Thumbnail

საქართველოსთან წაგების გამო - ლატვიელებმა მწვრთნელი გაუშვეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიქსუ პაატელაინენი ლატვიის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება
  • ფინელი ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებთან წაგებების გამო გაუშვეს

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მიქსუ პაატელაინენი ლატვიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ლატვიელები 51 წლის ფინელ სპეციალისტს კონტრაქტს არ უგრძელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაატელაინენისა და ლატვიის ნაკრების გზები ახალი წლიდან გაიყოფა.

ფედერაციის განცხადებით, გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ლატვიური მედიის ინფორმაციით, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს აღარ სურდა. მიქსუ პაატელაინენმა ლატვიის ნაკრები მაისში ჩაიბარა - მას მიზნად ერთა ლიგაში წარმატება დაუსახეს. მაისშივე ცნობილი იყო, რომ თუ ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია ფინელის მუშაობით კმაყოფილი იქნებოდა, ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ტრადიციულ შესარჩევ ციკლშიც ის უხელმძღვანელებდა.

პაატელაინენი და ვაისი რიგაში გამართული მატჩს დროს, რომელიც საქართველომ 3:0 მოიგო
ფოტოები: POPSPORT.COM

ლატვიის ნაკრებმა ერთა ლიგის D1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ორივე მატჩი წააგო (0:1 თბილისში, 0:3 რიგაში), დანარჩენი ოთხივე მატჩი კი (ყაზახეთთან და ანდორასთან) ფრედ დაასრულა. ერთა ლიგის გარდა, პაატელაინენმა ლატვიის ნაკრებს 3 მატჩში უხელმძღვანელა. საერთო ჯამში, ფინელის ხელში ლატვიამ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო - ეს იყო სადებიუტო მატჩი ესტონეთთან (1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები