Thumbnail

'ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს' - მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი კარიერაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველი ფორვარდის ორი კარგი თამაში NCAA-ში
  • მომდევნო მატჩს სეტონ ჰოლი 'მედისონ სკვერ გარდენში' გამართავს

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა WOODEN LEGACY-ის ტურნირის მოგების შემდეგ, NCAA-ში რეგულარული სეზონის ორი მატჩი ნიუ არკში გამართა. ჯერ ლუისვილთან 65:70 დამარცხდა, შემდეგ კი ნიუ ჰემპშირი 20 ქულის სხვაობით დაამარცხა - 77:57. 

ქართველმა ფორვარდმა ორივე თამაშში კარგად ითამაშა - ლუისვილთან 30 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 დაფარება და 1 პასი მიითვალა. 

ნიუ ჰემფშირთან სანდრო ვერ გააჩერეს: 30 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა ქვინსი მაკნაითმა ჩააგდო - 18 ქულა. 

Prudential Center-ში სეტონ ჰოლმა 1 500-ე გამარჯვება იზეიმა, ხოლო სეტონ ჰოლის თავკაცმა კევინ უილიარდმა კარიერაში მე-200 მოგება მიითვალა. 

ეს იყო სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი კარიერაში და ასევე პირველი ორმაგი დუბლი ამ სეზონში სეტონ ჰოლის მოთამაშეებისთვის.  ამ შეხვედრას Prudential Center-ში 3 ათასი ფანი დაესწრო. 

მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა app.com-ს კომენტარი მისცა: "გასული სეზონი ჩემთვის სწავლისა და გამოცდილების მიღების წელი იყო, რადგან გუნდში ვიყავი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის, ანხელ დელგადოს შემცვლელი ვიყავი. ვარჯიშზეც კი ყოველი ჩემი შეჯახება მასთან, ჩემთვის ცუდად სრულდებოდა. მაგრამ რაც მან ვარჯიშებზე მასწავლა, ყველაფერი გამომადგა წლეულს, მისი წყალობით ფარიდან ბურთს უკეთესად ვხსნი. ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა".

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ში: 10.8 ქულა, 9.0 მოხსნა თამაშში

ანხელ დელგადო ახლა კლიპერსის G ლიგის გუნდში თამაშობს. სანდრო მამუკელაშვილს ამ სეზონში საშუალოდ 10.8 ქულა, 9.0 მოხსნა აქვს 31 წუთში. სანდრო საშუალოდ 50.0%-იანი სიზუსტით ისვრის და ის გუნდის ლიდერია დაფარებების რაოდენობით. 

14 ქულა და 11 მოხსნა ნიუ ჰემფშირთან

"გასულ სეზონში ასეთი თვითრწმენაც არ მქონდა, რადგან დრო მცირე მეძლეოდა. ახლა მწვრთნელს ჩემი სჯერა, მე კი მინდა, რომ ყოველთვის დავუმტკიცო მას, რომ ტყუილად არ აქვს ჩემი იმედი", - განაცხადა მამუკელაშვილმა.

კევინ უილიარდი (სეტონ ჰოლის მწვრთნელი): "რაც მეტ წუთს ვაძლევ სანდროს, ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და ეს განსაკუთრებით მის შეტევაში გაუმჯობესებულ თამაშში აისახება. ის მართლაც ძლიერია მოხსნებში. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა მეტოქის ფარზე მოხსნისას. მეორე ნახევარში ეს კარგად გამოვიყენეთ".

მაილ კეილი (სეტონ ჰოლი): "სანდრო ის პერსონაა, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდება, მოედანზე ის ყველაფერს აკეთებს". 

კევინ უილიარდიც ეთანხმება ამ შეფასებას: "ვფიქრობ, რომ სანდრო მოედანზე ცოტ-ცოტა ყველაფერს აკეთებს. სანდრო ძირითადად კარგად თამაშობს დაცვაში, არ ვამბობ, რომ ის შესანიშნავია - უბრალოდ, ბევრ ელემენტს საკმაოდ მაღალ დონეზე აკეთებს". 

8 დეკემბერს სეტონ ჰოლს სერიოზული გამოცდა ელის, NCAA-ს რეიტინგში მე-9 გუნდ კენტაკის ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" ხვდება. 

სეტონ ჰოლი V ნიუ ჰემფშირი (ჰაილაითები)

კომენტარები

ბოლო ამბები