Thumbnail
  • "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა
  • ლუკა მოდრიჩს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბევრი არ აღიარებს 

ახლახან გამართულ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას, სადაც 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დასახელდა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება აქვს. ბევრის აზრით, 32 წლის ხორვატი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ათწლიანი ერა დაასრულა, ჯილდოს ნაკლებად იმსახურებდა.

მეტი ამ თემაზე: 

როგორც წესი, მწვავე კრიტიკითა და ირონიით გულშემატკივრები უფრო გამოირჩნენ. ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები ზომიერებას კი ინარჩუნებენ, მაგრამ შეფარვით მაინც სვამენ შეკითხვას: როგორ გახდა France Football-ის ჯილდოს მფლობელი ფეხბურთელი, რომელმაც დათმო მუნდიალის ფინალი.

ვნახოთ, რას წერენ წამყვანი ევროპული გამოცემები:

RMC: "წელს არაფრანგული "ოქროს ბურთი" მივიღეთ. მიუხედავად ნაკრების გამარჯვებისა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მიუხედავად "სამფეროვანთა" არაერთი ლიდერის ბრწყინვალე გამოსვლისა კლუბებში, სამეულში მხოლოდ ერთი ფრანგი - ანტუან გრიზმანი მოხვდა. შორს ვართ სრულებით ფრანგული პოდიუმის მოდელისა, რომლის პროგნოზსაც როლან კურბისი აკეთებდა - ვარანი, გრიზმანი, მბაპე. და რა თქმა უნდა, მესისა და რონალდოს ეპოქის შემდეგ, უფრო გუნდური მოთამაშის ხილვა გვსურდა, როგორც ეს ჩავისა და ინიესტას დროს, 2010-ში იყო".
 

Marca: "თაღლითები მთელ მსოფლიოში არიან მოდებულნი. ისინი ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს გამოჩდნენ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს. მაშინ ლუკა მოდრიჩი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რომელმაც რონალდოს აჯობა. ადამიანებმა ამაში შეთქმულება დაინახეს. საინტერესოა. მოვიდა რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატი, შეიცვალა მაისურის ფერი და გუნდი, მაგრამ მოდრიჩი, რომელმაც რამდენიმე კვირით ადრე მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, კვლავ ბრწყინვალე იყო. ვიღაც რაკიტიჩს გამოარჩევდა, ვიღაც - პოგბას, კანტეს, მბაპესა თუ გრიზმანს, მაგრამ უმეტესობა მაინც ხაზს იმ უდიდეს სამუშაოს უსვამდა, რომელიც ხორვატმა თავისი გუნდისთვის გასწია. ის გოლებს არ იტანდა, მაგრამ სწორედ მან გაიყვანა ხორვატიის ნაკრები ფინალში. მთელი მსოფლიო მას შეყურებდა. შედეგად, მოდრიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დასრულდა ზფხული და ხორვატი საუკეთესო ფეხბურთელი უეფას ვერსიით გახდა. ხმები მან მთელი მსოფლიოდან მიიღო - ფანატებისგან, ჟურნალისტებისგან, მოთამაშეებისგან. მაგრამ ვიღაცები ისევ ამბობდნენ, რომ ყველაფერი ჩაწყობილი იყო. შემდეგ იყო ფიფას დაჯილოდების ცერემონიალი. ის აქაც საუკეთესო იყო და ამჯერადაც მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსგან მიიღო. საინტერესოა. ის რჩეული მხოლოდ კრიტიკოსებისთვის არ იყო. ვიღაცებმა ამაში მორიგი შეთქმულება დაინახეს, რომელიც რეალმა დაგეგმა.

მოვიდა "ოქროს ბურთის" დრო. მოდრიჩი საუკეთესო გახდა 2018 წელს, მაგრამ ადამიანებს ეჭვი კიდევ უფრო გაუძლიერდათ - რაღაც ისე არაა. როდესაც ჯილდოს მესი ან რონალდო იგებდა, ისინი წუხდნენ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ვინმეს გამორჩევა უსამართლობაა. ახლა იგივე ადამიანები აყენებენ ეჭვის ქვეშ მოდრიჩის გამარჯვებას. მაგრამ როგორც არ უნდა გსურდეს, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ წელს ის მართლაც საუკეთესოა. დიახ, მას არ აქვს რონალდოს ძალა, მესის შესაძლებლობები ან გრიზმანის გენიალური პასები, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოხარული იქნებოდა თავის გუნდში მოდრიჩის ხილვით".

AS: "სიმართლე ვთქვათ, ხმისმიცემის დროს მოდრიჩი მესამე ადგილზე დავასახელე, პირველზე გრიზმანი გავიყვანე, მეორეზე კი - მბაპე. მაგრამ ახლა, როდესაც მან გაიმარჯვა, ძალიან მიხარია. ეს დამსახურებული ჯილდოა მოდრიჩისთვის - ომის შვილისთვის, რომელმაც თამაში ნანგრევებში დაიწყო. მან ყველაფერი გააკეთა მაქსიმალური შედეგისთვის. გარკვეულწილად, ამ დაჯილდოებით მოხდა იმ უსამართლობის კომპენსირება, რაც 2010 წელს ვნახეთ, როდესაც ოქროს ბურთი ვერც ინიესტამ და ვერც ჩავიმ მიიღეს. მოდრიჩი დაგვამახსოვრდა იმით, რომ მან რონალდოსა და მესის ხანგრძლივი დუეილი დაასრულა".

კრიშტიანო რონალდოს დამ, კატია ავეირუმ, რომელიც ძალიან დააღონა იმ ფაქტმა, რომ საუკეთესო წელს მისი ძმა ვერ გახდა, "ინსტაგრამში" დაწერა: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი… მათთვის, ვინც ერთკვევა ფეხბურთში".

ფაქტი უკომენტაროდ არც კრიშტიანოს მეორე დამ, ელმა ავეირუმ დატოვა, რომლის აზრით, ყველაფერში დამნაშავე მაფიაა: "სამწუხაროდ, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერს მაფია და ბინძური ფული მართავს. მაგრამ სამართლიანობა და უფლის ძალა მეტია, ვიდრე მთელი ეს სიბინძურე. სამართლიანობა გაიმარჯვებს".

ცერემონიალის შედეგებით უკმაყოფილო არაერთი გულშემატკივარი დარჩა, რომლებმაც ფაქტი შეაფასებს, როგორც:  "უდიდესი ძარცვა", "საუკუნის ხუმრობა".

"რონალდო - 55 მატჩი, 54 გოლი და 11 პასი. მესი - 54 მატჩი, 46 გოლი და 18 პასი. მოდრიჩი - 59 მატჩი, 5 გოლი და 11 პასი. აქედან მხოლოდ ერთი იმსახურებს ოქროს ბურთს".

"ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელისგან რამდენიმე თვეში იქცა მსოფლიოს ყველაზე ზედმეტად დაფასებულ ფეხბურთელად იქცა".

"რონალდოს ქომაგები: "ბიჭმა ესპანეთთან ჰეთ-თრიქი შეასრულა. ოქროს ბურთი მას ეკუთვნის". მესის ქომაგები: “ის ყველა დროის საუკეთესო, ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მოგებას ის იმსახურებს".  მოდრიჩი: "".

"მეფე მოკვდა! იცოცხლე დიდხანს, მეფეო ლუკა!"

"რას ეტყვით შვილებს 10 წლის შემდეგ, როდესაც გკითხავენ, რატომ არ აქვთ ჩავისა და ინიესტას ოქროს ბურთი და მოდრიჩს კი აქვს?"

"ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე VAR გვჭირდება".

კომენტარები

ბოლო ამბები