Thumbnail

წლევანდელი სეზონი NBA-ში გამორჩეულია. თუკი სულ რამდენიმე წლის წინ 120 ქულის ჩაყრა იშვიათი მოვლენა იყო და თამაშის უტყუარად მოგებას ნიშნავდა, დღეს ეს შედეგი თითქმის არავის უკვირს. გუნდები ყრიან რეკორდულად ბევრს, უტევენ ბევრს და კარგად, და საერთოდაც ეს გოლდენ სტეიტის ლიგაა. თანამედროვე საკალათბურთო ტრენდი გოლდენ სტეიტის, უფრო სწორად სტეფ კარის სტილის თამაშია. მოგვწონს ეს თუ არა, კარის გოლდენ სტეიტმა შეცვალა კალათბურთი და თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული გუნდის მაგალითი მთელმა NBA-მ გადაიღო.

წლევანდელი სეზონი ციფრებში

ამ სეზონის პირველ თვეში გუნდები 100 პოზიციაზე საშუალოდ 110.7 ქულას ყრიან და ეს 1989 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. წლების მანძილზე, ერთ შეტევაში საშუალოდ 1 ქულის აღება კარგ შედეგად ითვლებოდა - ანუ გუნდს თამაშის მანძილზე დაახლოებით 100 შეტევა უწევს და თუკი იგი 100 ქულას იღებდა, ითვლებოდა, რომ კარგად უტევდა. ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეტევის სასარგებლოდ შეიცვალა, წელს კი საერთოდაც საშუალო სტანდარტზე თითქმის 10 ქულით მეტი იყრება.

შედეგიანობის ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. თითოეული ეს ფაქტორი კი ლიგაში პოპუალარულ ტენდენციად სწორედ გოლდენ სტეიტის წყალობით იქცა.

თამაშის სისწრაფის ზრდა

ამ სეზონში გუნდებს საშუალოდ თამაშში 100.3 შეტევა აქვთ. ეს მაჩვენებელი შარშანდელ საშუალო მაჩვენებელს 3 შეტევით აღემატება. გუნდები წელს უფრო სწრაფად უტევენ და უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ შეტევაზე. შარშან ყველაზე სწრაფი გუნდი ნიუ ორლეანი იყო, რომელსაც თამაშში 100.5 შეტევა ჰქონდა. წელს, სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, უკვე 15 გუნდს აქვს უკეთესი შედეგი. ლიგის ყველაზე სწრაფ გუნდებს საკრამენტოს და ატლანტას საერთოდაც თამაშში 5-ით მეტი შეტევა აქვთ. მეტი შეტევა მეტ ჩაყრილ ქულას ნიშნავს.

შეტევების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება

სტატისტიკურად, გოლდენ სტეიტი ლიგის ყველაზე სწრაფი გუნდი, შეიძლება, არასოდეს ყოფილა, თუმცა კალიფორნიელებმა კარგად აჩვენეს, რომ შეტევის ხარისხი (და შესაბამისად, ჩაყრილი ქულების რაოდენობა) იზრდება, თუკი გუნდი ბურთს სწრაფად ამოძრავებს. კალიფორნიელთა მთავარი პლიუსი სწორედ ბურთის სინქრონულად და სწრაფად მოძრაობაა. გოლდენ სტეიტის სტილი გუნდურ ჰარმონიას ეფუძნება - ეს არის დაახლოებით გვარდიოლას ბარსელონა კალათბურთში.

2011-2014 წლების NBA ლებრონის და ვეიდის მაიამი ჰითის ლიგაა. 2014 წელს თავისი დაცვით განთქმული მაიამი ფინალში პოპოვიჩის სან ანტონიომ ბურთის იდეალური მოძრაობით გაანადგურა. ფლორიდელთა დაცვა ვერაფერს ახერხებდა - სან ანტონიო არ უტევდა ერთი-ერთზე, პასი, გახსნა, პასი გახსნა და შემდეგ თავისუფალი სროლა. გოლდენ სტეიტმა უკვე შემდეგი სეზონიდან სან ანტონიოს შემტევი სისტემა გადაიღო, ოღონდ მათ სისტემაში იმ როლს, რომელსაც პოპოვიჩთან რიგითები ასრულებენ, უკვე სუპერვარსკვლავები მოარგო. ანუ როდესაც იდეალურ შემტევ სისტემაში პატი მილსის და დენი გრინის ნაცვლად, სტეფ კარი და კლეი ტომპსონი გიტევენ - მარტივად მისახვედრია რა მოხდება.

სამქულიანების წვიმა

სტატისტიკას თანამედროვე ლიგაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე კარგ სროლად სამქულიანები და სამწამიანიდან განხორციელებული სროლები ითვლება. სამწამიანში შესული მოთამაშე ახლოდან ისვრის და უმეტეს შემთხვევაში ზუსტია. სამქულიანი სროლით კი ერთ შეტევაში შესაძლებელია სამი ქულის გაკეთება.

გრძელი და საშუალო ორქულიანები ცუდ სროლებად მიიჩნევა. ჯობია გახვიდე ერთი მეტრით გარეთ და ისროლო დაახლოებით იგივე სირთულის სროლა, რომელიც სამ ქულას მოგიტანს, ვიდრე სიზუსტის დაახლოებით იგივე ალბათობის სროლით ორი ქულის აღება სცადო.

სამქულიანების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს

ამ სეზონში გუნდები თამაშში საშუალოდ 31.4 სამქულიანს ისვრიან და ისვრიან ძალიან კარგი პროცენტით. შედარებისთვის 2003 წელს გუნდები საშუალოდ თამაშში 14.7 სამქულიანს ისროდნენ - დღეს მხოლოდ სტეფ კარი ისვრის თამაშში საშუალოდ 10 სამქულიანს.

თუკი სულ ათიოდე წლის წინ თითოეულ გუნდს ჰყავდა 1-2 მოთამაშე, რომლის საქმეც იყო სამიანების სროლა, დღეს სამიანების სროლა ყველას მოეთხოვება. მათ შორის, გუნდის ცენტრებს და მძიმე ფორვარდებს.

მაგალითისთვის, გამოდგება ბრუკ ლოპესი, მილუოკის ცენტრი, რომელიც მთელი მისი კარიერის მანძილზე არათუ სამიანებს, არამედ გრძელ ორიანებსაც კი არ ისროდა. ბრუკ ლოპესი ლიგაში 2008 წელს მოვიდა და თავისი პირველი 8 სეზონის განმავლობაში არცერთი სამიანი არ ჩაუგდია. უფრო მეტიც, პირველი 5 წლის განმავლობაში მას სამიანის სროლის მცდელობა კი არ ჰქონია.

ამ სეზონში ლოპესი თამაშში 6.8 სამქულიანს (ძალიან ნორმალური 36.4 %-ით) ისვრის და მხოლოდ 2.7 ორქულიანს. სამქულიანი სროლის გარეშე დღეს ბრუკ ლოპესი ლიგაში ვეღარ ითამაშებდა. სამქულიანი შეტევების რაოდენობის ზრდა აისახება რეზულტატურობაზეც - გუნდები უფრო მეტს და უფრო ადვილად ყრიან.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის ახალწვეული [ROTY]?

  • ლუკა დონჩიჩი
  • დეანდრე ეიტონი
  • ტრაე იანგი
  • სხვა მოთამაშე

სამქულიანებით შეტევის ტენდენციაც ლიგაში გოლდენ სტეიტმა მოიტანა. გოლდენ სტეიტს ყოველთვის ჰყავს პარკეტზე სულ მცირე 4 მოთამაშე მაინც, რომელიც სამიანებს კარგად ისვრის. ამ ფორმაციის გოლდენ სტეიტში ერთდროულად თამაშობს თანამედროვეობის სამი საუკეთესო სამიანების მსროლელი - სტეფ კარი, კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი. ყველაზე მთავარი კაცი კი მაინც სტეფ კარია - ის ქმნის გოლდენ სტეიტის თამაშის სტილს, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, კევინ დურანტი ჯამში მასზე უკეთესი კალათბურთელი იყოს.

კარი პირველი სუპერვარსკვლავია, რომელიც უფრო მეტ სამქულიანს ისვრის, ვიდრე ორქულიანს. ამ სეზონში თამაშში იგი საშუალოდ 10.5 სამქულიანს ისვრის და 9.3 ორქულიანს. კარის შემთხვევაში მთავარი არა რაოდენობა არამედ ხარისხია. NBA-ში იდეალური სროლის სტანდარტად მიიჩნევა ე.წ. 50-40-90 სტანდარტი - ანუ როცა მოთამაშე 50 პროცენტით ისვრის ორქულიანებს, 40 პროცენტით სამიანებს და 90 პროცენტით ჯარიმებს.

ამ სტანდარტს მთელი NBA-ს ისტორიის მანძილზე მხოლოდ 7 მოთამაშე აკმაყოფილებდა (ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი, რეჯი მილერი, დირკ ნოვიცკი, სტივ ნეში, მარკ პრაისი და კევინ დურანტი). სტეფ კარი არა მხოლოდ ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, არამედ თითქმის 50 პროცენტით ისვრის სამქულიანებს.

ამ სეზონში მისი სამქულიანების თითქმის ნახევარი (48.1 პროცენტი) ზუსტია, ორქულიანებიდან კი იგი 54.5 პროცენტით ისვრის. კარი ნათელი მაგალითია, რომ სამქულიანი სროლებით უფრო ადვილია ქულების დაგროვება - სტეფი თამაშში დაახლოებით 10-10 სამქულიანსა და ორქულიანს ისვრის, ორქულიანიდან ოდნავ უკეთესი პროცენტი აქვს, თუმცა რადგან სამი ქულა მეტია ვიდრე ორი - მას წელს სამიანების შედეგად თამაშში 15 ქულა აქვს, ორიანებიდან კი მხოლოდ 10.4.

სტეფ კარიმ და გოლდენ სტეიტმა არა მხოლოდ ხელი შეუწყეს NBA-ში სამქულიანების პოპულარობას, არამედ შეცვალეს კიდეც სივრცის გაგება.

კარი სამქულიანებს ბევრად შორიდან ისვრის (და აგდებს), ვიდრე ეს აქამდე, რომელიმე მოთამაშეს გაუკეთებია. სტეფ კარის დაცვა მაშინვე უნდა დაიწყო, როდესაც იგი ბურთიანად ცენტრს სცდება. მოწინააღმდეგესაც უწევს, რომ ამოვიდეს და თავისი ფარის დაცვა ბევრად უფრო გრძელი დისტანციიდან დაიწყოს. ეს კი აჩენს დამატებით სივრცეს სხვა მოთამაშეებისთვის - მათ შორის ადვილი ხდება სამწამიანში შესვლა და იოლი ორი ქულის დაგროვება - დაცვა სამწამიანში კი არ არის გამაგრებული, არამედ პერიმეტრზეა ამოსული.

თანამედროვე კალათბურთში ბევრად მეტ სივრცეს იყენებენ

ფოტოზე #1, რომელშიც გოლდენ სტეიტი -ოკლაჰომას სერიაა, კალიფორნიელთა 3 მოთამაშე პერიმეტრზე დგას და მზად არის სამიანი ისროლოს. თამაში უფრო მეტ სივრცეზეა გაშლილი. ფოტოზე #2 კი, რომელზეც 1987 წელს ლარი ბერდის ლეგენდარული ბოსტონ სელტიკსი აიზია ტომასის დეტროიტ პისტონსს ეთამაშება, ჩანს, რომ ყველა მოთამაშე პერიმეტრს შიგნით დგას, არავინ ფიქრობს სამქულიანზე გამოსვლას და, შესაბამისად, თამაში უფრო პატარა სივრცეში მიმდინარეობს.. გოლდენ სტეიტის მაგალითს მთელი ლიგა მიყვება. შეტევის აქცენტი სწორედ სამქულიან სროლებზე კეთდება.

გადაშენების პირას მყოფი Big Men-ები

თანამედროვე ლიგაში ცენტრების ადგილი თანდათანობით აღარ რჩება. თითქმის 15 წელია, შაქილ ონილის შემდეგ ლიგას დომინანტი ჩამყრელი ცენტრი აღარ ჰყოლია. ბოლო ნომინალური ცენტრი, რომელიც სუპერვარსკვლავად მიიჩნეოდა დუაიტ ჰოვარდი იყო ორლანდო მეჯიქში თამაშის დროს.

ცენტრების გავლენა თამაშზე ნელ-ნელა მცირდება. ეს ბოლო წლების ტენდენციაა და მხოლოდ გოლდენ სტეიტს არ უკავშირდება. სამქულიანების რაოდენობისა და მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, პარკეტზე ცენტრის მნიშვნელობაც იკლებს. ნომინალური ცენტრი ის მოთამაშეა, რომელსაც სამწამიანის დაცვა ევალება - ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია.

გოლდენ სტეიტს დომინანტი ცენტრი არასოდეს ჰყოლია, თამაშის დიდ ნაწილს კი ისინი საერთოდ ცენტრის გარეშე ე.წ. მსუბუქი ხუთეულით თამაშობენ, რომელშიც ყველა მოთამაშეს შეუძლია სროლა. გოლდენ სტეიტის მსუბუქი ხუთეულის წინააღმდეგ არამობილური ცენტრის ყოლას დამცველი მხარისთვის აზრი აქვს - კალიფორნიელებს საერთოდ არ სჭირდებათ სამწამიანში შემოსვლა, მათ შეუძლიათ პერიმეტრიდან სამქულიანებით ისე შემოუტიონ, რომ სამწამიანში გამაგრებულ მეტოქის ცენტრს საერთოდ არაფერი საქმე არ ჰქონდეს.

შემთხვევითი არ არის, რომ შარშან დასავლეთ კონფერენციის ფინალში გოლდენ სტეიტთან თამაშის გადამწყვეტ მომენტებში ხშირად არ თამაშობდა ჰიუსტონის ცენტრი და მისი ერთ-ერთი ლიდერი კლინტ კაპელა. როგორც კი მასიური კაპელა პარკეტზე იყო, ჰიუსტონი გოლდენ სტეიტისგან თავს ვეღარ იცავდა. კაპელასაც სერიის მნიშვნელოვანი ნაწილის სათადარიგო სკამზე გატარება მოუწია.

როგორც უკვე აღვნიშნე, თანამედროვე თამაში უფრო სწრაფი ხდება. ათლეტური და მაღალი ცენტრებისთვის ადვილი არ არის სწრაფად თამაში და წინ და უკან სირბილი. ცენტრების გარეშე თამაში ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თამაშის სისწრაფის ზრდას განაპირობებს. როდესაც პარკეტზე ყველა მოთამაშეს შეუძლია ბურთის ტარება და პასის მიცემა, შეტევაში სწრაფად გადასვლაც პრობლემა აღარ არის.

მაგალითად, გოლდენ სტეიტის შემთხვევა - თავის ფარზე ბურთის მოხსნის შემდეგ კალიფორნიელებს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადასატანად არ სჭირდებათ აუცილებლად მოძებნონ სტეფ კარი - მათი ნომინალური გამთამაშებელი. დურანტიც, გრინიც, ტომპსონიც, ლივინგსტონიც და ბუნებრივია კარიც იმდენად კარგად ფლობს ბურთს, რომ შეუძლია ეგრევე, სწრაფ ტემპში, შეტევაზე გადავიდეს. თანამედროვე ხუთეულები უფრო სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეებისგან შედგება.

როგორ ქრება Offensive Rebound

კლასიკური ცენტრების გაქრობა და ახალი წესები თამაშში განაპირობებს, რომ წლიდან წლამდე NBA-ში უფრო და უფრო ნაკლებ აქცენტს აკეთებენ შეტევაში გაკეთებულ მოხსნაზე. დომინანტი ცენტრის გარეშე შეტევაში მოხსნა რთულია. წელს ლიგამ წესები შეცვალა და მეტოქის ფარზე გაკეთებული მოხსნის შემდეგ გუნდს უწინდელი 24 წამის ნაცვლად მხოლოდ 14 წამი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში უფრო დინამიური  და სწრაფი ხდება და უფრო მეტი პოზიციაა და ამავე დროს გუნდებს აღარ აქვთ რა სრულფასოვანი შეტევის ქონის იმედი, ნაკლებ აქცენტს აკეთებენ შეტევაში მოხსნის გაკეთებაზე.

მეტოქის ფარზე მოხსნების რაოდენობა მცირდება

სროლის შემდეგ თითოეული გუნდი ცდილობს მალევე დაუბრუნდეს თავის ნახევარს, რათა მეტოქეს სწრაფი შეტევის საშუალება არ მისცეს.

რატომ ვეღარ იქნებოდა დღეს კობი კობი

კალათბურთის თანამედროვე მაყურებელზე კობი ბრაიანტმა ალბათ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოკლედ, რომ ვთქვათ - ჩვენ კობის თაობა ვართ. კობის თამაშმა ჩვენი საკალათბურთო ესთეტიკა ჩამოაყალიბა.

თუმცა, დღევანდელ ლიგაში კობი ვეღარ ითამაშებდა ისე, როგორც მას სჩვეოდა და როგორც ჩვენ მოგვწონს. 90-იანების და 2000 -იანების კალათბურთი შეტევაში სუპერვარსკვლავების იზოლაციის ლიგაა. სწორედ ეს იყო ჯორდანის და კობის თამაში. ანუ როდესაც გუნდის მთავარი ვარსკვლავი იღებს ბურთს ხელში და დამოუკიდებლად, მარტო, უტევს. თუკი კობი ბრაიანტის თამაშს თანამედროვე სტატისტიკას მოვარგებთ, მას არცთუ ისე კარგი შედეგები ექნებოდა.

კობი ბრაიანტის კარიერული სტატისტიკა

კობი თანამედროვე სტანდარტისთვის ზედმეტად დიდხანს იჭერდა ბურთს, ანელებდა ტემპს, უტევდა მარტო, ბურთის მოძრაობის გარეშე და არცთუ ისე მაღალი პროცენტით (32.9) ისროდა სამიანებს. თუკი გოლდენ სტეიტი მთელი მისი ვარსკვლავებით გუნდური სინქრონული მოძრაობის ეტალონია, კობი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეუტიო მარტო, ბურთის მოძრაობის გარეშე. დღეს ამ სტილში წარმატებით მხოლოდ ერთი გუნდი და ერთი მოთამაშე თამაშობს - ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონ როკეტსი, რომელიც თამაშის ტემპს აგდებს და ჰარდენის იზოლაციით უტევს.

ლეიკერსი ყველაზე ხშირად და არაეფექტურად უტევდა იზოლაციით

2004/2005 წლების სეზონიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ლიგას იზოლაციების დამოუკიდებელი სტატისტიკა აქვს, მხოლოდ სამი გუნდი იყო, რომელიც თავისი შეტევების 10 პროცენტზე მეტ შემთხვევაში იზოლაციით უტევდა - კობის ლეიკერსი (2006/2007), ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონი (2017/2018) და კაირის და ლებრონის კლივლენდი (2016/2017).

სამივე ამ გუნდს შორის ყველაზე კარგი ჩაყრის მაჩვენებელი სწორედ ჯეიმს ჰარდენს და ჰიუსტონს აქვს - შეტევაში საშუალოდ 1.12 ქულა, ბევრად მეტი ვიდრე საშუალოდ სტანდარტი. კობის ლეიკერსი კი სტატისტიკურად იზოლაციების შედეგად უფრო ნაკლებს ყრიდა (0.97 ქულა შეტევაში), ვიდრე ლიგის საშუალო სტანდარტია. კობის რომ დღეს ეთამაშა, ალბათ მოუწევდა თამაშის სტილის შეცვლა.

პოზიციების მნიშვნელობის შემცირება

თუკი სულ რამდენიმე წლის წინ კალათბურთში მკვეთრად გამოკვეთილი პოზიციები არსებობდა, დღეს ტენდენცია იცვლება - თითოეულ მოთამაშეს მოეთხოვება, რომ ყველაფერი შეეძლოს - სროლაც, დაცვაც, პასის მიცემაც და ა.შ. გოლდენ სტეიტმა მოდაში შემოიყვანა ე.წ. მსუბუქი ხუთეულები, რომელიც ხუთი ისეთი მოთამაშისგან შედგება, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ და უპრობლემოდ ცვლიან პოზიციებს.

გოლდენ სტეიტის ყველაზე ძლიერი მხარეც ეს არის. კალიფორნიელების თითქმის ყველა მოთამაშეს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის შესრულება შეუძლია და ისინი ისე ცვლიან პოზიციებს, რომ თამაშის ხარისხი არ ვარდება - ყველა ისვრის, ყველას შეუძლია დაცვაში თამაში, თითოეულს შეუძლია ბურთი წამოიღოს - მოკლედ, ეს არის კოლექტიური კალათბურთი.

ახალი წესები ლიგაში

ზაფხულში ლიგაში წესები შეცვალეს. დაცვის დროს თუნდაც მცირე შეხება ჯარიმით ისჯება. ლიგა დაინტერესებულია, რომ NBA-ში სწრაფი და შედეგიანი თამაში იყოს, რომელიც გულშემატკივარს მიიზიდავს. 90-იანების ტიპიური კალათბურთი ბევრი ბრძოლით, დაცვით და ათლეტიზმით, როცა გუნდებს უჭირდათ 80 ქულას გადასცდენოდნენ, ნეიტრალური მაყურებლის ინტერესს ნაკლებად იზიდავდა. ლიგას უნდა, რომ 82 თამაშიანი გრძელი სეზონი ყურებადი პროდუქტი იყოს. შესაბამისად, წესები მუდამ შემტევი კალათბურთის სასარგებლოდ იცვლება. წესების ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა.

სულ რამდენიმე წლის წინ, სანამ გოლდენ სტეიტი ლიგის უძლიერესი გუნდი გახდებოდა, მათი პერსპექტიული და ახალგაზრდული გუნდი სან ანტონიოს შეხვდა პლეი ოფში. ეს იყო კარის პირველი სერიოზული საპლეიოფო გამოცდა. გოლდენ სტეიტმა და კარიმ უპირობო ფავორიტი სპურსი აწვალა. 2-2-ზე მეხუთე გადამწყვეტ შეხვედრაში სან ანტონიომ სტეფ კარის პრობლემა ძალიან უბრალოდ გადაჭრა - ტექსასელები არცთუ ისე ათლეტურ კარის ხისტად, უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ. კარიმ მუხლი იტკინა და სან ანტონიომ მოიგო, როგორც თამაში, ისე მთლიანად სერია. დღეს უკვე დაცვაში ისე ხისტად თამაში, როგორც სან ანტონიო მაშინ თამაშობდა, აღარ გამოვა. კარის დღეს ამ ტიპის თამაშის გამო ძალიან ბევრ საჯარიმო სროლებს მისცემდნენ.

კარმელო ენტონი - ძველი კალათბურთის სიმბოლო

სულ ცოტა ხნის წინ ჰიუსტონმა, ფაქტობრივად, უარი თქვა კარმელო ენტონის გამოყენებაზე. ბოლო სამ სეზონში ჰიუსტონი მესამე გუნდია, რომელიც ენტონის შეელევა. კარმელო ბოლო 15 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. დრო იყო, მას ლებრონის შემდეგ ლიგის მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ. რა არის კარმელოს პრობლემა? რატომ აღარ სჭირდებათ იგი გუნდებს?

დღეს კარმელო ენტონი ვეტერანია, თუმცა 34 წლის ასაკშიც კი ახერხებს, რომ მაღალი კლასის კალათბურთი ითამაშოს და კარგი სტატისტიკა ჰქონდეს. პრობლემა ის არის, რომ ენტონი დღეს ისე თამაშობს, როგორც 10 წლის წინ თამაშობდა. ენტონი დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში იზოლაციით ანუ ერთი ერთზე შეტევის დროს. იზოლაციით შეტევის დროს ენტონი ერთ პოზიციაში საშუალოდ 1.14 ქულას აკეთებს ანუ უფრო მეტს, ვიდრე NBA-ს საშუალო სტანდარტია. ნიუ იორკში თამაშის დროს ენტონის საშუალოდ თამაშში 5.3 იზოლაცია ჰქონდა და ამ მაჩვენებლით ლიგაში მესამე იყო ჯეიმს ჰარდენის და რასელ ვესტბრუკის შემდეგ.

ენტონისთვის სახასიათო გრძელი ორქულიანი

იზოლაცია მისი საყვარელი შეტევაა - ენტონი იღებს ბურთს, აჩერებს და შემდეგ მარტო უტევს. დღეს ამ ტიპის კალათბურთს არავინ აღარ თამაშობს - ბურთის მოძრაობა და კოლექტიური შეტევაა მოთხოვნადი და არა იზოლაცია. ენტონის, შესაძლოა, კარგი ციფრები ჰქონდეს, მაგრამ იგი გუნდის მთელ თამაშს ანგრევს.

ენტონი არასოდეს ყოფილა ისე ათლეტური, რომ ვესტბრუკივით სტაბილურად შესულიყო სამწამიანში. მან სამქულიანის სროლა იცის, მაგრამ ჯეიმს ჰარდენივით ვერ ისვრის. ენტონის საყვარელი სროლა გრძელი ორქულიანია, დაახლოებით 4-5 მეტრიდან, ანუ სროლა, რომელიც დღეს ლიგაში ყველაზე ცუდ სროლად მიიჩნევა. ენტონის ამ ტიპის სროლების ნორმალური პროცენტი აქვს - მისი გრძელი ორქულიანების 41.6 % ზუსტია, მაგრამ ისევ და ისევ არცერთი სერიოზული გუნდი არ ააწყობს თამაშს ენტონიზე ანუ არ ითამაშებს არასწორ და არაფექტურ კალათბურთს.

ენტონი ისევ იგივე კალათბურთელია, რაც 10 წლის წინ იყო, თუმცა კალათბურთი შეიცვალა და ენტონის თამაში იგივე დარჩა. დღეს კარმელო ენტონი ლიგაში არცერთ სერიოზულ გუნდს აღარ სჭირდება.

ევროპელები

ახალი წესები და ახალი ტიპის თამაში NBA-ში უფრო მეტად გზას უხსნის ევროპელებს. ევროპული კალათბურთი უფრო კოლექტიურია და მთელი გუნდით შეტევის ორგანიზებას გულისხმობს. თანამედროვე NBA-შიც აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება - ის დრო, როდესაც სუპერვარსკვლავები იზოლაციით მარტო უტევდნენ და დანარჩენები თავს იცავდნენ წარსულს ჩაბარდა.

მთავარი განსხვავება, რაც ევროპელი კალათბურთელების NBA-ში ადაპტაციას უწყობს ხელს, ლიგაში ათლეტიზმის ხარისხის კლებაა. აფროამერიკელები ყოველთვის უფრო ათლეტურები იყვნენ, ვიდრე ევროპელები - დღეს ახალი წესებით ხისტი თამაში ჯარიმით ისჯება, შეტევის დროს უპირატესობა სამქულიან სროლას ენიჭება და არა ფარქვეშ ათლეტიზმის ხარჯზე ბრძოლას ორი ქულისათვის. ეს კი ევროპელებს ეხმარება, რომ იოლად დამკვიდრდნენ ლიგაში.

შეიცვალა დამოკიდებულებაც. სეზონის სტარტზე ლიგის ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა ფურორი მოახდინა - 19 წლის სლოვენიელი ისე თამაშობს თითქოს მთელი ცხოვრება ლიგაში ჰქონდეს გატარებული.

ლუკა დონჩიჩის წლევანდელი სტატისტიკა

შედარებისთვის, 19 წლის კობი თამაშში საშუალოდ 15.4 ქულას ყრიდა. 15 ან 20 წლის წინ, შესაძლოა, რომელიმე კევინ გარნეტს ან რაშიდ უოლასს დონჩიჩისთვის ზედმეტად ხისტი და უხეშობის ზღვარზე თამაშით თავისი შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზების საშუალება არ მიეცა.

NBA-ს ძირძველ და ტრადიციულ მაყურებელს ახალი ტიპის თამაში არ მოსწონს. ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე კობი ბრაიანტის იზოლაციებს და დეტროტელ Bad Boys-ს უყურებდნენ, ლიგის ახალ სტანდარტს ხშირად აკრიტიკებენ. თუმცა NBA-ს ხელმძღვანელობას სურს, რომ კალათბურთი უფრო მარკეტინგული პროდუქტი იყოს და ახალ ბაზრებზე გავიდეს. ამისთვის ლიგის ხელმძღვანელობა ცდილობს თამაშში უფრო მეტი სანახაობრივი და გასართობი ელემენტი შემოიტანოს ანუ ბრძოლა შეცვალოს Entertainment-ით. ახალი კალათბურთი არა აფროამერიკული არამედ, მთელი მსოფლიოს თამაში უნდა იყოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები