Thumbnail

როგორ აირჩიეს მუნდიალი 2018-ის მასპინძელი - ფიფას ექსჩინოვნიკის აღიარება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაფაელ სალგეროს მუნდიალის მასპინძლის არჩევნებში დიდ თანხას სთავაზობდნენ
  • გვატემალელმა ხმა ისე მისცა, როგორც მისგან ითხოვდნენ, მაგრამ ქრთამი ვერ მიიღო
  • მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საბოლოოდ რუსეთმა მოიპოვა

ფიფას ყოფილმა ჩინოვნიკმა, გვატემალის წარმომადგენელმა რაფაელ სალგერომ, რომელიც კორუფციის ბრალდებით გასამართლდა, აღიარა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნებში კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისთვის ასობით ათას დოლარს სთავაზობდნენ. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

2018 წლის მუნდიალის არჩევნებში რუსეთის განაცხადმა გაიმარჯვა. მუნდიალის მასპინძლობა ასევე სურდათ ინგლისს, ერთობლივად ჰოლანდია-ბელგიასა და პორტუგალია-ესპანეთს.

ყოფილი ჩინოვნიკის თქმით, 2010 წელს ის რამდენჯერმე შეხვდა ადამიანს, რომელიც იტალიიდან იყო. სალგეროს საკმაოდ დიდ თანხას დაპირდნენ კონკრეტული ქვეყნის განაცხადის მხარდაჭერისთვის და მანაც არჩევნებზე ხმა ისე მისცა, როგორც მისგან ითხოვდნენ, თუმცა დაპირებული თანხა აღარ მისცეს. 

"დავრეკე მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც იმ ადამიანმა მომცა, მაგრამ არავინ მიპასუხა", - ამბობს სალგერო, რომელიც არ ამხელს, ხმა რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მისცა.

პორტალი Inside World Football იუწყება, რომ რაფაელ სალგერომ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.

ფიფაში კორუფციის საქმეში, რომლის ფიგურანტიც რაფაელ სალგერო იყო, 40-ზე მეტი ადამიანი გასამართლდა. სალგერომ თავი დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო.

 მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამარჯვება საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხორვატია დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები