Thumbnail

ლოთარ მათეუსმა ბაიერნის მთავარი პრობლემა დაასახელა - ის არაა კოვაჩი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 57 წლის ლეგენდამ მიუნხენური გუნდის პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა
  • გერმანიის ნაკრების და ბაიერნის ყოფილ ფეხბურთელს ნიკო კოვაჩის სჯერა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნის პრობლემებზე ილაპარაკა. ნიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 13 მატჩიდან სამი წააგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. 

ლოთარს ვერცხლის სინი ბაიერნთან ერთად შვიდჯერ აქვს მოგებული

"ბაიერნის მთავარი შეცდომა ახალი სეზონის წინ ის იყო, რომ არაფერი შეცვალა. კოვაჩი იძულებულია, გაწვრთნას ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ყველაფერი მოიგეს. მოტივაციას ვერცერთ მათგანში ვხედავ. როგორ უნდა განეწყო სათამაშოდ, როდესაც ზედიზედ ექვსი საჩემპიონო ტიტული გაქვს მოგებული? ეს ქვეცნობიერად ხდება.

შესაძლოა, კოვაჩმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სათანადო დასკვნებს გააკეთებს. ის ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელიც დილიდან საღამომდე შრომობს, რათა თავისი მოთამაშეები უკეთესები გახადოს. დარწმუნებული ვარ, კლუბისა და ქომაგის მხარდაჭერით, ის შეძლებს ბაიერნში უწინდელი შედეგების ჩვენებას", - აქვეყნებს 57 წლის მათეუსის ნათქვამს Goal.com.

ლოთარ მათეუსი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 1984-88 და 1992-2000 წლებში იცავდა. მსოფლიოსა და ევროპის გერმანელმა ჩემპიონმა ამ კლუბთან ერთად ბუნდესლიგა 7-ჯერ მოიგო, ერთხელ - უეფას თასი. 

მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგაში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. კოვაჩის გუნდი ლიდერ დოტმუნდის ბორუსიას 9 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები