Thumbnail
  • ვიტესმა გურამ კაშიას არნემში ვიზიტს ვიდეო მიუძღვნა
  • ექს-კაპიტანი არნემელთა განსაკუთრებულ სიყვარულზე საუბრობს

გასული შაბათ-კვირა არნემში გურამ კაშიას დღეები იყო. ყოფილ კაპიტანს, რომელმაც ვიტესში 8 წელი ითამაშა (2010-2018) და 244 მატჩში 20 გოლი გაიტანა, არნემელებმა ემენთან მატჩის შესვენებაზე საზეიმო, ემოციური გაცილება მოუწყვეს, მერე კი ირმების 67 ჰექტარზე გაშენებული პარკის ერთ-ერთ ბინადარს, ყველაზე ასაკოვან და ჯგუფის ლიდერ ირემს ქართველი ფეხბურთელის სახელი დაარქვეს.

ვიტესმა კაშიას ვიზიტს ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც ახალი კადრების გარდა, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის საინტერესო ინტერვიუა.

“აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ულამაზეს პარკში ირმები სეირნობენ ხოლმე და ერთ-ერთ ირემს, რომელიც ყველაზე ასაკოვანი და ჯგუფის ლიდერია, გურამი დაარქვეს. ეს ძალიან მაგარი რამეა. ახლა კიდევ ერთი მიზეზი მექნება, რომ აქ მოვიდე ხოლმე და ვნახო,” - ამბობს კაშია ვიდეო-ინტერვიუში.

გურამი ვიტესში გატარებული 8 წლის საუკეთესო მომენტსაც იხსენებს: “აქ გატარებული დროის მთავარი ჰაილაითი ჰოლანდიის თასის ფინალი იყო. ეს ალბათ კლუბის ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. ჩვენ ეს შევძელით! მოვიგეთ ტიტული და ყველა გავახარეთ. ეს იყო პირველი ტიტული კლუბისთვის და ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემთვისაც, როგორც გუნდის კაპიტნისთვის. ეს იყო საოცარი მომენტი - ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ჰაილაითი.”

ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე - როგორ დავიმსახურე არნემელთა ასეთი სიყვარული?

8 წელი ერთ კლუბში - ეს საკმაოდ ბევრია. კაშია: “აქ თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი და სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ვიტესში ამდენი წელი გავატარე. ეს ყველაფერი ყველა მწვრთნელის, მთელი მენეჯმენტის და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ვიტესში მუშაობდნენ და მუშაობენ. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს მნიშვნელობას და ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც აქ დიდხანს დავრჩი.”

გურამმა ვიტესის გულშემატკივრების განსაკუთრებულ სიყვარულზეც ისაუბრა: “ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე - როგორ დავიმსახურე არნემელთა ასეთი სიყვარული? ეს საოცარი ამბავია და ამ კითხვაზე ჯერაც არ მაქვს სრული პასუხი. შეიძლება იმიტომ, რომ თავდაუზოგავად ვშრომობდი. შესაძლოა, იმის გამო, რომ ყოველთვის ვიყავი იმ ხალხთან, ვისაც ვჭირდებოდი. განსაკუთრებით ფანებთან ყოველთვის გახსნილი ვიყავი და ალბათ ამან მომანიჭა ასეთი პოზიცია. ვხედავ, რომ ხალხი მენდობა, სჯერათ ჩემი და ეს ჩემთვის ძალიან მაგარი რამეა. მინდა, მათ ვუთხრა, რომ იმედებს არასდროს გავუცრუებ.”

📺 ვიტესის ვიდეო გურამ კაშიაზე

როგორც ვიდეო-ინტერვიუში ამბობს, რომელიც ემენთან მატჩამდეა ჩაწერილი, შაბათი ძალიან ემოციური გამოვიდა. ქართველმა კაპიტანმა, რომელიც არნემში განსაკუთრებით უყვართ, მისთვის მიძღვნილი უდიდესი ბანერის აღმართვისას ცრემლები ვერ შეიკავა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები