Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • დეტროიტ პისტონსმა მოგებათა ხუთმატჩიანი სერია ოკლაჰომასთან დაასრულა
  • გოლდენ სტეიტს სტეფ კარის ხელი სტუმრად ატლანტა ჰოუქსთან დაეტყო
  • დენვერის სერბმა ცენტრმა ტორონტოში კარიერის მე-18 სამმაგი დუბლი მიითვალა 

სათამაშო დღე წარუმატებელი გამოვიდა ზაზა ფაჩულიასთვის. მისი გუნდი დეტროიტ პისტონსი (13-8) შინ ოკლაჰომა სიტი თანდერთან (15-7) დამარცხდა - 83:110 და მოგებათა ხუთმატჩიანი სერია დაასრულა. სტუმრებისთვის კი ეს მოგება ბოლო ექვსი თამაშიდან მეხუთეა.

ფაჩულიამ მოედანზე 14:09 წუთი გაატარა და გუნდს 6 მოხსნით, 2-2 პასითა და ჩაჭრით და 1 დაფარებით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს ორქულიანიდან სულ ორჯერ შეუტია და ორივეჯერ არაზუსტად. 

პისტონსის მწვრთნელი დუეინ კეისი და ზაზა ფაჩულია

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტივენ ადამსი გახდა. სტუმართა ცენტრმა 21 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლით (17 ქულა, 10 მოხსნა) პოლ ჯორჯი გამოირჩა, კიდევ 18 ქულა კი რასელ უესტბრუკმა მიითვალა.  დეტროიტში 20 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა, 13 - ანდრე დრამონდის.

დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 დეკემბერს, სტუმრად მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს.

სტეფ კარი და კევინ დურანტი ატლანტაში წარმატებას აღნიშნავენ

ჩემპიონი გოლდენ სტეიტი უორიორსი (16-9) სტუმრად ატლანტა ჰოუქსს (5-19) დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 128:111 დაამარცხა. ოკლენდელებმა, რომლებსაც სტეფ კარი წინა მატჩში დაუბრუნდათ, პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით მოიგეს (34:17) და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ კარი გახდა. გოლდენ სტეიტის მცველმა 10-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო, თამაში კი 30 ქულით დაასრულა. კევინ დურანტმა 28 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონმა - 27. ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია დრეიმონდ გრინს.

ჰოუქსის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით (24 ქულა, 11 მოხსნა) ჯონ კოლინზი გამოირჩა. 2018 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ტრეი იანგმა კი 20 ქულა მიითვალა. 

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს კლივლენდში ჩაატარებს.

211 სმ სიმაღლის სერბი რეპტორსიდან ვერავინ გააჩერა

დასავლეთის ლიდერმა დენვერ ნაგეტსმა (16-7) სტუმრად აღმოსავლეთის ლიდერ ტორონტო რეპტორსს (20-5) აჯობა - 106:103. კანადური გუნდისთვის ეს სეზონის მეხუთე მარცხია, მისი მოგებათა სერია კი რვა მატჩის შემდეგ დასრულდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. 15 ქულა ჩააგდო სერჟ იბაკამ. სტუმრები კი გამარჯვებას ნიკოლა იოკიჩის სამმაგ დუბლს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც თამაში 23 ქულით, 15 პასითა და 11 მოხსნით დაასრულა.

23 წლის სერბმა ცენტრმა, რომელმაც კარიერაში მე-18 სამმაგი დუბლი შეასრულა, ამ მაჩვენებლით მილუოკო ბაქსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდა კარიმ აბდულ-ჯაბარს (17) აჯობა. ახლა იოკიჩი NBA-ს ისტორიაში ცენტრებს შორის სამმაგი დუბლების რაოდენობით მეორე ადგილზეა, მასზე მეტი კი მხოლოდ უილტ ჩემბერლენს (77) აქვს. 

დენვერი მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს სტუმრად ორლანდოსთან გამართავს, ტორონტო კი ფილადელფიას მიიღებს.

სტუმრად მოიგო დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთმა ლიდერმა ლოს ანჯელეს კლიპერსმა (16-7), რომელსაც მეტოქედ ნიუ ორლეან პელიკანსი ჰყავდა - 129:126. მასპინძლებს ვერც ჯულიუს რენდლის 37 ქულამ, ჯრუ ჰოლიდეისა (32 ქულა, 14 პასი) და ენტონი დევისის (23 ქულა, 13 მოხსნა) დუბლებმა უშველა. კალიფორნიელთა რიგებში 27 ქულით ტობიას ჰარისი გამორიჩა, 24 ქულა ჩააგდო დანილო გალინარიმ, ხოლო ლუ უილიამსმა - 20.

კლიპერსი 6 დეკემბერს მემფის გრიზლის ესტუმრება, პელიკანსი კი დალას მავერიკსს მიიღებს.

NBA-ს სათამაშო დღის TOP 10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები