნმა არიენ რობენის შემცვლელი შეარჩია, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. Corriere dello Sport იუწყება, რომ ბავარიელებს მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენა სურთ. 

ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი უწინაც ამბობდა, რომ კლუბი მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. ფაქტია, ფრანგის შესაძენად მიუნხენელებს სოლიდური ფინანსური ხარჯის გაწევა მოუწევთ. 

27 წლის ფრანგმა მიმდინარე საკლუბო სეზონის 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა

როგორც ჩანს, ბაიერნს არ აფრთხობს ის ფაქტი, რომ გრიზმანს მოქმედი კონტრაქტი ატლეტიკოსთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პირგასამტეხლო თანხა კი 200 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ ზაფხულს საფრანგეთის ნაკრების 27 წლის ფორვარდმა უარი თქვა ბარსელონაში გადაბარგებაზე და მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

34 წლის არიენ რობენი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. კლუბთან ერთად მან ბუნდესლიგა შვიდჯერ, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა პსვ ეინდჰოვენში ან გრონინგენში გააგრძელოს, სადაც ადრე გამოდიოდა.

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას 2014 წლიდან იცავს. გასულ ზაფხულს ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები