Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისრაელი დაამარცხა, 71:69. ილიას ზუსოსის გუნდმა ოვერტაიმში, მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს...

ბედნიერებისგან დავფრინავდი

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები): “პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც სპორტის სასახლეში შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ასევე, მინდა მივულოცო გამარჯვება მწვრთნელებს. მნიშვნელოვანი მოგება იყო, რადგან ჩვენ დავამარცხეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ევროლიგის მოთამაშეები ჰყავდა და რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნდება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გულშემატკივარი საუკეთესოა.

ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ბედნიერი ვარ, რადგან მოვიგეთ თამაში და გულშემატკივარი გავახარეთ. იმ მომენტში უბრალოდ დავფრინავდი ბედნიერებისგან. ეს კომბინაცია ჩვენმა მწვრთნელმა დახაზა, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი”.

გიორგი შერმადინი: 10 ქულა, 11 მოხსნა

ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): “ველოდით ასეთ მძიმე ბრძოლას. ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ჩემ თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე”.

დუდა სანაძე: 8 ქულა

თედ მაკფადენი (საქართველოს ნაკრები): “ეს იყო ძალიან მაგარი თამაში, რომელშიც საბედნიეროდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დაძაბული მატჩი. ეს იყო დიდი მატჩი და საბედნიეროდ, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები”.

თედ მაკფადენი: 9 ქულა

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები): “დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. როგორც ესტონეთში, ისე დღეს, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. თუ ამ გამარჯვებით ჩვენი შანსები გაიზრდება, შესანიშნავი იქნება”.

გოგა ბითაძე: 18 ქულა, 7 მოხსნა

კომენტარები

ბოლო ამბები