Thumbnail
  • ლეიკერსმა სან ანტონიო დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
  • ლებრონ ჯეიმსმა ისევ გადამწყვეტი როლი ითამაშა
  • სუპერვარსკვლავის სტატუსი სტეფ კარიმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა
  • ფინალის რე-მატჩში გოლდენ სტეიტმა კლივლენდს მოუგო

ლებრონ ჯეიმსმა ბრწყინვალე თამაშით ლეიკერსს მორიგი მატჩი მოაგებინა. ლოს ანჯელესელებმა სან ანტონიო 121:113 დაამარცხეს, რაც მათთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. ლებრონმა 42 ქულით, 5 მოხსნითა და 6 პასით ‘იფრინა’. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც დრამატული გამოვიდა და ის სწორედ ლებრონმა გადაწყვიტა! “მეფემ” მეოთხე პერიოდში 20 ქულა ჩააგდო! ჯეიმსის შემდეგ ყველაზე შედეგიანი კაილ კუზმა გახლდათ - 22 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით. სან ანტონიოს მხრიდან საუკეთესო დემარ დეროზანი იყო - 32 ქულით.

მატჩის შემდეგ სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ჟურნალისტებმა წყობიდან გამოიყვანეს. კითხვაზე, რატომ დარჩა მისი გუნდი ბოლოსწინა ადგილზე, ლეგენდარულმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: “ლებრონ ჯეიმსის თამაში ნანახი გაქვთ? ის ლებრონია! მის წინააღმდეგ თამაშისას თავი დაცვა უკიდურესად რთულია!”

სტეფ კარიც დაბრუნდა!

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, დეტროიტთან 27 ქულით და წაგებით დაბრუნდა, მერე ატლანტასთან უკვე მოიგო და 30 ქულა ჰქონდა, ახლა კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტეფ კარი სრულფასოვნად დაბრუნდა!

კლივლენდთან 129:105 მოგებულ მატჩში კარიმ 42 ქულა ჩააგდო! მისი 9 სამქულიანი იყო ზუსტი და გარდა ამისა, 9 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა.

NBA-ს ფინალის რემატჩის ბედი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ადვილად გადაწყდა, რადგან ‘ეს ის კლივლენდი აღარ არის’. კარისთან ერთად, შესანიშნავი იყო კევინ დურანტი, რომელსაც 25 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ NBA-ს მოქმედი ჩემპიონი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები