Thumbnail
  • რეალის პრეზიდენტი სუპერვარსკვლავებს კოპა ლიბერტადორესის ფინალზე იწვევს
  • შესაძლოა, სანტიაგო ბერნაბეუს VIP-ლოჟაში მესი და რონალდო ერთად ვიხილოთ  

იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი შესაძლოა კოპა ლიბერტადორესის საპასუხო ფინალურ მატჩს დაესწრონ, რომელსაც მადრიდი უმასპინძლებს. ამის შესახებ AS იუწყება, რომლის ცნობით, ასეთი ჩანაფიქრი რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აქვს, რომელსაც "ოქროს ბურთის" გარეშე დარჩენილი სუპერვარსკვლავების მიწვევა რივერ პლეიტისა და ბოკა ხუნიორსის დაპირისპირებაზე სურს. 

კოპა ლიბერტადორესის საპასუხო ფინალური შეხვედრა 24 ნოემბერს, ბუენოს-აირესში, "მონუმენტალზე" უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ადგილობრივი ქომაგების მიერ სტუმარი ფეხბურთელების ავტობუსზე თავდასხმის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. ინციდენტის შედეგად რივერის რამდენიმე ფეხბურთელი დაზარალდა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) კი მისი ჩატარება საბოლოოდ 9 დეკემბერს, მადრიდში გადაწყვიტა.

პერესს სურს, რომ რონალდოს და მესის პატივი, როგორც ლეგენდარულ ფეხბურთელებს მიაგოს და ისინი "სანტიაგო ბერნაბეუს" VIP-ლოჟაში გვერდიგვერდ დასვას. იდეას მხარი დაუჭირა კონმებოლმა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ.

თუ ასე მოხდა, რონალდოსთვის ეს პირველი სტუმრობა იქნება მადრიდში მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს რეალი დატოვა და იუვენტუსში გადაბარგდა. როგორც ირკვევა, ლიონელ მესიმ უკვე გამოთქვა მატჩზე დასწრებაზე თანხმობა.

მაგრამ გამორიცხული არაა, რივერი-ბოკას დაპირისპირება არც მადრიდში ჩატარდეს. ცოტა ხნის წინ რივერ პლეიტმა განცხადება გაავრცელა, რომ სათამაშოდ ესპანეთში ჩასვლას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები