2018 წელს იაპონელთა ეროვნულ სპორტის სახეობა სუმოში ქართველმა ფალავანმა გაიბრწყინა - ის ლევან გორგაძეა, რომელსაც ყველა ტოჩინოშინის საბძროლო სახელით იცნობს.
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე ყველა გააკვირვა და 14-1 ბალანსით იმპერატორის თასი მოიგო. ის გახდა მხოლოდ მესამე ევროპელი, რომელმაც ბაშოს მოგება შეძლო. 2012 წლის მერე პირველად მოხდა, რომ სუპერტურნირი რიგითმა მაეგაშირამ მოიგო.
ტოჩინოშინის სამი მთავარი მიღწევა
იმპერატორის თასი მოიგო
ოძეკი გახდა
წლის ჩემპიონი გახდა
იმპერატორის თასით
იანვრის ბაშოზე ქართველმა ფალავანმა ყველა დაამარცხა (მხოლოდ დიდ ჩემპიონ კაკურიუსთან დამარცხდა) და უპრესტიჟულესი თასიც დაიმსახურა.
სუმოს იერარქიაში მეორე რანგი ოძეკის ტიტული (ჩემპიონი) მან ზედიზედ სამ ბაშოზე ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაიმსახურა - იანვარში 14 ორთაბრძოლა მოიგო, მარტში - 10, ხოლო მაისში - 13. 30 მაისს ტოჩინოშინი საზეიმოდ აიყვანეს ოძეკის რანგში, ქართველმა სუმოისტმა ფიცი დადო, რომ ღირსეული ოძეკი იქნება.
წლის ჩემპიონობა - ეს ტიტული უფრო სიმბოლურია, თუმცა კიუშუს ბაშოს დასრულებისთანავე ტოჩინოშინს სპეციალური პრიზი გადაეცა - მან 2018-ში 59 გამარჯვება იზეიმა, რაც ელიტაში ყველაზე მეტი აღმოჩნდა. მან ორი გამარჯვებით აჯობა დიდ ჩემპიონ კაკურიუს.
სხვა თასები
იმპერატორის თასის გარდა ტოჩინოშინმა წლის განმავლობაში მრავალი პრიზი მიიღო - იანვრის ბაშოზე მან ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი და ყველაზე ტექნიკური რიკიშის ტროფეი დაიმსახურა. მარტის ბაშოზე მას ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი გადასცეს, მაისში ტოჩინოშინმა ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ტექნიკური რიკიშისა და მებრძოლი სულის პრიზები მიიღო. გაზაფხულზე მან ერთდღიანი ტურნირიც მოიგო, რომელიც უფრო არაოფიციალური ტიტულია.
სუპერ 3 და არც ისე კარგი გაგრძელება
59 შეხვედრის მოგებისთვის
წლის განმავლობაში სულ 6 ბაშო იმართება, პირველ სამ ბაშოზე ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, 45 ორთაბრძოლიდან მან 37 მოიგო! აი, დარჩენილ სამ ბაშოზე კი მისი შედეგები მოკრძალებულია - 45 შესაძლებელიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 22 მოიგო. ლევან გორგაძის გამოსვლას დაღი ივლისში მიღებულმა ტრავმამ დაასვა, როცა ნაგოიას ბაშოს მე-6 დღეს მან ტერფზე მყესები გაიწყვიტა და ტურნირს შეეშვა. სექტემბერში მან ბოლომდე მოუშუშებელი ტრავმით შეძლო 9-6 ბალანსის მიღწევა და ოძეკის ტიტულის დაცვა. 6 ბაშოდან მან 5 დადებითი ბალანსით დაასრულა (1-ს კი ტრავმის გამო შეეშვა).
ტოჩინოშინი 2018
იანვარი: 14-1
მარტი: 10-5
მაისი: 13-2
ივლისი: 5-2-8
სექტემბერი: 9-6
ნოემბერი: 8-7
შემდეგი მიზანი - დიდი ჩემპიონობა
31 წლის ქართველი სუმოისტი პროფესიული სუმოს მწვერვალამდე ერთ ნაბიჯზეა - ჩემპიონის რანგის ზემოთ მხოლოდ დიდი ჩემპიონის ტიტულია (იოკოძუნა). თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა ურთულესია, 2019 წელს ტოჩინოშინმა ისეთი სუმო უნდა შემოგვთავაზოს, როგორც წლის პირველ ნახევარში, ნაგოიას ბაშოს საბედისწერო მე-6 დღეს მიღებულ ტრავმამდე გვთავაზობდა. ეს არის ლევან გორგაძის მიზანიც კარიერაში.
კომენტარები