Thumbnail

'მადლობა გულშემატკივრებს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!' - ზუროსის ემოციური კომენტარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
  • ილიას ზუროსმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა და ოვერტაიმში, უმძიმეს ბრძოლაში, ისრაელის ეროვნული გუნდი 71:69 დაამარცხა. ილიას ზუროსის გუნდი ინარჩუნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა...

ვიცოდი, რომ ამაყი და მებრძოლი ხალხი იყავით

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “პირველ რიგში, მინდა მივულოცო კალათბურთელებს, რომლებმაც მთელი გულით ითამაშეს. მადლობა მწვრთნელებს და მთელ პერსონალს. ადვილი არ იყო, რომ ასეთ მოკლე დროში გუნდი ორი მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო. ასეთ ვითარებაში, ყველაზე სწორი გამოსავალია დაცვაში კარგი თამაში და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც თავის მხრივ, სერბეთს მოუგო.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მთელი თამაში გვეხმარებოდა და განსაკუთრებით ბოლო წუთებში. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი და ეს ყველა შეხვედრაში მტკიცდება. თორნიკე შენგელიამ ყველას გვაჩუქა სამაჯური, რომელსაც აწერია ქართული სული. საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძვის ყველა შეხვედრაში.

გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს. ბექა ბურჯანაძე დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა და მთელი გულით ითამაშა. გვყავს ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალ თაობას მივცეთ ასპარეზი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ”.

ილიას ზუროსი ისრაელთან მატჩის მიმდინარეობისას

 

კომენტარები

ბოლო ამბები